„აქ თუ გათხოვდი და შვილები გყავს, უკვე ჩამოწერილი ხარ“ – წარმატებულ ბიზნესვუმენს საქართველოში სტერეოტიპის დანგრევა სურს
ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების მსოფლიო ქსელის, “NEW LIFE”-ის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი 37 წლისაა და მისი ბიზნესის შედეგები ათზე მეტ ქვეყანაში გახსნილ ფილიალებს მოიცავს. მიუხედავად უზარმაზარი წარმატებისა, ბიზნესვუმენი სხვა სფეროთი დაინტერესებას და არანაკლები შედეგების მიღწევასაც ახერხებს. სულ ცოტა ხნის წინ ლათინური ცეკვების ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ცეკვის მხოლოდ სამწლიანი გამოცდილება აქვს, პროფესიონალებში მეორე ადგილის მოპოვება შეძლო.
რატომ დაინტერესდა ცეკვით და რა გეგმები აქვს ამ მხრივ, „მეტრონომს“ მარიამ კუკუნაშვილი ესაუბრა.
მარიამ კუკუნაშვილი: სტანისლავ შიაკინის სახელობის ევროპის ჩემპიონატი ლათინურ ცეკვებში, სადაც მონაწილეობა მივიღე, საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ტარდება. ეს პროფესიონალების კონკურსია, რომელიც უკრაინაში, დნეპროპეტროვსკში ჩატარდა. ცამეტი ქვეყნის მსაჯი იყო კონკურსზე. წყვილებიდან, ასაკების მიხედვით, სხვადასხვა ქვეკატეგორია მონაწილეობდა: უმცროსი, ზრდასრული და უფროსი. ჩემი პარტნიორი შაკო მელანაშვილია. ჩვენ უფროსების კატეგორიაში გამოვედით და საბოლოოდ, ფინალში გავედით, მეორე ადგილი ავიღეთ.
„მეტრონომი“: კონკურსისთვის მოსამზადებელი პერიოდი და სცენაზე მიღებული ემოციები გაიხსენეთ.
– ამ კონკურსისთვის მზადება კამბოჯაში, ჩემ ბიზნესთან დაკავშირებულ პრობლემებს დაემთხვა. შესაბამისად, იმდენად დაძაბულ და სწრაფ რეჟიმში მოგვიწია რეპეტიცია, რომ ნერვიულობის დროც არ მქონდა. ამავდროულად, ფინალის ამბიცია არ გვქონდა და სცენაზე მშვიდად გავედით. ცეკვის დროს იმპროვიზაციასაც მივმართეთ. მსუბუქი შეცდომები გვქონდა, რომელიც ისე გადავფარეთ, რომ ვერავინ მიხვდა. რადგან პროფესიონალების კონკურსზე ვიყავით, ხუთი ცეკვა გადაბმულად უნდა გვეცეკვა. ეს საკმაოდ რთული იყო, თუმცა თავი გავართვით.
შემდეგი კონკურსისთვის მეტი მომზადება აუცილებლად დაგვჭირდება, რადგან ამ კონკურსზე წყვილები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან იყვნენ და მიმაჩნია, რომ უფრო სუსტად გამოვიდნენ, შემდეგ ჩემპიონატზე კი ძლიერი წყვილები იქნებიან – ესპანეთიდან, იტალიიდან და ა.შ.
მსოფლიოს სპორტული ცეკვების ფედერაცია საქართველოში, გიგი გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით, მაისში ატარებს პირველ შესარჩევ ტურს. შემდეგი ტური კი იტალიაში იქნება.
– თქვენი პარტნიორი, შაკო მელანაშვილი ელოდა ამ შედეგს?
– შაკო სამი წლის წინ საერთო მეგობრებთან გავიცანი და მე თვითონ შევთავაზე ცეკვა ერთად დაგვეწყო. თავიდან შაკომ ეს სერიოზულად არ მიიღო, თუმცა უარი არ უთქვამს. შედეგი კი ფინალში მეორე ადგილია. გიგი და რატი კონკურსზე წასვლისას გვამხნევებდნენ, იქნებ მესამე ადგილზე გახვიდეთო. ვფიქრობდი, ხუმრობდნენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ხუმრობა არ იყო.
