ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებით თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ფონზე დაანონსებული აქციზის გაძვირების მოლოდინმა მედიკამენტების, ნავთობპროდუქტების, თამბაქოსა და პირველადი მოხმარების საგნების გაძვირება 10-20 თეთრით უკვე გამოიწვია. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, სპეციალისტები სოციალური ფონის გაუარესებას იანვარ-თებერვალში პროგნოზირებენ და მაშინ უკვე მიკროავტობუსით მგზავრობისა და კომუნალური გადასახადების გაძვირებასაც არ გამორიცხავენ.
სავალუტო პუნქტებში 1 დოლარი 2,70 ლარის ფარგლებშია. დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი გაუარესდება, იანვრიდან კი პარალელურად აქციზის ფასიც გაორმაგდება, რაც სპეციალისტების აზრით, მდგომარეობის გაუარესებას და პოდუქტებზე ფასების გაძვირებას კიდევ გამოიწვევს.
მედიკამენტები
ლარის დოლართან მიმართებით თითქმის ყოველდღიურმა გაუფასურებამ მედიკამენტებზე გავლენა უკვე მოახდინა და თითქმის ყველა წამალი 5-10 თეთრით გაძვირდა. უფრო მეტით კი გაძვირებულია დეფიციტური წამლები. მაგალითად, “კორვალოლი”. სანამ დეფიციტში იქნებოდა, 65 თეთრი ღირდა, ახლა მისი შეძენა მომხმარებელს 1 ლარამდე შეუძლია. თავის ტკივილის საშუალება “ციტრამონი” თუ გასულ თვეს 15 თეთრი ღირდა, ახლა მისი შეძენა 25 თეთრად არის შესაძლებელი.
ჯერ არ გაძვირებულა გაციების და გრიპის სამკურნალო მედიკამენტები
“ხველების მედიკამენტები და გაციების საწინააღმდეგო ჩაიები ჯერ არ გაძვირებულა, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან, მაგალითად, “ეფექტი ჩაი” ისევ 1,20 ლარი ღირს. ყელის წამლებიც იგივე ფასში გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით ძველი შემოტანილები გვაქვს, მერე რა იქნება არ ვიცი”, – განუცხადეს “მთელ კვირას” ერთ-ერთ აფთიაქში.
კვებისა და პირველადი მოხმარების პროდუქტები
მედიკამენტებთან ერთად, გასულ თვესთან შედარებით გაძვირებულია საკვები პროდუქტების ნაწილიც, თუმცა არა საგანგაშოდ. აქ ფასების მატება ჯერჯერობით 10-15 თეთრით შეიმჩნევა. გარდა სიგარეტებისა, რომელზეც დაანონსებული აქციზის გაორმაგებამ უკვე გამოიწვია მისი 20-30 თეთრამდე გაძვირება. თამბაქო იანვარში კიდევ 50-70 თეთრით გაძვირდება.
რაც შეეხება კვების პროდუქტებს, მაგალითად, თუ გასულ თვეს 1 ლიტრი
რძე 2,25 ლარი ღირდა, ახლამისი შეძენა 2,40 ლარად არის შესაძლებელი. შესქელებული რძე კი 10 თეთრით გაძვირდა და 1,7 ლარი ღირს. ასაწონი შოკოლადის კამფეტი 5,20 ლარი ღირს, 5 ლარის ნაცვლად. მაიონეზი 1,10 ლარი ღირდა და ახლა 1,25 გახდა. 1 კგ წიწიბურა 2,70 ღირს, ჯერჯერობით არ გაძვირებულა.
1 კგ შაქრის შეძენა ახლაც 1,90 ლარად არის შესაძლებელი, მისი ფასი ბოლო თვეში არ მომატებულა. აღსანიშნავია, რომ შაქარი ჯერ კიდევ საგრძნობლად ზაფხულის ბოლოს გაძვირდა.
არ გავძირებულა კარტოფილიც. ბაზარში მისი შეძენა 50-70 თეთრად არის შესაძლებელი. ძველ ფასს ინარჩუნებს სხვადასხვა დასახელების ზეთები.
ბოლო 1 თვეში ასევე 1M-20 თეთრი გაძვირებულია ნახევარფაბრიკატები, ქათმის ფილე და სხვა.
რაც შეეხება თამბაქოს, მოსალოდნელი აქციზის ფასის გაორმაგების გამო მის გაძვირებას იანვრიდან პროგნოზირებდნენ, თუმცა სუპერმარკეტებში გასულ კვირას სიგარეტი უკვე 20-30 თეთრით გაძვირდა. მაგალითად 3 ლარიანი სიგარეტის შეძენა ახლა 3,20 ლარად არის შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ იანვარში აქციზი გაძვირდება, შესაბამისად ფასების მატება თამბაქოსთან ერთად ბენზინსაც შეეხება. მისი შეძენა დაახლოებით 2 ლარად გახდება შესაძლებელი. ახლა 1 ლიტრი საწვავი 1,74 თეთრად არის შესაძლებელი. დიზელი კი 1,83 თეთრი ღირს იანვრიდან კი სავარაუდოდ 2 ლარს გადააჭარბებს. ცნობისთვის ბოლო ერთ კვირაში ნავთობპროდუქტები ჯერ მხოლოდ 5-7 თეთრით გაძვირდა.
გაზეთი “რეზონანსი”