რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თურქეთში რუსეთის ფედერაციის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობას გამოეხმაურა:
“ჩადენილი დანაშაული – რა თქმა უნდა გამიზნული პროვოკაციაა , რომელიც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიცაზიისა და სირიის სამშვიდო პროცესის ჩაშლისკენ არის მიმართული, რომლის მოგვარებით რუსეთი, თურქეთი, ირანი და სხვა ქვეყნები აქტიურად არიან დაინტერესებულები. თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობაზე პასუხი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება იქნება. ამას დამნაშავეები საკუთარ თავზე იგრძნობენ” – განაცხადა პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან სერგეი ნარიშკინთან და უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსთან ალექსანდრე ბორტნიკოვთან შეხვედრისას.
მისივე თქმით, რუსეთში თურქეთის წარმომადგენლების დაცვას გააძლიერებს და ასევე იზრუნებს საზღვარგარეთ არსებული რუსული წარმომადგენლობის უსაფრთხოების დაცვაზე.
შეგახსენებთ, თავდასხმა ანკარაში, ფოტოგამოფენის გახსნაზე მოხდა, სადაც რუსეთის ელჩი თურქეთში, ანდრეი კარლოვი სიტყვით გამოდიოდა. მას ზურგიდან ესროლეს. გავრცელებული ცნობით, მკვლელი ანკარაში პოლიციის ოფიცერი, 22 წლის მევლუთ მერთ ალტინტასია, რომელიც სამართალდამცავებმა მოკლეს. გასროლის შემდეგ მისი სიტყვები იყო: “ჩვენ სირიაში ვიხოცებით, თქვენ აქ დაიხოცეთ.”