პრაიმთაიმის ინფორმაციით, ონკოლოგიურიდან 16 თანამშრომელი რამდენიმე დღის წინ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვეს. გამოცემას გათავისუფლებულმა მედპერსონალმა განუცხადა, რომ განთავისუფლების ბრძანებას ხელს მათ გარეშე საავადმყოფოს ადმინისტრაცია აწერდა. გარდა ამისა, ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ საავადმყოფოში „გაყინული ხელფასების“ ტრადიცია დაბრუნდა და ქვედა რგოლს, ან არასასურველ თანამშრომლებს ჯერ აგვისტოს ხელფასიც კი არ აუღიათ. ისინი კი ვინც ამ ფაქტს აპროტესტებენ, სამსახურიდან ათავისუფლებენ და ეუბნებიან, რომ ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ. როგორც სტატიაში წერია, ონკოლოგიური საავადმყოფოს გათავისუფლებულ თანამშრომლებს უკვე მზად აქვთ სარჩელები და უფლებების დასაცავად სახალხო დამცველსაც მიმართეს:
„ანაზღაურება მქონდა 200 ლარი, ისიც ხვეწნა-მუდარით. ზოგს აგვისტოს ხელფასიც არ აუღია. ჩვენ ახლა ჩაგვირიცხეს, ვითომ ხმა რომ არ ამოგვეღო. ჩვენ არ ვიმსახურებდით ასე მოქცევას. სიტუაციის გარკვევა ვცადეთ ხელმძღვანელობასთან, მაგრამ არავინ გვიხსნის, რატომ გამოგვყარეს ქუჩაში. 200 ლარი არაფერი არ არის, მაგრამ რაღაცის იმედი მაინც გვქონდა. ახლა, როდესაც ეს წყაროც მოგვისპეს, ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით მთელი ოჯახი, რომელსაც სხვა შემოსავალი არც კი ჰქონდა. აუცილებლად ვიბრძოლებთ ჩვენი შელახული უფლებების აღდგენისთვის. თუ საჭირო გახდება ონკოლოგიურთან საპროტესტო აქციებსაც გავმართავთ“, – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ლალი ლალაზაშვილმა.