აქტუალური თემა ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება სამართალი

სკანდალში გახვეულ მოსამართლეს ბიზნესის წართმევის ბრალდებას კიდევ ერთი ადამიანი უყენებს

„მოსამართლე ლევან მურუსიძე მათი მონაა“: მურუსიძის გვარმა კიდევ ერთ სკანდალურ საქმეში გაიჟღერა

კომპანია „აიფონ პლუსის“ სასამართლო დავა კონკურენტ „აიტექნიკთან“ სკანდალურ ხასიათს იღებს. „აიფონ პლიუსის“ დამფუძნებელმა, მამუკა  მარღიშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე კონკურენტ კომპანია,  შპს “აიტექნიკის” მფლობელობაში ამხილა, ამავდროულად, სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერის რეჟიმში ჩართვისას, მან აღნიშნა, რომ ვალერიან ცერცვაძის სახელი წინა წლებშიც უკავშირდებოდა წართმეულ ბიზნესს.

კერძოდ, „აიფონ პლუსის“ განცხადებაში ნათქვამია:

„აღნიშნული მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც iPhone+ -ს 1 600 000 ლარის ყადაღა დაადო და კონკურენტის ჩამოცილება, ჩვენი ბიზნესისა და ფულის მითვისება განიზრახა. როდესაც ჩვენთვის ცნობილი გახდა iTechnic-თან ვალერიან ცერცვაძის კავშირები და ეს ფაქტები გავასაჯაროვეთ, მან რამოდენიმე კვირაში თავად მიმართა სასამართლოს და ყადაღის 370 000 ლარამდე შემცირება მოითხოვა და მოსამართლეს საკუთარი კომპანიის ანგარიშზე 50 000 ლარის ყადაღა დაადებინა.

ვალერიან ცერცვაძეს იმისათვის, რომ უსამართლობიდან საკუთარი თავი მცირედით მაინც გამოეყვანა მოსამართლეს თავად დააკისრებინა 50 000-ლარიანი ყადაღა საკუთარი კომპანიისთვის. ანუ როგორც უნდათ ისე ათამაშებენ სასამართლოს და მოსამართლეს.

მიუხედავად ამისა, დავის საბოლოო ინსტანციაში დასრულებამდე 1 600 000 ლარის ყადაღა ჩვენს ანგარიშებზე ისევ შენარჩუნებულია, შესაბამისად დღესაც და კიდევ ბევრი თვეების განმავლობაში კვლავ 1 600 000 ლარის ყადაღა ექნება დადებული iPhone+-ს.

მას შემდეგ როდესაც ჩვენ ვამხილეთ ცერცვაძის კავშირები “აიტექნიკთან” და დავადგინეთ, რომ “აიტექნიკი” რეალურად მისია, მან კატეგორიულად უარყო აღნიშნული, ხოლო დღეს, ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ საჯარო რეესტრის ამონაწერები, სადაც ჩანს, რომ ვალერიან ცერცვაძის და მისი მამის, მურთაზ ცერცვაძის ქონება ჩადებულია ბანკში “აიტექნიკის” სასარგებლოდ. დღეს, ვალერიან ცერცვაძის კომპანიის დირექტორმა ბექარ მიქუჭაძემ განაცხადა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერი არის ყალბი და ვალერიან ცერცვაძის და მისი მამის, მურთაზ ცერცვაძის ქონება არ არის ჩადებული “აიტექნიკის” სასარგებლოდო. ეს განცხადება ერთის მხრივ წარმოაჩენს მათ ნამდვილ სახეს, ხოლო მეორეს მხრივ, აშკარა ხდება თუ რატომ დაადო ასე უსამართლოდ, უაპელაციოს, უსაფუძვლოდ და ჭორის საფუძველზე ცერცვაძის სასამართლომ 1 600 000 ლარის ყადაღა კომპანია  iPhone+ -ს. უკვე აშკარაა, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ბოროტად გამოიყენა თანამდებობა და ჩვენი ბიზნესის მითვისება განიზრახა სასამართლოს გამოყენებით, ხოლო უტიფრად და დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილნი იტყუებიან და ამონაწერებსაც უარყოფენ – ყალბად რაცხავენ”, – ნათქვამია “აიფონ პლუსის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

