რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა მძღოლებისთვის და მგზავრებისთვის მოულოდნელად გაძვირდა. თუ აქამდე ტარიფი ლარი და 30 თეთრი იყო, ახლა მისმა ოდენობამ ლარნახევარი შეადგინა. როგორც „მეტრონომთან“ საუბრისას რუსთავში მცხოვრები დავით შოლკა ამბობს, ტარიფის გაზრდის შესახებ გუშინ, სოციალური ქსელიდან შეიტყო. დღეს კი სამარშუტო ტაქსით მგზავრობისას სიახლის შესახებ გამოკრული შეტყობინებაც დახვდა. მისი თქმით, რუსთავიდან თბილისში ჩასვლა სამსახურის გამო ყოველდღე უწევს.
„მგზავრობისთვის ჯერ კიდევ ძველი ტარიფით თვეში მინიმუმ 78 ლარი მჭირდებოდა, ახლა კი გაზრდილი ტარიფით 90 ლარი მჭირდება. ჩემნაირი ათასობით ადამიანი ცხოვრობს რუსთავში, რომელიც თბილისში სწავლობს და მუშაობს. ზუსტად ვიცი, რომ მათთვის ძალიან რთული იქნება გაზრდილი ტარიფით სარგებლობა. ჩემთვის, როგორც ახალგაზრდისთვის, რომლის უკანაც ახლადშექმნილი ოჯახი დგას ახალშობილით, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი რამ სჭირდება, ძალიან მძიმე იქნება ამ სიტუაციაში მგზავრობის გაზრდილი საფასური. მითუმეტეს, იმ პირობებში როდესაც ლარი შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. ყოველდღიურად ანონსდება, რომ ფასები სხვა სერვისებზეც მოიმატებს, საახალწლოდ კი პროდუქციაზე ჩვეულებისამებრ მომატებული ფასები დიდი ალბათობით დარჩება ფასმომატებული“ – ამბობს „მეტრონომთან“ დავით შოლკა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო მძღოლებისთვისაც:
„დღეს დილით რომ მოვედი, მითხრეს, რომ გაძვირებულიაო და მომცეს წარწერა, სადაც წერია, რომ მგზავრობის საფასური ლარნახევარი იქნება. აქამდე 70-80 ლარის საწვავი გვყოფნიდა 7 რეისზე, ახლა კი 100 ლარიც აღარ გვყოფნის“- განაცხადა რუსთავი-თბილისის სამარშუტო ტაქსის ერთ-ერთმა მძღოლმა.
რუსთავი-თბილისის ხაზების მფლობელ კერძო კომპანიაში ტარიფის გაზრდას დოლარის კურსის მატებას და საწვავის გაძვირებას უკავშირებენ.
„ფასის ყველა შემადგენელი ნაწილი გაძვირებულია. ეს შეეხება საწვავ-საპოხ მასალას, სათადარიგო ნაწილებს. ყველა დანარჩენ კომპონენტებს, ბანკის გადასახადს. ბანკის კრედიტი გვაქვს უცხოურ ვალუტაში აღებული. ამ ყველაფერმა განაპირობა ის რაც მოხდა. კომპანია “ინტერტრანსი” იძულებული გახდა მიეღო საკმაოდ არაპოპულარული გადაწყვეტილება ფასის ზრდასთან მიმართებაში”, – განაცხადა კომპანია “ინტერტრანსის” დირექტორმა, ირაკლი ჩიღვინაძემ.
კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ მგზავრობის ტარიფთან ერთად, მძღოლების დღიური გეგმიური გადასახადიც გაიზარდოს. აღნიშნული სიახლის შემთხვევაში კი მძღოლები საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
ცნობისთვის, კომპანია „ინტერტრანსმა“ 2014 წელს რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანაზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. ,,ინტერტრანსს” განაცხადი თერთმეტივე ლოტზე ჰქონდა შეტანილი და კონკურსის შედეგების მიხედვით, ის რუსთავი-თბილისის მარშრუტებზე მგზავრთა გადაყვანაზე მონოპილისტი სატრანსპორტო კომპანია გახდა. რამდენიმე დღეში რუსთავის მერიამ მათთან ხელშეკრულება გააფორმა. ,,ინტერტრანსმა” ხელშეკრულება მძღოლებთანაც დადო.
