“ეისითის” ინფორმაციით, ყოველწლიურად, Facebook მომხმარებლების რაოდენობა 17%-ით იზრდება. ამჟამად, სოციალურ ქსელში დღის განმავლობაში 1.18 მილიარდი ადამიანი შედის და საშუალოდ 20 წუთს ატარებს იქ, რამაც Facebook ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სარეკლამო პლატფორმად აქცია.
“ეისითი” დაინტერესდა, თუ რამდენი მომხმარებელი ჰყავს Facebook -ს თბილისში და რამდენად იყენებენ მას სასურველი პროდუქტის მოსაძებნად.
კომპანიის კველევის შედეგად აღმოჩნდა, რომ Facebook თბილისელების 59% მოიხმარს. ის განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში – 18-დან 24 წლამდე ასაკის თბილისელების სრული უმრავლესობა (94%) ფეისბუკის მომხმარებელია.
ასევე გამოვლინდა, რომ Facebook-ზე სასურველი პროდუქტის მოძიება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა – მომხმარებლების 48% იქცევა ასე. მომხმარებლების ერთ მეხუთედს (19%) კი ფეისბუკზე რეკლამის ნახვის შემდეგ ერთხელ მაინც შეუძენია სასურველი პროდუქცია.
კომპანიის ცნობით, გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2016 წლის ოქტომბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.