ახალი ამბები კრიმინალი მთავარი საზოგადოება სამართალი

პროკურატურა ჟურნალისტ გიორგი გასვიანი ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„2016 წლის 19 დეკემბერს, შ.ს. ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, სსიპ 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა განმარტა, რომ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობდნენ პოლიციის თანამშრომლები.
აღნიშნული გარემოების გამოვლენისთანავე საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს და საქმის კვალიფიკაციას დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
ამჟამად, საქმეზე მიმდინარეობს საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, იკითხებიან მოწმეები, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დანიშნულია და ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „პრიორიტეტის“ წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ტელეწამყვანის თქმით, მას გზაზე მანქანა მოუცურდა, რასაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი და მასთან ერთად მყოფი ორი პირი შეესწრო.
გასვიანის მტკიცებით, ბორჯომის პოლიციის თანამშრომელი მიხეილ ხუციშვილი მის მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდა. შემთხვევა სასტუმრო „ბორჯომი ქროუნ პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ტელეწამყვანი ადამიანის უფლებათა დაცვის სემინარზე მიდიოდა.

იტვირთბა....