ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მანქანა დაღმართზე მოსრიალდა: თათია დოლიძე ავარიაში მოყვა

 

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, თათია დოლიძე, ავარიაში მოყვა. ამის შესახებ, მან სოციალურ ქსელში დაწერა:

„ვარიანის გადასახვევთან, ორთაშენში, დაღმართზე მოსრიალდა, მოწყდა, იბზრიალა და უკანა ნაწილით ცხვირში დაგვეხაჯა სამარშუტო მანქანა. გაჩერებულ მანქანაში ვიყავი ჩემს მშობლებთან და ბებიაჩემთან ერთად, რომლებიც ჩართულები იყვნენ თავადაც ქველმოქმედებაში და თან მეხმარებოდნენ ამ ნივთების ზიდვაში.

ახალნაოპერაციები მამაჩემის მხარეს დაგვარტყეს, ბებიაჩემი კი, რომელიც გადასული იყო მანქანიდან, დარტყმის შედეგად მანქანის ქვეშ, ბორბლებს შორის აღმოჩნდა. 5-10 წუთის მანძილზე მამაჩემიც და ბებიაჩემიც ცოცხალი აღარ მეგონა. პანიკა იმის შემდეგაც კი გამიგრძელდა, რაც საავადმყოფოში დავრწმუნდი, რომ ორივე მხოლოდ დაჟეჟილები იყვნენ და მოტეხილიც კი არაფერი ჰქონდათ. ცალკე ისტორიაა ჩემი სიცხიანი ქმარი, რომელიც მთელ ავარიას ტელეფონში ისმენდა, რადგან შეჯახების დროს ველაპარაკებოდი. საბედნიეროდ, ახლა ერთადერთი სადარდებელი მანქანაა.

მთავარზე გადავალ. რატომ ვწერ ამას? ჩვენი ავარიით, სავარაუდოდ, დაღუპვისგანაც კი ვიხსენით ვინმე, რადგან მოყინული გზა მხოლოდ ამის შემდეგ გადაკეტა პოლიციამ! არის თუ არა ეს სახელმწიფოს ვალდებულება, რომ მობილიზებული იყოს მსგავს მონაკვეთებში ტექნიკა, დაიყაროს ტექნიკური მარილი, დაყენდეს რამე ნიშანი? დიდი მადლობა მუნიციპალიტეტის გამგეობას, მერიას და გუბერნიის ადმინისტრაციას რომ ამ შეხვედრების ორგანიზებაში დამეხმარა, მაგრამ სავალი გზა რომ არ იყო გაწმენდილი, და ყველა მანქანა საავარიო სიტუაციაში რომ აღმოჩნდა, ეგეც ხომ ისევ ამ უწყებებს ეხებათ?

პ.ს. მამაჩემი ძალიან მადლიერია და დიდი მადლობა დამაბარა გუბერნატორის მოადგილესთან, რომელიც ავარიის შემდეგ ძალიან დაგვეხმარა და გვერდიდან არ მოგვშორებია! პირადად მეც მადლიერი ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველთვის მირჩევნია, მსგავსი შემთხვევების პრევენციაში დამეხმარონ, ვიდრე პოსტ-ფაქტუმ!! ვთვლი, რომ ამგვარად შეთანხმებული ვიზიტის ფარგლებში, უნდა მოგვმსახურებოდა მანქანა სპეციალური საბურავებით, ან პოლიციის მანქანა მაინც მოემაგრებინათ და არა ადმინისტრაციის თანამშრომელი გოგონა აქეთ ჩვენ გამოგვყოლოდა ჩვენი მანქანით და მასაც საფრთხეში ჩაეგდო თავი“, – წერს თათია დოლიძე.

ცნობისთვის, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებში იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შეხვდა და მათ წინასაახალწლო საჩუქრები და წიგნები დაურიგა.

იტვირთბა....