ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გამოიწვევს თუ არა “ქართული ოცნების“ 2017 წლის გეგმები მოსახლეობის გაღატაკებას?!

 

მოვითხოვ ხელისუფლებისგან, რომ მოახდინოს უპირველეს ყოვლისა, სოციალური შეფასების შედარებით სამართლიანი სისტემის შექმნა, ე.წ. მდიდრის შემოსავლის მაჩვენებლის კორექტირება და ერთი ადამიანის შემოსავალზე განსაზღვრა, ასევე ასეთი ჯგუფების შემოსავალ-გასავლის დეკლარირების პრინციპზე, მოგების ნაწილიდან გადასახადის გადახდა და არა იმ ფორმით რაც დღეს გვაქვს, – ასე აფასებს PR ტექნოლოგიების სპეციალისტი არჩილ გამზარდია მთავრობის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც,  შესაძლოა, მოსახლეობისათვის დამატებითი გადასახადები დაწესდეს.

“საქართველოს მთავრობა 2017 წლიდან მთელი რიგი მიმართულებებით იწყებს მოსახლეობისათვის დამატებითი გადასახადების დაწესებას, ასევე სოციალური შეღავათების (თუ რამ არსებობს) მოხსნას. ხელისუფლების პიარსამსახურებმა ერთ-ერთ სტრატეგიად აიღეს მოსახლეობის საერთო მოცემულობის სოციალურ სეგმენტებად დაყოფა და სხვადასხვა სოციალურ შრეზე ზემოქმედებით მოსახლეობისგან პროტესტის არიდებას (ე.წ. “დაშალე-იბატონეს” პრინციპი იმაშია, რომ ცალკეულ საზოგადოებრივ სეგმენტებს შორის ურთიერთსოლიდარობა დაბალია, ამით აქტიური და ორგანიზებული პროტესტის აცილება ხდება შესაძლებელი).

პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე “გამოარჩია” ე.წ. მდიდრების ფენა, რომელიც საქართველოში 90-იან წლებში მიღებული კოეფიციანტით განისაზღვრება ოჯახზე 40 000 ლარზე მეტი წლიური შემოსავლის შემთხვევაში ქონების გადასახადის დაწესებით, რაც მოქმედებდა დღემდე.

მოსახლეობის ყურადღება მინდა მივაპყრო იმას, რომ რეალურად, ის შემოსავალი რაც 90-იან წლებში ითვლებოდა სიმდიდრედ, დიდი ხანია შევიდა საშუალო შემოსავლებში და უფრო მეტიც, საშუალო შემოსავლებზე ნაკლებ ქონებად.

უპირველეს ყოვლისა. რეალურად ე.წ. 40 000 ლარიანი შემოსავალი ხელზე აღებულ 32 000 ლარს ნიშნავს, რადგან 20%-ს სახელმწიფო ისედაც ქვითავს ანაზღაურების გაცემისას.

ასევე მინდა ყურადღება მივაქციო, რომ მთავრობა ანგარიშობს ოჯახზე არსებულ შემოსავალს და არა ერთ ადამიანზე არსებულ შემოსავალს, მაგალითად, ერთი ადამიანის პირობებში არსებული შემოსავალი ისევე ანგარიშდება, როგორც 2, 5 თუ 8 ადამიანზე იგივე შემოსავალი, ცხადია, ეს სოციალური უსამართლობისა და დისკრიმინაციის, მითუმეტეს სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის დისკრიმინაციის ტიპური მაჩვენებელია, რადგანაც არ ანსხვავებს ერთმანეთისგან 1 ადამიანი იღებს 32 000 ლარს თუ 10 წევრი ჯამში.

მინდა, ორიოდე კონკრეტული ნიმუში წარმოვადგინო, როგორ ისახება და აისახება 2017 წლიდან ოჯახებზე სახელმწიფოსგან მსგავსი მიდგომა.

მაგალითად, ჩემი ოჯახი 6 წევრისგან შედგება. აქედან მამაჩემი ჩავარდნილი ავადმყოფია, დედა დიაბეტიანი, ორივე მათგანი პენსიონერია, ორი მცირეწლოვანი შვილი, მე და ჩემი მეუღლე. სახელმწიფო მიმტკიცებს, რომ მე ვარ მდიდარი ადამიანი. როგორია ჩემი წილი “სიმდიდრე”, ამას სულ მარტივად დავითვლით. გარდა იმისა, რომ სამი თაობა ვცხოვრობთ თბილისის გარეუბანში ოროთახიან ბინაში, კონკრეტული შემოსავალი ასე გვინაწილდება: 40 000 ლარს გამოკლებული სახელმწიფოსგან დაქვითული 20% და ეს არის 32 000 ლარი წლიური შემოსავალი მთელ ოჯახზე. თუ 32 000 ლარს გავყოფთ 12 თვეზე, მივიღებთ თვეში ოჯახის საერთო შემოსავალს, ხოლო თუ ჩემი ოჯახის წევრების რაოდენობაზე გავყოფთ, მივიღებთ ერთ ადამიანზე არსებულ შემოსავალს დაახლოებით 300 ლარს. ეს არის შემოსავალი კვებისათვის, გადასახადები, ჯანდაცვის ხარჯები და ა.შ. მაგალითად, მამის მხოლოდ ერთ-ერთი პრეპარატი ჯდება თვეში დაახლოებით ორჯერ მეტი, ვიდრე მისი წილი შემოსავალი თვეში, აღარაფერს ვამბობ დიაბეტიანი ადამიანების სპეციფიურ კვებასა და პრეპარატებზე, ასევე შვილებზე, რომლებთაც სპეციალური კვება აქვთ და ა.შ.

