შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, საბიუჯეტო თანხების დაზოგვის მიზნით, შს მინისტრის 2 მოადგილის საშტატო ერთეული გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაში აღნიშნულ ცვლილებას მხარი მთავრობამ, მინისტრთა კაბინეტის ბოლო სხდომაზე დაუჭირა და ის ძალაში დღეიდან შევიდა.
ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის დადგენილების მე-6 მუხლში შევიდა, რომლითაც შს მინისტრს პირველ მოადგილესთან ერთად, ხუთის ნაცვლად, სამი მოადგილე ეყოლება.
ასევე დებულებიდან ამოღებულია 21 მუხლი, რომლითაც მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად შსს-ს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი უნდა ყოფილიყო. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი შს მინისტრის მოადგილე აღარ იქნება.