15109409_1330867410317147_4925358798653427940_n

საპასუხოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ვალერიან ცერცვაძე, „აიტექნიკთან“ მის პირად კავშირს უარყოფს, – ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დროში“ განაცხადა. ვალერიან ცერცვაძე მისი მეუღლის, გვანცა მიქუჭაძის შესახებ ამბობს, რომ ის კომპანია „აიტექნიკის“ მხოლოდ მენეჯერი და დაქირავებული თანამშრომელია. ბექა მიქუჭაძის („აიტექნიკის“ დამფუძნებელი/დირექტორი) აზრით კი ის ფაქტი,  რომ ვალერიან ცერცვაძე (სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე) მისი დის მეუღლეა, სასამართლო პროცესზე გავლენას არ ახდენს.

15122918_1330867393650482_1821403701210782682_o15123208_1330867406983814_3594450468630098044_o

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” საქმით დაინტერესდა და  საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა, დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძის მიმართ:

„მიგვაჩნია, რომ სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებებით დაირღვა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, ამასთან მისი ქმედება ხელყოფს სასამართლოს ავტორიტეტს და ზიანს აყენებს საზოგადოებაში სასამართლოსადმი ნდობას.

სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან დასტურდება, რომ შპს „აიტექნიკი” დაფუძნდა 2011 წელს ვალერიან ცერცვაძის მამის და ცოლის ძმის მიერ, ხოლო დღეის მდგომარეობით კომპანიის 100%-იანი წილი მის ცოლის ძმას ეკუთვნის. მოსამართლის მეუღლე კი ამავე კომპანიის მენეჯერია. როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანია „აიტექნიკი”-ს მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღა კონკურენტი კომპანია „Iphone+”-ის ანგარიშები და ქონება. დავის მონაწილე „Iphone+”-ის წარმომადგენლებს, მიაჩნიათ, რომ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გავლენიდან გამომდინარე მიიღო, რომელიც უშუალოდ დაინტერესებულია ამ საქმის შედეგით. ამასთან, “Iphone+”-ის დირექტორის განცხადებით იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო მასზე განხორციელებული ზეწოლისა და თვალთვალის გამო.

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე უარყოფს რაიმე სახის პერსონალურ კავშირს აღნიშნულ კომპანიასთან, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, რომლიდანაც დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული სამსახურეობრივი ავტომობილი ნამდვილად გამოყენებულია ხსენებული შპს “აიტექნიკი”-ს ერთ-ერთ კომერციულ რეკლამაში. აღსანიშნავია, რომ ამავე რეკლამაში ავტომობილს მართავს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი თანამშრომელი. გარდა ამისა, კომპანიასთან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პერსონალური კავშირები ასევე დასტურდება ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც ვალერი ცერცვაძემ 2013 წელს საკუთარი ქონება იპოთეკით დატვირთა კომპანია „აიტექნიკის” (იმდროინდელი სახელი შპს „გრინეფლი ჯორჯია”) სესხის უზრუნველსაყოფად. ხელშეკრულების ნომერი ასევე დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადების ფარგლებში ჩვენ არ ვაფასებთ შპს „აიტექნიკ”-თან დაკავშირებულ სასამართლოში მიმდინარე კონკრეტული დავის შინაარსს და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობას, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ სამსახურეობრივი შესაძლებლობების ბიზნეს-კომპანიის სასარგებლოდ გამოყენების დადასტურებული შემთხვევა საზოგადოებაში აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს სასამართლოს თავმჯდომარის დაინტერესებაზე ამ კომპანიასთან დაკავშირებული სასამართლო დავის შედეგითაც.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად გადაცემული ავტომობილის ამგვარი გამოყენება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს საჯარო რესურსებით არამიზნობრივ სარგებლობას და არღვევს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლს, რომლის თანახმად, თანამდებობის პირს უფლება არა აქვს საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილება, ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა გამოიყენოს იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც არ განეკუთვნება მის საჯაროსამსახურებრივ უფლებამოსილებას. ამასთან, აღსანიშნავია ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტიც, რომელიც კრძალავს თანამდებობის პირის მიერ თავის ახლო ნათესავთან  ქონებრივი გარიგების დადებას. სასამართლოს თავმჯდომარის სამსახურეობრივ სარგებლობაში არსებული ავტომობილის კომერციულ რეკლამაში მონაწილეობა თავისი არსით ქონებრივი გარიგებაა და მატერიალურ სარგებელს აძლევს მისი ოჯახის ბიზნესს სახელმწიფო რესურსების ხარჯზე. მართალია, კომპანიის ამჟამინდელი ოფიციალური მესაკუთრე და დირექტორი (მოსამართლის ცოლის ძმა) კანონის თანახმად არ ითვლება მის ახლო ნათესავად, თუმცა აღნიშნულ კომპანიასთან სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახის და ახლო ნათესავების კავშირები უდავოა.

