ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ფოტოგრაფი, რომელმაც თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა გადაიღო, დეტალებს იხსენებს

Associated Press-ის ფოტოგრაფი ბურჰან ოზბილიჩი, რომელმაც თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის ფაქტი გადაიღო მომხდარის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მკვლელი ღონისძიებაზე ელჩის გვერდით ისე იდგა, თითქოს მისი დაცვის სამსახურის თანამშრომელი იყო.

„როდესაც ღონისძიებაზე მივედი სიტყვით გამოსვლები უკვე დაწყებული იყო. მას შემდეგ, რაც რუსეთის ელჩმა ანდრეი კარლოვმა საკუთარი გამოსვლა დაიწყო, მივუახლოვდი და ფოტოების გადაღება დავიწყე. იგი ამ დროს, თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობებზე საუბრობდა. გავიფიქრე, რა მშვიდი და თავმდაბალია-მეთქი“, – აცხადებს ფოტოგრაფი.

მისი თქმით, ღონისძიება რუტინულად მიმდინარეობდა, რომელიც გახსნის ცერემონიასა და რუსი ფოტოგრაფების გამოფენას ითვალისწინებდა.

„როდესაც შავ პიჯაკსა და ჰალსტუხში გამოწყობილმა მამაკაცმა იარაღი ამოიღო, ვიფიქრე, რომ ეს ყველაფერი ღონისძიების თეატრალიზებული ნაწილი იყო. შეიარაღებული მამაკაცი ჩემს წინ იდგა და საშინლად ყვიროდა, შემდეგ კი, რუსეთის ელჩის მისამართით გაისროლა. ხალხი ყვიროდა. მათი ნაწილი იატაკზე დაწვა. მეც დაბნეული და შეშინებული ვიყავი, თუმცა კედელს ნახევრად ავეფარე და ჩემი საქმე გავაკეთე: ფოტოები გადავიღე“, – იხსენებს ბურჰან ოზბილიჩი.

ფოტოგრაფის თქმით, გასროლის შემდეგ, რუსეთის ელჩის იატაკზე დაეცა, რომელსაც სავარაუდოდ, ტყვია ზურგიდან ჰქონდა მოხვედრილი.

„რამდენიმე წამი დამჭირდა იმისთვის, რომ გამეანალიზებინა, რა მოხდა: მამაკაცი ჩემ თვალწინ გარდაიცვალა. ის სავარაუდოდ, ალეპოში მიმდინარე მოვლენების გამო იყო განრისხებული“, – აღნიშნა ოზბილიჩმა.

თურქეთში, რუსეთის ელჩზე თავდამსხმელი პოლიციის ოფიცერი იყო და ანკარაში მუშაობდა. ელჩზე თავდასხმა გუშინ, ანკარაში მოხდა. (ვიდეო)

იტვირთბა....