საფრთხე, რომელიც შესაძლოა საქართველოს 20-მა მოქალაქემ შექმნას
„უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება 10-20 მოქალაქის მიერ უვიზო რეჟიმის დარღვევამ ჩვენთვის, მთლიანად ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის უკან გაწვევა გამოიწვიოს“, -ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, ევროკაშირის ქვეყნებში მოგზაურობისას შესაბამისი რეგულაციები დაიცვან:
„როდესაც უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, აუცილებელი იქნება, რომ ის პრინციპები დავიცვათ, რასაც ჰქვია 180 დღეში 90 დღით ადგილზე დარჩენა და ეს ვადა არ დავარღიოთ, რადგან შემდეგ ეს გამოიწვევს სანქციებს, ქვეყნის იმიჯს დააზიანებს. როგორც იცით, ბრიუსელში გადაწყვეტილება მიიღეს, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი მიეცეს, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უვიზო რეჟიმის უკან გაწვევის მარტივი – შეჩერების მექანიზმი იარსებებს, რისი პრინციპებიც უკვე შეთანხმდა და ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება 10-20 მოქალაქის მიერ უვიზო რეჟიმის დარღვევამ ჩვენთვის, მთლიანად ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის უკან გაწვევა გამოიწვიოს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მინისტრის განმარტებით, სავიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, აუცილებელი იქნება, რომ მოქალაქეებმა ბიომეტრიული პასპორტები იქონიონ:
“ამიტომაც, ჩვენ ბიომეტრიული დოკუმენტი უნდა ვიქონიოთ, ჯავშანი უნდა გვქონდეს, თუ სად მივდივართ, რა მიზნით მივდივართ, რადგან ნებისმიერ დროს, საზღვარზე მესაზღვრემ შეიძლება ეს ინფორმაცია მოგვთხოვოს. რაც მთავარია, მოცემული ქვეყნის კანონი უნდა დავიცვათ და არ დავარღვიოთ ის ვადები, რა ვადაშიც ევროკავშირის ზონაში უვიზოდ დარჩენის უფლება გვაქვს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.