საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, იან ვაპავუორიმ სამ ფინანსურ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველო, ჯამში, 450 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს მიიღებს.
მათი განმარტებით, ხელშეკრულებები ითვალისწინებს საქართველოსთვის ისეთი პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი მიმართულებების მხარდაჭერას, როგორიცაა საავტომობილო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობისა და აგრომრეწველობის განვითარება.
„საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის“ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო 250 მლნ. ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს მიიღებს. პროექტით განხორციელდება საქართველოს რეგიონებში მთავრობის მიერ განსაზღვრული საავტომობილო გზების გაუმჯობესების პროექტები, მათ შორისაა, აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალის უბისა-შორაპანისა და გრიგოლეთი-ფოთის მონაკვეთები.
„საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტის“ ხელშეკრულება 100 მლნ. ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის მიღებას ითვალისწინებს, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტების (გზების, ქუჩების, წყალსადენის, კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია და სხვა) დაფინანსებას მოხმარდება.
„საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ჯაჭვის პროექტი“ 100 მლნ. ევროს ოდენობის გამოყოფას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, დაფინანსდება სოფლის მეურნეობის სექტორში პროექტები სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვის შექმნის მიზნით.
აღნიშნული ფინანსური რესურსით განხორციელებული პროექტები ხელს შეუწყობენ ქვეყნის როგორც სატრანზიტო ფუნქციის მქონე ჩქაროსნული მაგისტრალის განვითარებას, ისე ადგილებზე, მუნიციპალიტეტებში არსებული მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას.
მნიშვნელოვანია ასევე ის მხარდაჭერა, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი უწევს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და აგრომრეწველობის განვითარების მიმართულებით, რაც წაახალისებს ადგილობრივ წარმოებას, ხელს შეუწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.