– ვინ გგულშემატკივრობდათ?
– ჩემი მეუღლე და მეგობრები მგულშემატკივრობდნენ. მეორე ადგილს არავინ ელოდა და გაუკვირდათ.
– კაბა როგორ შეარჩიეთ?
– კაბის მასალები ბრიტანეთში შევუკვეთეთ. რატი გაჩეჩილაძის მეწყვილე დაგვეხმარა დიზაინის შექმნაში. კაბა სვაროვსკის თვლებით გავაწყვეთ.
– აპირებთ, რომ ამ სფეროს აქტიურად მიჰყვეთ და პირველი ადგილისთვის იბრძოლოთ?
– ამ კონკურსზე მეორე ადგილს არც ველოდით, იმიტომ, რომ საქმეებზე მიწევდა წასვლა და საკონკურსო ეპიზოდები ფაქტობრივად ორ კვირაში დავდგით. ჩვენთვის მთავარი იყო კონკურსზე გასვლა და გამოცდილების მიღება. მეორე ადგილი უკვე სტიმულია და გვინდა უფროსების კატეგორიაში ჩემპიონები გავხდეთ.
– რატომ დაინტერესდით ცეკვით?
– ბავშვობიდან მოყოლებული უფრო სწავლით ვიყავი დაკავებული, ამიტომ სპორტისთვის ნაკლებად მეცალა. ცეკვა უფრო მოგვიანებით დავიწყე, როდესაც ბიზნესში წარმატებას მივაღწიე და თითქოს აღარაფერი დამრჩა საკეთებელი. ეს, საერთოდ, ხშირია, როცა ადამიანი აღწევს წარმატებას, თითქოს დეპრესიული პერიოდი უდგება, რადგან მოტივაცია ქრება. ფსიქოლოგიურად, მეც ასეთ ეტაპზე ვიყავი. ამიტომ გადავწყვიტე ხელი ცეკვებისა და ტანვარჯიშისთვის მომეკიდა, რადგან ცეკვა, ზოგადად, მომწონს. ამავდროულად, მინდოდა რამე რთული გამეკეთებინა, რადგან მარტივი საკითხები არ მიზიდავს. შემდეგ კი ბუნებრივად დგება ის ეტაპი, რომ ამდენი შრომა სხვას აჩვენო, სადმე გაიტანო. კონკურსზე გასვლა მიზნად არ მქონდა, თუმცა შემდეგ ამაზეც დავფიქრდით.
სრულიად მოუმზადებელი ვიყავი ამისთვის, მაგრამ ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ მეც და შაკო მელანაშვილმაც. დავიწყეთ ტანვარჯიში, იოგა და ცეკვა. შედეგად ექვს თვეში თხუთმეტი კილო დავიკელი.
– წარმატებული ბიზნესის მართვას დიდი დრო სჭირდება. როგორ შეუთავსეთ ახალი ინტერესი საქმეს?
– ორივეს ერთმანეთს კარგად ვუთავსებ. საკონკურსო მზადების დროსაც, დილით სტუდიაში მივდიოდი, სამი საათი ვცეკვავდი, შემდეგ საცეკვაო ფორმით მივდიოდი სამსახურში და საღამომდე ვმუშაობდი, ამის შემდეგ კი ისევ სტუდიას ვუბრუნდებოდი, სადაც ღამის პირველ საათამდე ვვარჯიშობდი. მიყვარს ასეთ რეჟიმში მუშაობა და საკუთარი თავის ლიმონივით გამოწურვა. ვინც მიცნობს, ხუმრობენ, რომ მარიამს ყველაფერი უნდა დღეს და ხვალ კი არა – გუშინ. იციან ჩემი მოუთმენლობის და სისწრაფის შესახებ. ვერ ვიტყვი, რომ ეს სფერო ადვილია, ბევრი შრომა და ტკივილის გაძლება სჭირდება. სამი წლის განმავლობაში ყოველ საღამოს ცეკვის სტუდიაში ვატარებდი. მაგრამ, თავს არ ვიზღუდავ იმაზე ფიქრით, რომ რამე შეუძლებელია. მიმაჩნია რომ ადამიანს თუ სურს, მიაღწევს. თუ ერთი ადამიანი აკეთებს, სხვასაც შეუძლია ამის მიღწევა.