გარდა საჯარო რესურსების არამიზნობრივი გამოყენებისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ სასამართლოს თავმჯდომარის ქმედება ზიანს აყენებს მთლიანად სასამართლოს ავტორიტეტს და მიუკერძოებლობას, რადგან ავლენს სასამართლოს თავმჯდომარის დაინტერესებას მისი სამსახურეობრივი შესაძლებლობების გამოყენებით ხელი შეუწყოს მის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნეს-კომპანიის განვითარებას. ეს, თავის მხრივ კი, საზოგადოებაში აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს მის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებაზე მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებითაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაუყოვნებლივ გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები დისციპლინური სამართალწარმოების სახით, რათა დროული და ადეკვატური რეაგირებით თავიდან იქნეს აცილებული საზოგადოებაში სასამართლოსადმი ნდობის შელახვის დამატებითი, რეალური საფრთხე. ასევე, მნიშვნელოვანია, შესაბამისმა ორგანოებმა ყურადღების გარეშე არ დატოვონ კომპანია „Iphone+”-ის წარმომადგენლის განცხადება მასზე განხორციელებულ ზეწოლასთან და თვალთვალთან დაკავშირებით.“ – ნათქვამია განცხადებაში.

რამდენად ადექვატური იქნება ამ საკითხის მიმართ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭო? „აიფონ პლუსის“ დამფუძნებლის, მამუკა მარღიშვილის განცხადებით, “აიფონ პლუსმა” სასამართლოს განჩინების შემდეგ მიმართა პრემიერის ადმინისტრაციასა და იუსტიციის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს და მას აცნობეს ვალერიან ცერცვაძის “აიტექნიკთან” კავშირზე. პრემიერის ადმინისტრაციამ პროკურატურას მოუწოდა, მოეკვლია ეს საკითხი, თუმცა, მამუკა მარღიშვილის თქმით, იუსტიციის ეთიკის საბჭოში განუცხადეს, რომ საბჭო მოკვლევას ვერ დაიწყებდა, რადგან მიმართვა საჩივრის სპეციალურ ფორმაში არ იყო ჩასმული. ამას მარღიშვილი იმით ხსნის, რომ იუსტიციის ეთიკის საბჭოს დეპარტამენტს ხელმძღვანელობს მირიან გავაშელი, რომელიც ვალერიან ცერცვაძის უახლოესი მეგობარია:

„ის არის მისი მეჯვარე და ბავშვის ნათლია. გვაქვს ინფორმაცია, რომ ცერცვაძე და გავაშელი ერთად ართმევდნენ ხალხს ბიზნესს,” – განაცხადა მარღიშვილმა.

რა ბიოგრაფიები აქვთ  თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს და იუსტიციის ეთიკის საბჭოს დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მირიან გავაშელს?

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ვალერიან ცერცვაძე „ნაციონალური მოძრაობის“  ხელისუფლების დროიდან მუშაობს სხვადასხვა თანამდებობებზე. კერძოდ:

2002-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის უფროსად;

2004 წელს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;

2004-2005 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი;

2005-2007 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი;

2007 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე;

2007 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე;

2007 წელს არჩეული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად;

2008-2013 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 5 ოქტომბრის # 1/171 გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ;

