საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის 2016 წლის 1 დეკემბერს შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნულია 3 მილიონ დოლარზე მეტი საბანკო ანგარიშებზე. ხათუნა თოთლაძე ბადრი პატარკაციშვილის დისშვილი და დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლეა. თოთლაძის დეკლარაციაში მითითებულია:
ქონება
მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე თბილისში ი.ჭავჭავაძის გამზირზე, 120.00 კვ.მ-ის ფართობისა და ნაფარეულის ქუჩაზე მდებარე 110.00 კვ.მ-ის ფართობის ბინებს ფლობს.
მისი მეუღლე, დიზაინერი, ავთანდილ ცქვიტინიძე კი, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე 151.00 კვ.მ-ის ფართობის ბინის მფლობელია.
ოჯახის საკუთრებაშია 6 მიწის ნაკვეთი:
თბილისში, ვ.ივერიელის ქუჩაზე მდებარე 1267.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი ხათუნა თოთლაძის საკუთრებაა; ოზურგეთში, სოფელი ბახვში მდებარე 7500.00 კვ.მ-ის ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ავთანდილ ცქვიტინიძეს ეკუთვნის; მის საკუთრებაშია ასევე, დაბა ურეკში მდებარე არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობიც – 463.00 კვ.მ-ია; ასევე, თბილისში, წყნეთის სატყეო ტერიტორიაზე მდებარე 700.00 კვ.მ-ის ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი; 700.00 კვ. მი-ის ფართობის მიწის ნაკვეთი წავკისში და თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის დასახლებაში მდებარე , 989.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც ავთანდილ ცქვიტინიძემ 2016 წლის თებერვალში 67000.00 დოლარად შეიძინა.
ხათუნა თოთლაძე ასევე ფლობს, თბილისში ი.ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 120.00 კვ.მ-ის ფართობის არასაცხოვრებელი ფართს. ავთანდილ ცქვიტინიძის საკუთრებაში კი, თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე 640.00 კვ.მ-ის არასაცხოვრებელი ფართია.
ასევე, ავთანდილი ცქვიტინიძის საკუთრებაშია ნაფარეულის ქუჩაზე მდებარე 30.00 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხი.
დეკლარაციის მიხედვით, ხათუნა თოთლაძე ფლობს 2013 წელს გამოშვებულ მსუბუქ ავტომანქანა Mersedes ML-ს.
ფინანსები:
როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, ხათუნა თოთლაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, სადაც მას მინისტრის მოადგილის თანამდებობა უკავია, 76 160.00 ლარის შემოსავალი მიიღო.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სადაც თოთლაძე ლექტორია, – 1200.00 ლარი მიუღია;
მისი მეუღლის, ავთანდილ ცქვიტინიძის შემოსავლები, შ.პ.ს. “ავთანდილის” დირექტორის თანამდებობიდან 11000.00 ლარს შეადგენს.
ოჯახმა, გასულ წელს, საერთო ჯამში, საპროცენტო სარგებლიდან 240 890,21 დოლარი და 4825.05 ლარი მიიღო.
ხათუნა თოთლაძის საპროცენტო სარგებელი, გასულ წელს, 235 745.81 დოლარი იყო, ხოლო ავთანდილ ცქვიტინიძის საპროცენტო სარგებელი – 5146,40 დოლარი და 4825,05 ლარი.
რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, თოთლაძის ოჯახს მხოლოდ ანაბრებზე 3 174 847 დოლარი და 3456.31 ლარი აქვს.
კერძოდ, თოთლაძის სახელზე არსებულ სამ ანაბარზე 2 მილიონ 52 000 დოლარია “თი ბი სი” ბანკში. მისი შვილის, ანასტასია ცქვიტინიძის სახელზე არსებულ ანაბარზე კი ამავე ბანკში, 1 108 200 დოლარი ირიცხება. ავთანდილ ცქვიტინიძის ანაბარზე საქართველოს ბანკში – 520 ლარია; ტერაბანკის ანაბარზე 14647 დოლარი, ხოლო “თი ბისი ბანკის” ანაბარზე კი -2936.31 ლარი.
დეკლარაციის შევსების მომენტში, ხათუნა თოთლაძის მიმდინარე ანგარიშებზე ჯამში 969999.88 დოლარი, 87 298 ლარი და 234,54 ევრო იყო.
ავთანდილ ცქვიტინიძის მიმდინარე ანგარიშებზე კი, 594.93 ლარი, 4915,06 ევრო და 24390,30 დოლარია.
ამასთანავე, დეკლარაციის შევსებისას, ხათუნა თოთლაძეს ნაღდი ფულის სახით 12000 ევრო ჰქონდა. თოთლაძე ამასთანავე ფლობს “თი-ბი-სი” ბანკის 100 ცალ ობლიგაციას, თითოს ღირებულება კი, 10000.00 დოლარია.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ხათუნა თოთლაძემ ანაბრის საპროცენტო სარგებლად 82 518 აშშ დოლარი მიიღო; ბებიისგან საჩუქრად – ერთი მილიონი აშშ დოლარი მიიღო, მშობლისგან კი – სამ-ნახევარი მილიონი აშშ დოლარი; იმავდროულად, მან თავის ქალიშვილს ერით მილიონი ლარი აჩუქა.