ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

რა ხდება ფოთში: პორტი ჩერდება – წინასაახალწლოდ პროდუქტები გაძვირდება

პორტის გაჩერებით გამოწვეულ ზარალზე პასუხისმგებლობა პორტის მმართველ კომპანიას IPM ტერმინალსს უნდა დაეკისროს

ფოთის პორტი სატვირთო გემებს ვერც იღებს და ვერც ისტუმრებს და ეს ვითარება, სულ ცოტა, კიდევ ათ დღეს გასტანს.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის შესასვლელი არხი უბრალოდ დაიკეტა, რადგან წყლის სიღრმემ არხში საგრძნობლად იკლო. როგორც წესი, სანავიგაციოდ გამოსადეგი რომ იყოს, არხში წყლის სიღრმე მინიმუმ 11 მეტრს უნდა შეადგენდეს. ამჟამად ნავსადგურის შესასვლელი არხის სიღრმე 5 მეტრს არ აღემატება. არხის ამოვსება შტორმის შედეგად ზღვის ფსკერიდან დიდი რაოდენობით შემოტანილმა ქვიშამ, ღორღმა და ბუნებრივმა ნარჩენებმა გამოიწვია.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა ახალაძის განცხადებით, ფოთის პორტის მმართველი კომპანია APM ტერმინალსი  შესასვლელი არხის ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს ატარებს და შექმნილი ვითარება კვირის ბოლომდე უნდა მოგვარდეს. მანამდე კი გემები ბათუმის ნავსადგურში მისამართდება. როგორც ჩანს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო თავს იიმედებს, რამდენადაც, საქმე ის არის, რომ ბათუმის ერთადერთი საკონტეინერო ნავმისადგომს (ერთადერთ ტერმინალს) უბრალოდ არ გააჩნია შესაძლებლობა მიიღოს და დაამუშავოს იმ რაოდენობის ტვირთები, რაც ამჟამად ფოთში რეიდზეა თავმოყრილი. ფაქტია, სადღეისოდ, ფოთის ნავმისადგომი საკონტეინერო ტვირთების დამუშავების თვალსაზრისით უალტერნატივოა. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფოტში საკონტეინერო ტვირთების დამუშავება პორტსგარეთ არსებული 16 საკონტეინერო ტერმინალის მეშვეობით ხდება. შესაბამისად, სამწუხაროდ, ბათუმში ტვირთების გადამისამართება დღეს არსებულ პრობლემას ვერ ხსნის.

ახლა ყველაზე მთავარი და სამწუხარო –  APM ტერმინალსმა პორტის ბენეფიციარებს (სატერმინალო მომსახურების კომპანიები, ექსპორტიორები, გემთმფლობელები და სხვა)  გუშინ, 13 დეკემბერს დაგზავნილი წერილით, რომელსაც ხელს პორტის ოპერაციების უფროსი მენეჯერი რექს განდლი აწერს (მასალას თან ერთვის), აუწყა, რომ არხის  7 მეტრამდე მაინც გასაღრმავებლად, მინიმუმ 70 000 კუბური მეტრი ქვიშა-ღორღის ამოღებაა საჭირო. ამ ამოცანას კი პორტი საკუთარი ტექნიკით ვერ ახერხებს და საამისოდ მათ დაიქირავეს სპეციალური მიწახაპია ტექნიკა, რომელიც რუმინეთიდან მოემართება ფოთისკენ. წერილით, APM ტერმინალსი იტყობინება, რომ აუცილებელ 9 მეტრამდე არხის გაღრმავებას, საუკეთესო შემთხვევაში, 11 დღე მაინც დასჭირდება, ისიც, თუ სამუშაოებს ამინდი შეუწყობს ხელს  (ამინდის პროგნოზი კი დამაიმედებელი სულაც არ არის, – ზღვაზე ამ კვირაშიც შტორმია მოსალოდნელი). პორტი ამუშავებას, რეალურად, 28 დეკემბრისთვის გეგმავს. „იმედია, ეს ინფორმაცია შეგიქმნით წარმოდგენას, თუ რა გამოწვევებთან გვაქვს საქმე ამ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში და მოგცემთ საშუალებას გადაწყვეტილებები მიიღოთ თქვენს ბიზნესში“, – ანუ, პორტი ოფიციალურად მიმართავს ბენეფიციარებს – თქვენს თავს თავად მიხედეთო.