– რა არის თქვენი სამომავლო გეგმა ამ მხრივ?
– მიზანი ჩემთვის უკეთესი ცეკვაა. იანვრიდან ვაპირებ ბალეტზეც დავიწყო სიარული, რადგან მაისში კონკურსზე სტანდარტული ცეკვებით მინდა გავიდე, (როგორც აღვნიშნე, პირველ კონურსზე ლათინური პროგრამით გავედით), რასაც ბალეტი სჭირდება. მთავარი მიზანი კი ფიზიკური შესაძლებლობების მეტად განვითარებაა. ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ უცხოეთში უფროსების კატეგორია ოცდათხუთმეტი წლიდან ზემოთ ასაკს ითვლის. უამრავი წყვილია. მაგალითად, რუსეთს პროფესიონალების სამასი წყვილი ჰყავს, იტალიას – უფრო მეტი. საქართველოში მე და შაკო უფროსების კატეგორიაში პირველი წყვილი ვართ. ანუ, ჩვენთან ისეთი მენტალიტეტია, რომ თუ გათხოვდი და შვილები გყავს, უკვე ჩამოწერილი ხარ, ცეკვა კი არასერიოზულ საქმედ, გართობად აღიქმება. მინდა რომ ეს სტერეოტიპი დაირღვეს.
– რომელიმე სატელევიზიო შოუში გეგმავთ მონაწილეობას? „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ან მსგავს პროექტში?
– „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ ორი წლის წინ პროექტის პროდიუსერმა, ნოე სულაბერიძემ დამირეკა. თითქოს უნდა მიმეღო მონაწილეობა, თუმცა რატომღაც გადაიფიქრეს. თუ იქნება, სიამოვნებით გავალ.
პ.ს. „მეტრონომი“ ასევე დაუკავშირდა სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელს, გიგი გაჩეჩილაძეს, რომელმაც კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდა:
„მთლიანობაში ეს საერთაშორისო კონკურსი იყო, რომელიც სხვადასხვა ქვეჯგუფებში ტარდებოდა. ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა ათ ცეკვაში, რომელშიც საქართველოდან ორმა წყვილმა მიიღო მონაწილეობა. შემდეგ უფროსების ქვეჯგუფში ჩატარდა ღია თასი, ეს არ იყო ოფიციალური ტური და ასევე , საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, უფროსების ქვეჯგუფში, სადაც საქართველოდან ერთი წყვილი გვყავდა, მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა. ჩვენმა წყვილებმა ღია მსოფლიო ჩემპიონატზე ლათინურ ცეკვებში მოახერხეს ნახევარ ფინალში გასვლა და მერვე ადგილის დაკავება, რომელიც ძალიან კარგი შედეგია. რაც შეეხება უფროსების ქვეჯგუფს, სადაც ერთი წყვილი გვყავდა, მეორე ადგილი აიღეს, რაც ძალიან კარგი შედეგია. ვემზადებით მაისში შემაჯამებელი ტურნირისთვის.
კონკრეტულად, მარიამ კუკუნაშვილმა, რომელიც თავის მეწყვილესთან ერთად უფროსების ქვეჯგუფში გამოდიოდა, ძალიან კარგი შედეგი დადო. მითუმეტეს, რომ პირველი ნაბიჯი გადაიდგა ამ მხრივ, რადგან საერთაშორისო კონკურსზე უფროსი წყვილი ჯერ არ გვყოლია” – განაცხადა გიგი გაჩეჩილაძემ.
მანა ნოდია