ვალერიან ცერცვაძის შესახებ გაზეთ  For.ge-სთან  2014 წლის 4 აპრილს, პოლიტრეპრესირებული რამაზ გაგნიძე აცხადებდა: „ნაციონალების“ დროს ორჯერ ვიყავი დაჭერილი და ორჯერვე წამართვეს სხვადასხვა სახის ქონება: ერთხელ ბიზნესი, ერთხელ ბინა. ჩემი ბიზნესის წართმევაში კონკრეტულად ერეოდნენ ქალაქის სასამართლო ადმინისტრაციის მაშინდელი ხელმძღვანელი, ვალერიან გავაშელი, რომელიც ისევ სისტემაშია და იუსტიციის საბჭოს მაშინდელი მდივანი, დღესდღეობით, ქალაქის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ვალერი ცერცვაძე.“

„მეტრონომი“დეტალების უკეთ გასარკვევად  რამაზ გაგნიძეს დაუკავშირდა. როგორც გაგნიძემ განაცხადა, ვალერიან ცერცვაძე და ვალერიან გავაშელი მისი ბიზნესის ჩამორთმევაში ნამდვილად მონაწილეობდნენ.

რამაზ გაგნიძე: „2010 წელს ამერიკის მოქალაქემ, ვალ ირელიმ , თაღლითურად გადაიფორმა ჩემი ქონება, კერძოდ, განათების მაღაზია, სადაც 50 პროცენტიანი წილი მქონდა. ვალერი ცერცვაძემ და ვალერი გავაშელმა მას ე.წ. „კრიშა“ გაუკეთეს. მისი საუბრიდან გამომდინარე ისმოდა, რომ მას მაინც მიხედავდნენ და დაიცავდნენ. მე, ვალერიან ცერცვაძე და ვალერიან გავაშელი ვართ მეჯვარეები, უახლოესი სამეგობრო ვიყავით, 26 წლის განმავლობაში, მაგრამ  მათ  2010 წლიდან წყალი გადაასხეს ჩვენ ურთიერთობას. იმდენი იკადრეს, რომ დამიჭირეს როგორც მოწმე, სპეცოპერაციით და როგორც ბრალდებულს, ისე მკითხავდნენ. უნდა მომეწერა საბუთზე ხელი და ქონებაზე უარი მეთქვა, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ის წართმეული ქონება ექვსწლიანი სამოქალაქო დავის შემდეგ დავიბრუნე. ვალერიან გავაშელს და ვალერიან ცერცვაძეს ქონების წართმევის შემდეგ პირადად შევხვდი და ვუთხარი, რომ ვალ ირელი მათ ადებდა ხელს. გავაშელმა და ცერცვაძემ უარყვეს, რაზეც ვუპასუხე, რომ ამას დავიჯერებდი მაშინ, თუ ამერიკის მოქალაქესთან ერთად შემხვდებოდნენ და მისი თანდასწრებით გაიმეორებდნენ იმავეს. იმის მერე არცერთი შემხმიანებია და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ვალ ირელს ეხმარებოდნენ.

მათთან სისხლის სამართლებრივად არ მიდავია, ვალ ირელთან მქონდა სამოქალაქო დავა და მოვუგე.

სახელებს და გვარებს ნუ ჩამომათვლევინებთ, ვალერიან ცერცვაძის ბრძანებით ათასობით ადამიანია დაჭერილი. ის კურირებდა 2004-2006 წლებში პროკურატურას და მას შეასრულებინეს დაჭერები, რის შემდეგაც უბოძეს მაღალი თანამდებობა. ასევე დააჯილდოვეს ვალერიან გავაშელი დაწინაურებით.

„აიფონ პლუსის“ საქმის კურსში ვარ. ვალერიან ცერცვაძე როგორც ადრე ართმევდა ბიზნესს ხალხს, იმავეს აკეთებს დღეს. ვალერიან გავაშელი, რომელიც იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელობს, ვალერიან ცერცვაძეს არ დასჯის.

მოსამართლე ლევან მურუსიძე მათი მონაა. არ ვიცი მურუსიძე „ქართულ ოცნებას“ გაურიგდა თუ არა, მაგრამ გავაშელი, ცერცვაძე და მურუსიძე ერთმანეთს პატრონობენ. სანამ მურუსიძე იუსტიციის საბჭოს მდივანი იქნება, ვალერი გავაშელს სავარაუდოდ არავინ შეეხება. ვალერი ცერცვაძეს კი ერთ წელში ვადა გასდის. “-განაცხადა „მეტრონომთან“ რამაზ გაგნიძემ.