რეალურად, არის თუ არა შექმნილი ვითარება უამინდობით გამოწვეული ფორსმაჟორი, შეეძლო თუ არა პორტის მმართველ კომპანიას მოსალოდნელი შეფერხებების წინასწარ განსაზღვრა და შესაბამისი პრევენციული ზომების გატარება?

საქმე ის არის, რომ წელიწადის ამ დროს ზღვაზე შტორმი და უამინდობა ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა და ეს კარგად იციან ზღვაოსნებმა, საპორტო მომსახურებასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა თუ პირებმა და პორტზე მიბმულმა ბიზნესებმა. როგორც წესი, პორტი ყოველწლიურად მომზადებული ხვდება მოსალოდნელ გამოწვევებს და მუშაობის პრაქტიკულად ლამის ერთთვიანი შეჩერება არ ხდება.

ფაქტია, წელს ასე არ მოხდა. ფაქტია, ფოთის პორტი გაჩერებულია და ეს ვითარება საქართველოს და არამარტო საქართველოს ეკონომიკაზე უაღრესად ნეგატიურად აისახება.

კერძოდ, თუნდაც 28 დეკემბერს პორტის ამუშავების შემთხვევაში, ცხადია, რომ იგი ვერ შეძლებს წლის ბოლომდე დარჩენილ 3 დღეში რეიდზე მდგარი ყველა გემის მიღებას და ტვირთების დამუშავებას. შესაბამისად, ვერ მოხდება ტვირთების განბაჟება და ბიუჯეტს დააკლდება ამ მიმართულებიდან განსაზღვრული სოლიდური შემოსულობები. ტვირთების მფლობელები დროულად ვერ მიიღებენ სხვადასხვა ტიპის საქონელს. მათ შორის სასურსათო პროდუქციას (ბანანი, ფქვილი, გაყინული ხორცპროდუქტები, ტკბილეული და სხვა), რაც ბაზარზე შექმნის დეფიციტს და ბუნებრივად გამოიწვევს ფასების მატებას სადღესასწაულო დღეებში. ქართული ექსპორტიორი კომპანიები ვერ გააგზავნიან ტვირთებს, მათ შორის, მალფუჭებად ციტრუსს, შესაბამისი მიმართულებებით, რაც უაღრესად ნეგატიურ ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს. ეს ის ზარალია, რომელიც, სამწუხაროდ, რეალურად დაუდგება საქართველოს ეკონომიკას, საბიუჯეტო შემოსულობებს და ქართული ბიზნესის სხვადასხვა სექტორს. აღარაფერს ვამბობთ იგივე ხასიათის პრობლემებზე, რაც ფოთის პორტის მომსახურებით მოსარგებლე ჩვენი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკებს მიადგება.

3333333

შექმნილ ვითარებაში, სამართლიანი იქნება, თუ შესაბამისი უწყებები  საგამოძიებო დონეზე დაინტერესდებიან, რამდენად რეალურად მიუძღვის ფოთის პორტის მმართველ კომპანიას ბრალი, საკუთარი უმოქმედობით, პრევენციული დანახარჯების არგაწევით, თუ დაგვიანებული რეაქციით, ფორსმაჟორული სიტუაციის გამოწვევაში და ასეთის დამტკიცების შემთხვევაში, მის მიმართ სერიოზულ, სოლიდურ და ფინანსურად მტკივნეულ სანქციებს მიმართავენ, რომ მსგავსი რამ სხვა დროსაც არ განმეორდეს და ქართული ეკონომიკა არ დარჩეს პორტის მიერ რუმინეთიდან დაგვიანებით გამოხმობილი მიწახაპია საზღვაო ტექნიკის მოლოდინის ანაბარად.

მანამდე კი, ყველა ლოგიკა გვკარნახობს, რომ წინასაახალწლოდ ფოთის პორტის გაჩერებით  გამოწვეულ ზარალზე პასუხისმგებლობა სწორედ პორტის მმართველ კომპანიას APM ტერმინალსს უნდა დაეკისროს.

ბანკები და ფინანსები

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....