აქტუალური თემა ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

პურის ფქვილი გაძვირდა, საწვავი 25 თეთრით ძვირდება: გაძვირდება თუ არა პური

ბიზნესის მესვეურები ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათგან დეტალური განმარტებები მოისმინეს

საქართველოს მთავრობა 2017 წელს გადასახადის გაზრდას გეგმავს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ გაიზრდება აქციზის გადასახადი თამბაქოზე, იმპორტირებულ ავტომობილებსა და ნავთობპროდუქტებზე.

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, კოლოფ სიგარეტზე აქციზური მარკა, რომელიც ამ დროისთვის 1.1 ლარი ღირს 60 თეთრით გაძვირდება, შესაბამისად მომავალ წელს სიგარეტის ღირებულება მინიმუმ 60 თეთრით მოიმატებს.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, მთავრობას რეფერენდუმის გარეშე არ შეუძლია გაზარდოს გადასახადები, ან დააწესოს აქციზის გადასახადი. კანონმდებლობის მიხედვით, ერთადერთი გამონაკლისი უკვე დაწესებული აქციზის გადასახადია, რის გამოც მთავრობას სწორედ აქციზის გადასახადის ზრდა შეუძლია.

რაც შეეხება საწვავს, ბენზინზე აქციზის ღირებულება 1 ტონაზე 250-დან 500 ლარამდე გაიზრდება, 1 ტონა დიზელზე – 150-დან 400 ლარამდე, 1 000 კბმ. გაზზე კი 80-დან 200 ლარამდე.

გუშინ კომპანია “გალფმა” თითქმის ყველა ტიპის საწვავზე ფასი 5 თეთრით გაზარდა.

“მეტრონომთან” საუბარში ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ აქციზის გადასახადის გაზრდა, საწვავის ფასის დაახლოებით 20-25 თეთრით ზრდას გამოიწვევს. რაც შეეხება ერთ-ერთი კომპანიის მიერ ფასის მცირედით ზრდას, მთვრალაშვილი ამას ლარის დევალვაციასა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდას უკავშირებს.

“ზოგადად აქციზის გაზრდა, ნებისმიერ პროდუქტზე ფასის ზრდას იწვევს. საწვავზე ფასების ზრდა ზოგიერთმა კომპანია უკვე განახორციელა, თუმცა ეს მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებული არ არის. რამდენიმე დღის წინ, ისტორიული მოვლენა მოხდა, როცა OPEC-ის ქვეყნები შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვების შემცირებაზე. აქედან გამომდინარე დაიწყო ფასების დინამიური და მყისიერი ზრდა. აღსანიშნავია, რომ ფასების გაზრდა მთავრობის ინიციატივამდე გაცილებით ადრე დაიწყო. მთლიანობაში გლობალური ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასი მნიშვნელოვნად მომატებულია. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ რიგმა კომპანიებმა მიმდინარე ეტაპზე ფასების კორექტირება მოახდინეს. ამას ემატება ისიც, რომ ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურებულია. ფასის მატება საკანონმდებლო ცვლილებებთან კავშირში არ არის და ფასების ზრდა ჩემ მიერ დასახელებულმა ორმა ფაქტორმა გამოიწვია.” – აღნიშნავს ვანო მთვრალაშვილი.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული გადასახადის ზრდა ბიზნესთან შეთანხმებული არ ყოფილა და ბიზნესმაც მედიის საშუალებით გაიგო, რომ აქციზზე გადასახადი შესაძლოა გაიზარდოს. მთვრალაშვილი აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათგან დეტალური განმარტებაც მოისმინეს. კითხვაზე, რა პოზიცია ჰქონდა ბიზნესს აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მთვარალაშვილი გვპასუხობს: “მაგას ვერ გეტყვით… ბიზნესი არის კანონმორჩილი და თუ მთავრობა ამ კანონმდებლობას მიიღებს, ბიზნესიც ამ კანონმდებლობით იმუშავებს”.

„მეტრონომი“ შეეცადა მიეღო ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მოსალოდნელია ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდამ სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს.

პურ-პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა “მეტრონომთან” საუბარში ამბობს, რომ ფქვილის ფასმა 2-3 ლარამდე მოიმატა და ამ ეტაპზე ფასის კიდევ ზრდას აღარ ელოდებიან.

“დოლარის კურსმა ფქვილზე ფასის ზრდა გამოიწვია. ჩვენს პროდუქციაზე საწვავზე ფასის მატება არ აისახება, რადგან ჩვენ გემებით და ვაგონებით შემოგვაქვს ხორბალი. იმის გამო, რომ ხორბალი დოლარზე შემოგვაქვს, დოლარის კურსის მატებამ ფქვილზე ფასის ზრდა გამოიწვია. წელს მსოფლიოში ხორბლის ძალიან დიდი მოსავალი იყო და ზაფხულიდან მოყოლებული ფქვილის ფასი მცირდებოდა. ზაფხულში ერთი ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილის ფასი 32 ლარზე ჩამოვიდა. ეს ძალიან დაბალი ფასია. სწორედ ამან მოგვცა საშულება ახლა ფასის ზრდა არც ისე დიდი ყოფილიყო. დღეისათვის ფქვილის მინიმალური ფასი დიდი პურის ქარხნებისთვის 35 ლარს შეადგენს.” – აღნიშავს სილაგავა.

პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ “მეტრონომს” უთხრა, რომ ამ ეტაპზე პურზე ფასის ზრდას არ ელოდებიან, თუმცა აღნიშნავს, რომ დისტრიბუციას გაზზე მომუშავე ავტომობილებით ახორციელებენ და თუ გაზის ფასმა მოიმატა, შესაბამისად პურზე ფასიც გაიზრდება.

ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი მთავრობას ურჩევს, ადმინიტრაციული ხარჯები შეამციროს და ამით შეავსოს ბიუჯეტში არსებული დეფიციტი.

“მთავრობა ფიქრობს, რომ აქციზების გაზრდით დამატებით 542 მილიონი ლარი შემოუვათ. გვეუბნებიან, რომ მეტად ვერ ამცირებენ სახელმწიფო ხარჯებს. მოდი, ვაჩვენოთ ხარჯების 542 მილიონი ლარით შემცირების გზა.

მთავრობის შენახვა – საქონელი და მომსახურება – 2015 წელს დაგვიჯდა 946 მილიონი ლარი, 2017 წელს კი 1 მილიარდ 144 მილიონი ლარი დაგვიჯდება. რატომ უნდა დაგვიჯდეს 2017 წელს მთავრობის შენახვა 198 მილიონი ლარით მეტი? ეს გამოასწორონ და 198 მილიონი ლარიც დაიზოგება.

2012 წელს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული იყო 102 976 კაცი. 2017 წლის წარმოდგენილი ბიუჯეტით დასაქმებულია 116 757 კაცი, რომელთა საშუალო წლიური ხელფასი 11.935 ლარის ტოლია. ჰოდა, რამდენითაც გაზარდეს დასაქმებულთა რაოდენობა (13 781 კაცი) სახელმწიფო სტრუქტურებში, იმდენივეთი შეამცირონ. ეს ის ხალხია, წინასაარჩევნოდ რომ ასაქმებდნენ სსიპ-ებში, სახელმწიფო შპს-ებში, სახელმწიფო საბავშვო ბაღებში და ა.შ.

ჯანდაცვის პროგრამის მიზნობრივ ჯგუფებზე ფოკუსირებითა და უმწეო პენსიონერებისთვის სადაზღვევო პოლისის ზრდის შენარჩუნებით კიდევ 90 მილიონი ლარი დაიზოგებოდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსების გაზრდა 308 მილიონის ნაცვლად 218 მილიონი ლარით შეიძლებოდა, რაც კიდევ 90 მილიონი ლარის დანაზოგია.

თუ შრომით ანაზღაურებაში დაზოგავენ 164 მილიონ ლარს (ამდენი გამოდის 13 781 კაცის ანაზღაურება 11.935-ლარიანი საშუალო ხელფასით); თუ მთავრობის შენახვაში დაზოგავენ 198 მილიონ ლარს; ჯანდაცვას გახდიან მიზნობრივს და დაზოგავენ 90 მილიონ ლარს; თუ ინფრასტრუქტურის დაფინანსებას გაზრდიან მხოლოდ 214 მილიონით და დაზოგავენ 90 მილიონ ლარს – ჯამში 542 მილიონი ლარი დაიზოგება. შესაბამისად, აღარ გაგვიძვირდება საწვავი, მანქანები, აღარ გაკოტრდებიან თამბაქოს კომპანიები”. – აცხადებს ყიფიანი.

აქციზზე ფასების ზრდას ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც ეხმაურება. ჭყონია მთავრობას ფისკალურ პოლიტიკას უწუნებს.

“შეფასება უნდა იყოს არა მლიქვნელური, არამედ სწორი. სწავავის ფასის ზრდა გამოიწვევს რაღაც პროდუქტების გაძვირებას, რა თქმა უნდა, ან ბიზნესის მოგების შემცირებას. ორივე შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტი მოიგებს, მაგრამ მომხმარებელი დაზარალდება, ბიზნესი კი შემოსავალს დაკარგავს. საერთოდ მე ფისკალური ეფექტებით სახელმწიფო ბიუჯეტის შევსება არ მომწონს. მე უფრო მომწონს, როდესაც გადამხდელთა რაოდენობა იზრდება, ვითარდება ბიზნესი და არა ფისკალური ეფექტით.“ – აღნიშნავს ჭყონია.

იტვირთბა....