ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„რომ არა ვანო მერაბიშვილი…“: „გავარკვიე, სააკაშვილს ხელისუფლება თავზე დაამხო მერაბიშვილმა“

 

„გავარკვიე, რომ სააკაშვილს ხელისუფლება თავზე დაამხო ვანო მერაბიშვილმა“ – ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ძმები ახალაიების მეგობარმა „თავისუფლების ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თეა თუთბერიძემ განაცხადა.  ის საუბრობს 2013 წელს დათა ახალაიას სახელით გავრცელებული განცხადების ავთენტურობაზე.

„ახლა, როდესაც უკვე სააშკარაოზე გამოვიდა დაპირისპირება, დასამალიც აღარაფერია. 2013 წლის აპრილში, როდესაც დათა ახალაიას სახელით გავრცელდა განცხადება, ბევრი თხოვნის გამო, იძულებულნი გავხდით, ეს განცხადება ე.წ. ფეიკად გამოგვეცხადებინა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავდა დიდ აქციას და ეს წერილი მხარდამჭერებში დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევდა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ განცხადების ავთენტურობა არ დაგვედასტურებინა. ვფიქრობ, დადგა დრო, როდესაც სიმართლე უნდა ითქვას: დიახ, ეს ნამდვილად იყო დათა ახალაიას განცხადება, სადაც ის სრულიად საფუძვლიანად ამხელდა ვანო მერაბიშვილს. ჩემი აზრით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას“ – აცხადებს თუთბერიძე.

მისი თქმით,  ციხის კადრების გავრცელება შეგნებულად მოხდა და ის ვანო მერაბიშვილს არ გაეპარა.

„ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც პირდაპირ არ იღებს, რასაც აწვდიან, ძალიან კარგად აანალიზებს, რა შეიძლებოდა მდგარიყო იმ სკანდალური კადრების უკან, რომელიც არჩევნებამდე 12 დღით ადრე გავრცელდა და რომლის გამოგდებაც არჩევნების წინა დღეს იყო დაგეგმილი. ამ კადრების გავრცელების ფაქტმა ძალიან სერიოზული კითხვები გააჩინა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით. არ ვარ ადამიანი, ვინც ციხეს მხოლოდ გარედან უყურებდა. ვიცი, რა არის ეს სისტემა და როგორ შეიძლებოდა მსგავსი რამის გაკეთება ციხეში და მით უმეტეს, ამ ყველაფრის გარეთ გამოტანა ჩანაწერების სახით. შეუძლებელია, ციხეებში მსგავსი „კინოსტუდიები“ მოწყობილიყო და ამის შესახებ არ ჰქონოდა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს. მით უმეტეს, როგორც აღმოჩნდა, გადაღებები თვეებისა და წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. არ ვფიქრობ, რომ ე.წ. ციხის კადრები გაეპარა ვანო მერაბიშვილს. პირიქით, ვფიქრობ, ეს შეგნებულად გაკეთდა. ამ კადრების გავრცელების შემდეგ ვიღაცებმა ეს ყველაფერი მიიღეს ისე, როგორც ამას აწვდიდნენ, მაგრამ პირადად მე ამ ადამიანების კატეგორიას არ განვეკუთვნები და კარგად მივხვდი, რეალურად რასთან გვქონდა საქმე. „გავარკვიე, რომ სააკაშვილს ხელისუფლება თავზე დაამხო ვანო მერაბიშვილმა“- განაცხადა თეა თუთბერიძემ.

შეგახსენებთ, დათა ახალაიას 2013 წლის განცხადებას:

„საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, – კაცი, რომელმაც ჩვენთან – ჩემთან და ჩემს ძმასთან – ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა. ამ ერთი კაცის დაუოკებელმა ლტოლვამ ძალაუფლებისკენ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა ჩვენი ხელისუფლება. ღრმად მწამს, რომ, რომ არა ვანო მერაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად შეცდომებისა, ასე გამანადგურებლად არ დამარცხდებოდა არჩევნებში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ ლაფანყურის ავანტიურა ჩემი ძმის – ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა, გაწირა რა სასიკვდილოდ ჩვენი მებრძოლები, უკიდურესად გაგვირთულა ურთიერთობები ჩვენს ქისტ ძმებთან და რეალური საშიშროების წინაშე დააყენა ქვეყნის უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე, ასევე, გამაჩნია იმის მტკიცებულებები, რომ სწორედ ვანო მერაბიშვილმა, ჩემს ძმაზე შურისძიების მიზნით, ამირან მესხელის ხელით უზრუნველყო ციხის ამაზრზენი კადრების შექმნა და საზღვარგარეთ უსაფრთხოდ მარშრუტირება, რამაც საბოლოოდ დაანგრია ჩვენი ხელისუფლების ისედაც დაზიანებული იმიჯი და გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენ დამარცხებაში“, – ვკითხულობთ კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: „გაზეთი პრაიმტაიმი“

იტვირთბა....