ამ პირობებში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამე მეუბნება, რომ ჩემი ოჯახის თითოეული წევრი არის მდიდარი, თუ გავიჭირვებ და შევიძენ ავტომობილს, აუცლებლად უნდა დამეკისროს გადასახადი მასზეც, როგორც ზოგადად ქონებაზე და ა.შ. ხოლო 2017 წელს თითქმის უკვე დაგეგმილი რეფორმებით, ჩემი ოჯახის პენსიონერ წევრებს არ ექნებათ უფლება ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვით, შვილებს – უფასო ბაღითა და სამომავლოდ, სკოლაში სასწავლო შეღავათებით, აღარაფერს ვამბობდამატებით გადასახადებზე და ა.შ.

კიდევ ერთი ამბავი, რომელიც, ჩემი ამბავისა არ იყოს, ერთ-ერთია და არა გამორჩეული, ერთ მეგობარ მეზღვაურს ეხება, ის მწერს: „მე მაქვს 40 000 შემოსავალი და იმდენ ადამიანს ვარჩენ, რომ არ მყოფნის და ყოველ წელს სესხს ვიღებ და ვარ მერე მთელი წელი სესხის გადახდაში. იმ 40 000-ისთვის წელიწადში 4 თვე ზღვაში ვარ, 4 თვე სახლში და შემდეგი 4 ისევ ზღვაში. 2 შვილი მყავს და ისე  დაიბადნენ რომ ხმელეთზე არ ვყოფილვარ.წელ სპირველად შევხვდი მეორე შვილის დაბადების დღეს ოჯახთანერთად, დედაჩემის დაბადების დღეზე 7 წელიწადია არ ვყოფილვარ, 7 წლის მანძილზე წლევანდელი ახალი წელი გავატარე ოჯახში, მთელი ცხოვრება ვშრომობ და ვწვალობ და ეხლა მეუბნებიან რომ შენ ზედმეტი გაქვს, არც შეღავათები გეკუთვნის და გადასახადები გადამიხადე როგორც მდიდარმაო –  6 უმუშევარისა და 2 პენსიონერის პატრონმა, რომელთა პენსია მათი წამლების 10% ვერ ყიდულობს?”

პარადოქსია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, ისეთ ოჯახებს, რომლებიც რეალურად საშუალო შემოსავალსაც არ ფლობენ, ხელისუფლება ეძახის “მდიდარს” და 2017 წლიდან დაგეგმილი სიახლეებით ე.წ. “საშუალო ფენის” მეტად გაღარიბებას ცდილობს. მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში თუ შეიძლება ცხოვრობდეს “მდიდარი” ქალაქის ბოლოში ერთ ოთახში 4 ადამიანით და მეტრომანით ხელში.

ცალკე წერილში აუცილებლად ვაცნობებ ჩვენს მოსახლეობის სხვა ნაწილს, რამდენად აისახებახელისუფლების სამომავლო გეგმები სხვა ცალკეულ ნაწილებზე, როგორც ავტომობილების მფლობელების, ასევე, ე.წ. ტაქსიზე მომუშავეების და სხვა სოციალური ჯგუფების შემთხვევაში.

მოვითხოვ ხელისუფლებისგან, რომ მოახდინოს უპირველეს ყოვლისა, სოციალური შეფასების შედარებით სამართლიანი სისტემის შექმნა, ე.წ. მდიდრის შემოსავლის მაჩვენებლის კორექტირება და ერთი ადამიანის შემოსავალზე განსაზღვრა, ასევე ასეთი ჯგუფების შემოსავალ-გასავლის დეკლარირების პრინციპზე, მოგების ნაწილიდან გადასახადის გადახდა და არა იმ ფორმით რაც დღეს გვაქვს, რადგან იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რაში ხარჯავს ადამიანი ფულს, წამლებსა და მკურნალობაში თუ უძრავ-მოძრავი ქონების თუ მატერიალური დოვლათის შექმნაში და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჰყონ მსგავსი სოციალური ფენა სხვებისგან, სხვა შემთხვევაში, ხელისუფლებაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, როგორც გენოციდის მომწყობისა და დისკრიმინატორისა ცალკეული ჯგუფების მიმართ”. – აცხადებს გამზარდია.

იტვირთბა....