„რას გვინდა მივაღწიოთ? სიკვდილით დასჯას? გამამართლებელი განაჩენი ვისაც აქვს საქართველოში, თუნდაც 13 , ისინიც კი არ არიან თავისუფალნი!“- ამის შესახებ „ცენტრ-პოინტის“ ერთ-ერთი მეწილე რუსუდან კერვალიშვილი სოციალურ ქსელში წერს და საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პროკურატურასა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართავს.
”საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს! საქართველოს პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს! საქართველოს პროკურატურას !საქართველოს სახალხო დამცველს! უკვე რვა წელი გავიდა, რაც ჩვენი ოჯახი მრავალ ოჯახთან ერთად საოცარ ტანჯვას განიცდის იმ განსაცდელის შედეგად, რომელიც 2008 წელს თავს დაატყდა საქართველოს. ჩვენი ოჯახი ფაქტობრივად განადგურდა. ეს განსაცდელი შეეხო მთელს სამშენებლო სექტორს, რის გამოც ტრაგიკულად დასრულდა მრავალი მენაშენის ცხოვრება. სახელმწიფომ აღიარა პრობლემა და თითქოს დასახა გადაჭრის გზები, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაზე უშედეგო გზა აირჩია: სამაგალითოდ, შვილთან ერთად განტევების ვაცად შესწირა მაია რჩეულიშვილი. ცხადია მაიას ციხეში გამომწყვდევით არანაირი რაციონალური შედეგი არ შეიძლება დადგეს და მით უფრო გუკასი. კომპანიის ქონების ასივე პროცენტი დაყადაღებულია 2013 წლიდან! ჩატარდა 107 სასამართლო პროცესი! რას გვინდა მივაღწიოთ? სიკვდილით დასჯას? გამამართლებელი განაჩენი ვისაც აქვს საქართველოში, თუნდაც 13 , ისინიც კი არ არიან თავისუფალნი! მე გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავ, ხალხის ქონება ნადგურდება, იძარცვება, უპერსპექტივო ხდება. წარმოიდგინეთ გაკოტრების შემდეგ ტრამპი რომ დაეჭირათ, რა უგუნურება და უჭკუობა იქნებოდა! მაშ რა ვქნათ? მე ვფიქრობ, ვაღიაროთ ყველაფერი, რაც უნდა პროკურატურას და მოვძებნოთ გზები ადამიანების გადარჩენისა, თუ ეს კიდევ შესაძლებელია, სანამ გვიან არ არის,” – წერს რუსუდან კერვალიშვილი.
შეგახსენებთ, მაია რჩეულიშვილი ცენტრ პოინტის საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდშია ბრალდებული. ის სასამართლო სხდომებს პროტესტის ნიშნად არ ესწრება. მასთან ერთად ბრალდებულია ირაკლი მინდელი და მისი შვილი, გუკა რჩეულიშვილი.