ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„10 დეკემბერი გადამწყვეტი თარიღია“: მოძრაობა „თეთრი ხმაური“ ხვალ აქციას გამართავს

არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოწოდებით აქციის გამართვას გეგმავს თეთრი ხმაურის მოძრაობა. დღეს ისინი პრესკონფერენციას გამართავენ.

„თეთრი ხმაურის“ მოძრაობა აქციას 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დაამთხვევს.  სოციალურ ქსელ facebook-ზე მათ მიმართვაში ნათქვამია, რომ 10 დეკემბერი გადამყვეტი თარიღია.

„10 დეკემბერი გადამწყვეტი თარიღია! 10 დეკემბერი გამოავლენს  თავს ვაღწევთ მარწუხებს, თუ ვემორჩილებით დევნას.  ვირჩევთ ცვლილებას, თუ განვაგრძობთ ნარკოფაშიზმს. ვირჩევთ ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, თუ განვაგრძობთ ნარკოპოლიციას.

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, ჩვენ, საზოგადოება, საბოლოდ ვაცხადებთ, რომ ამოიწურა დრო, როდესაც ადამიანებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო სახელმწიფო პოლიტიკა საკუთარი ძალადობის ინსტრუმენტებად აქცევდა, სტატისტიკის, ბიუჯეტისა და ციხის შესავსებად იყენებდა.

მსჯელობის დრო დიდი ხანია დასრულდა. საზოგადოების უმრავლესობა შევთანხმდით დეკრიმინალიზაციაზე. აღარავის აქვს უფლება წინ აღუდგეს პროცესს. არ დავუშვებთ, რომ პოლიტიკური ნება მხოლოდ მსუბუქ ნარკოტიკებს შეეხოს, რადგან ნარკოპოლიტიკის რეფორმა უპირველესად სწორედ მძიმე ნარკოტიკის მომხმარებლების ინტერესებს უნდა ეფუძნებოდეს. სხვა გადაწყვეტილება არალეგიტიმურია!

მოვითხოვთ ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების უპირობო დეკრიმინალიზაციას!

მოვითხოვთ ბოდიშს 10 წლიანი წნეხის გამო!

მოვითხოვთ ზრუნვას და არა დასჯას!

ჩვენ მზად ვართ გავიზიაროთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა,

თქვენ ვალდებულნი ხართ მიიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდეს!“- წერია მოძრაობის მიმართვაში.

იტვირთბა....