ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ასომთავრულს, მხედრულსა და ნუსხურს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაციის „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის თაობაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ წარდგენილ ნომინაციას და მიიჩნია, რომ იგი სრულად შეესაბამება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს.
ნომინაცია UNESCO-ს განსახილველად წარედგინა 2015 წელს და მისი მთავარი მიზანია ხაზი გაუსვას ქართული დამწერლობის სისტემური ევოლუციის შედეგად შექმნილი ანბანის სამი სახეობის (მრგვლოვანი, ნუსხური, მხედრული) ჰარმონიულ თანაარსებობას თანამედროვე რეალობაში.
კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, რომელშიც წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში და UNESCO-ში მუდმივი წარმომადგენელი ეკატერინე სირაძე-დელონე, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და შესაბამისი ექსპერტები“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....