ბათუმში, ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს შენობის წინ საინიციატივო ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ სპეციალურად დაამზადეს ტრანსფარანტები, რომლებსაც შენობის წინ გამოფენენ. მათი თქმით, ისინი აქციაზე სასტვენებით და მეგაფონებით მივიდნენ.
როგორც ირკვევა, აქცია ეძღვნება ერთ-ერთ სასამართლო პროცესს, რომელსაც ხელვაჩაურის სასამართლო იხილავს. საქმე ეხება თბილსისი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეზე, გიორგი მიქაუტაძეზე თავდასხმის ფაქტს.
„ბინძური ცილისმწამებელი თ ხაჭაპურიძე ციხეში“, „მოძალადე თ ხაჭაპურიძე გისოსებს მიღმა“, „პატრიარქის შეურაცხმყოფელი თ ხაჭაპურიძე ანათემას“, „მოიკვეთოს სიძულვილის გენერატორი თ. ხაჭაპურიძე,“, „უზნეო პროვოკატორი თ ხაჭაპურიძე შორს საზოგადოებისგან“, „განიდევნოს სახელმწიფო ინსტიტუტების მტერი თ. ხაჭაპურიძე“, „მოიკვეთოს ხალხის შეურაცხმყოფელი თ. ხაჭაპურიძე“, „ძირს ჰომოფობი თ.ხაჭაპურიძე“- ასეთი ტრანსფარანტებით გამოვიდნენ აქციის მონაწილეები სასამართლოს წინ. ისინი იმავე ლოზუნგებს ყვიროდნენ საპროტესტო აქციის მსვლელობის პროცესში.
როგორც ირკვევა, საქმე ეხება მოქალაქეს, რომელსაც ბრალად ედება თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეზე, გიორგი მიქაუტაძეზე თავდასხმა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სოციალურ ქსელში ბრალდებული „ათას სიბინძურეს“ ავრცელებს როგორც მოსამართლის, ასევე პატრიარქის მიმართაც და ის გამოირჩევა სიძულვილის ენით.
აქციის მონაწილეები მის სათანადოდ დასჯას მოითხოვენ.
სირცხვილის კორიდორის მოწყობის იდეით, აქციის მონაწილეები ხაჭაპურიძის სასამართლოში მისვლას ელოდნენ. ის სასამართლოზე არ გამოცხადდა რის გამოც პროცესი გადაიდო.