„მეტრონომი“ რუსთავის მერიას დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ მერია რუსთავი-თბილისის სამარშუტო ხაზზე ფასის მომატების წინააღმდეგია. როგორც რუსთავის მერიის პრესსამსახურში განგვიცხადეს, კომპანია „ინტერტრანსს“ 2014 წელს მიღებული წესის თანახმად, აღნიშნული ინიციატივით მერიისთვის ერთი თვით ადრე უნდა მიემართა.
„მინდა მოგახსენოთ, რომ რუსთავის მერია რუსთავი-თბილისის სამარშუტო ხაზზე ფასის მომატების წინააღმდეგია. კომპანია „ინტერტრანსმა“ ტარიფი მერიასთან შეუთანხმებლად გაზარდა. რუსთავის საკრებულოს მერია 2014 წელს მიღებული წესის თანახმად მგზავრთა უფლების მფლობელ კომპანიებს ნებართვის გამცემი ორგანოსთვის, ანუ რუსთავის მერიისთვის უნდა მიემართა ტარიფის სავარაუდო გაზრდამდე ერთი თვით ადრე, ჩვენს შემთხვევაში წერილი შემოვიდა „ინტერტრანსიდან“ დაახლოებით ერთი კვირის წინ, მას ამ საკითხზე მერიისგან პასუხი მიღებული არ ჰქონდა. რუსთავის მერია უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, ხვალისთვის გეგმავს შეხვედრას კომპანიის წარმომადგენლებთან და უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ამ შეხვედრის შემდეგ მოგაწვდით“- განუცხადეს „მეტრონომს“ რუსთავის მერიაში.
რუსთავში მცხოვრები დავით შოლკა კი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ თუ „ინტერტრანნსა“ და რუსთავის მერიას შორის მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო და ტარიფი არ დაიწია, ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი მერიის წინ გამაფრთხიელებელ აქციას გამართავს.
„პირადად მე დიდი იმედი არ მაქვს, რომ საზოგადოებისთვის რაიმე დადებითი შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები, მაგრამ რამდენიმე დღე დავაცდით, იქნებ გონს მოეგონ და ფასი კვლავ დაწიონ, სხვა შემთხვევაში ჩემი ინფორმაციით, ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი სოციალურ ქსელში აპირებს ჯერ გამაფრთხილებელი აქციის დაგეგმვას, როგორც მერიის ასევე სატრანსპორტო კომპანიის წინააღდმდეგ და თუ მაინც არ მოისმენენ საზოგადოების სიტყვას და არ მოეგებიან გონს, მიიღებენ რადიკალურ ნაბიჯებს, კარვებს და შიმშილს მერიის წინ! არმგონია ეს მათ ინტერესებში შედიოდეს, ბატონ მერს და მერიას კარგად უნდა ახსოვდეს ის, რომ საზოგადოებას ხმა არ მიუცია გაზრდილი ტარიფებისთვის!“ – ამბობს „მეტრონომთან“ საბარისას დავით შოლკა.
რაც შეეხება თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, ინტერნეტსივრცეში ხშირად გხვდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა მომავალი წლიდან სამარშუტო ტაქსით მგზავრობა გაძვირდეს. შესაბამისი განცხადება კი თბილისის მერიაში უკვე შესულია. ოპოზიცია ითხოვს, რომ ფასები არ გადაიხედოს. მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირებას გამორიცხავს მმართველი გუნდიც. „მეტრონომთან“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშიც აცხადებენ, რომ მგზავრობის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება, თუმცა მგზავრობის საფასურის ზრდა თბილისი-რუსთავის სამარშუტო ხაზზეც არ იგეგმებოდა. როგორც ჩანს, საზოგადოება ხელისუფლებისგან ბევრ მსგავს „სიურპრიზს“ უნდა ელოდოს.
ნინო ცხადაია