საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს საკუთარი ბიზნესის ლობირებაში ადანაშაულებენ. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის კომპანიები უკვე მრავალი წელია ტენდერებს იგებენ, ბრალდებები მინისტრის მიმართ მაინც ისმის, – ამის შესახებ businesscontract-ი წერს.
მათი ცნობით, „შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი“ ერთადერთი არაა, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებში არსებული პრობლემების შესახებ ამახვილებს ყურადღებას. ტენდერებში არსებულ გარიგებებზე აქტიურად საუბრობს ერთ-ერთი ავტოდილერიც. ბოლო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებში არსებულ კორუფციის რისკებზე ალაპარაკდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც. თავად მინისტრმა მის მიმართ არსებულ ბრალდებებზე „ბიზნესკონტრაქტის“ შეკითხვას ვრცლად არ უპასუხა.
„რაღაც სისულელებზე და ინტრიგანებზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამაზე კომპანია გააკეთებს განაცხადს“, – ასე უპასუხა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კითხვას მის მფლობელობაში არსებულ კომპანიებზე და ამ კომპანიების მიერ მოგებულ ტენდერებზე.
2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, ტარიელ ხეჩიკაშვილი 20-მდე კომპანიაში პარტნიორად ირიცხება, მისი მეუღლე ეკატერინე ინასარიძე კი 9 კომპანიაშია პარტნიორი. ხეჩიკაშვილის კომპანიების ძირითადი საქმიანობა ავტომობილების იმპორტი და შემოდგომი მომსახურების გაწევაა. წლების განმავლობაში „იბერია ბიზნეს ჯგუფში“ შემავალ კომპანიებს ტენდერებიდან ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალი აქვთ მიღებული. ტენდენცია გრძელდება მას შემდეგაც, რაც ხეჩიკაშვილი ბიზნესიდან პოლიტიკაში ინაცვლებს და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად ინიშნება.
ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტენდერი, რომელიც მინისტრად დანიშვნის შემდეგ ხეჩიკაშვილის ჰოლდინგში შემავალმა „იბერია ავტო ცენტრმა“ მოიგო, 8 მილიონიანია. კომპანიას ტენდერში კონკურენტი არ ჰყოლია. შედეგად, შინაგან საქმეთა მომსახურების სააგენტოს ავტოდილერმა 172 მანქანა მიაწოდა.
ამ ფაქტის მსგავსად ხშირად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მინისტრის კომპანიებს ტენდერებში კონკურენტები არ ჰყავს და მარტივად იმარჯვებს. სწორედ ეს უჩენს შეკითხვებს შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელს. გიორგი ბაჯელიძე მიიჩნევს, რომ ახლაც და წინა წლებშიც ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიებს სხვადასხვა თანამდებობის პირები ლობირებდნენ და ტენდერებში სწორედ ამის ხარჯზე იმარჯვებდა.
„ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ დროიდან ხდებოდა მათი ლობირება. როდესაც ის დაინიშნა მინისტრად, მაშინაც 8 თუ 9 მილიონიანი ტენდერი მოიგო მისმა კომპანიამ, სადაც მარტო თვითონ მონაწილეობდა. გარდა ამისა ტენდერის გარეშე, პირდაპირ აქვთ გაფორმებული ჯანდაცვის სამინისტროსთან მილიონ 700 ათას ლარზე ხელშეკრულება, გარდა ამისა, ტენდერის გარეშეა მიცემული ხელშეკრულება დაზვერვის და სხვა სამსახურებთან“, – აცხადებს გიორგი ბაჯელიძე.
იმას, რომ ქართულ ავტობაზარზე არსებული სიტუაცია არაჯანსაღია, ბოლო თვეების განმავლოაბში აქტიურად აჟღერებს საქართველოში „სიტროენის“ წარმომადგენელობა. კომპანია უკვე თვეებია ამტკიცებს, რომ საქართველოში მოქმედი ავტოდილერები შეთანხმებულად მოქმედებენ და ტენდერებში ერთმანეთს კონკურენციას არ უწევენ.
კონკრეტული კომპანიის დასახელებისგან „სიტროენში“ თავს იკავებენ, თუმცა, ამბობენ, რომ ამ მიმართულებით გარიგებები მხარეებს შორის ნამდვილად იდება.
ბრალდებებს პასუხობენ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის კომპანიაში. „იბერია ბიზნეს ჯგუფში“ აცხადებენ, რომ კომპანია ცალსახად ემიჯნება მათი დამფუძნებლის, ტარიელ ხეჩიკაშვილის პოლიტიკურ აქტივობას და კომპანიის წარმატებულ საქმიანობასთან დამფუძნებლის სტატუსი და თანამდებობა არაფერ შუაშია. მეტიც, „იბერია ბიზნეს ჯგუფი“ ხეჩიკაშვილის მინისტრობამდე უფრო მეტ ტენდერს იგებდა, ვიდრე 2015 წლის მაისის შემდეგ.
„ვერავინ დაადასტურებს ფაქტს, რომ სადმე მივიღეთ მონაწილეობა და გვქონდა ლმობიერი დამოკიდებულება შემსყიდველის მიერ. დღეს რომ მძაფრია კონკურენცია, ასეთი მძაფრი არასოდეს ყოფილა, იმიტომ, რომ გაყიდვები საკმაოდ დაბალია. ჩვენი ბიზნესი დაპატარავდა და გამომდინარე აქედან კონკურენცია საკმაოდ მაღალია, შესაბამისად, მოსაზრება, რომ ვინმე სადმე გვლობირებს, გამოვრიცხავ ამ თემაზე საუბარსაც“,- აღნიშნავს „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ ხელმძღვანელი დავით გოგორიშვილი.
რაც შეეხება ერთმონაწილიან ტენდერებს, სადაც კომპანიას კონკურენტი არ ჰყავს, იბერია ბიზნეს ჯგუფში აცხადებენ, რომ ბაზარი თავისუფალია და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია ტენდერებში მონაწილეობის მიღება.
„უამრავი ტენდერი ყოფილა, სადაც მოთხოვნილ პირობებშიც „იბერია ბიზნეს ჯგუფს“ არ მიუღია მონაწილეობა, რადგან სხვა ჩემი კონკურენტი გაცილებით წინ არის იმ კონკრეტულ მოცემულობაში, შესაბამისად, მეც არ მიმიღია მონაწილეობა ძალიან ბევრ ტენდერში“,- აცხადებს დავით გოგორიშვილი.
ერთმონაწილიან ტენდერებში პრობლემას ხედავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც“. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევები სახელმწიფო შესყიდვებში არ არის იშვიათობა, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის.
„როდესაც კონკურენცია არ არის თავისთავად ეს ცუდია იმ კუთხითაც, რომ არ ხდება სახელმწიფო უწყებების თანხების დაზოგვა და კორუფციის რისკი არის მაღალი“, – აცხადებს ორგანიზაციის უფროსი მკვლევარი ანა დაბრუნდაშვილი.
იმას, რომ სახელმწიფო შესყიდვებში გარკვეული პრობლემებია, მთავრობაც აღიარებს და ამ კუთხით ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. რა პრობლემებია ტენდერებში, დეტალურად აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უსაუბრიათ. თუმცა, სახელმწიფო შესყიდვებში არსებულ ნაკლოვანებებზე მთავრობას აუდიტის სამსახურმა მიუთითა. უწყებამ კორუფციის ყველაზე მაღალრისკიან მიმართულებად სწორედ სახელმწიფო შესყიდვები დაასახელა.
businesscontract.ge