საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესს გამოეხმაურა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ ლარი 60%-მდე გაუფასურდა, ქვეყნის განვითარების დონიდან, მოსახლეობა იმყოფება ძალიან კარგ პირობებში მომავალი განვითარებისთვის გეგმებზე მსჯელობისთვის:
„2012 წლის შემდეგ ქართული ლარი გაუფასურებულია, დაახლოებით 60-დან 65 %-მდე ფარგლებში. ეს არ არის კარგი, თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ საქართველო თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკით, მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და მიუხედავად იმ სოციალური ფონისა, რომელშიც ჩვენი მოსახლეობა ცხოვრობს, გამომდინარე ჩვენი ქვეყნის განვითარების დონიდან, იმყოფება ძალიან კარგ პირობებში იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ მომავალი, ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების გეგმებზე.
ჩვენ გვჭირდება იმ მიმართულებებზე მეტი აქცენტების გაკეთება, რომლებსაც შეუძლია მეტი სავალუტო შემოსავლების გენერირება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.