ვინ არის ვალერიან გავაშელი? – პრემიერ-მინისტრის მიერ გაცემული მითითება, ეთიკის საბჭომ შეისწავლოს „აიფონპლუსისა“ და „აიტექნიკის“ საქმე, „აიფონპლუსის“ დამფუძნებლის, მამუკა მარღიშვილის განცხადებით, გამორიცხულია, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან გავაშელი, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის მეჯვარე და ბავშვის ნათლიაა.

ვალერიან გავაშელი, რომელსაც ვალერიან ცერცვაძის საქმე პრემიერის დავალებით გადაეცა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიდან იკავებს სხვადასხვა თანამდებობას. მისი ბიოგრაფია შემდეგია:

1999–2003 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოქალაქეთა მისაღების კონსულტანტად, უფროს კონსულტანტად, მისაღების უფროსად, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად.

2003–2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსად, ,,მთავარ კონსულტანტად”.

2005 წელს მონაწილეობდა ჩეხეთში, ქალაქ პრაღაში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ რეგიონულ კონფერენციაში, თემა: ,,სასამართლოების ხელმძღვანელი რგოლის შექმნა და სტრატეგიის შემუშავება”.

 

2005–2010 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ცენტრალური აპარატის უფროსად.

2007 წელს იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროგრამის ფარგლებში, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.

2008 წლიდან არის USAID – სასამართლოს ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის DPK CONSULTING–ის მიერ განხორციელებული პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრი.

2010 წლის ზაფხულში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა სასამართლო მენეჯერის სასწავლო კურსი და ჩააბარა პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდები.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2010 წლის 18 ივნისის ბრძანებით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

2011 წლის 1 სექტემბრიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.

2012 წლის მაისიდან სექტემბრამდე იყო ონის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

 

2012-2013 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.

„მეტრონომი“ მასალაში მოყვანილი ბრალდებებიდან გამომდინარე დაუკავშირდა ვალერიან გავაშელს, თუმცა მან ამ ბრალდებების გაცნობის გარეშე განაცხადა, რომ „აბსურდზე კომენტარს ვერ გააკეთებს“:

ვალერიან გავაშელი: „დისციპლინური სამართალწარმოება არის კონფიდენციალური და ნადვილად არ მაქვს უფლება საკითხზე გესაუბროთ, ასე რომ, უკაცრავად, ნადვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს.

-„მეტრონომი“: ბატონო ვალერიან, ამ შემთხვევაში მასალაში საუბარია ბრალდებებზე, რომელმაც თქვენი მისამართით გაიჟღერა…

-„წარმოდგენა არ მაქვს მართლა ამ ბრალდებების შესახებ, ნამდვილად ვერ გავაკეთებ ამ აბსურდზე კომენტარს. ასე რომ, უკაცრავად, კარგად ბრძანდებოდეთ…“.

რაც შეეხება ვალერიან ცერცვაძეს, როგორც „მეტრონომს“ სააპელაციო სასამართლოს პრეს-მდივანმა განუცხადა, ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.

„მეტრონომი“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა პროკურატურისგან მიეღო ინფორმაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. პროკურატურის პრეს-ცენტრისგან რედაქცია ამ დრომდე ელის პასუხს. არადა, სულ რამდენიმე დღის წინ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით საკმაოდ ომახიანად ისაუბრა.

„აიფონ პლუსის“ საქმემ შესაძლოა ამ ხელისუფლების მთავარი მესიჯი, „ბიზნესი ტერორის გარეშე“ ეჭვქვეშ დააყენოს. თუ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ თუნდაც თეორიული ეჭვი ჩნდება, რომ კონკურენტ კომპანიას საკუთარი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით აჩერებს, ეს მხოლოდ „აიფონ პლუსის“, ან საზოგადოების პრობლემა არ არის. ეს პირველ რიგში მმართველ პარტიას  შეუქმნის საფრთხეს, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების  ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად სწორედ დატერორებული ბიზნესი და კორუფციული სასამართლო სისტემა სახელდება.

„მეტრონომი“ თვალს მიადევნებს „აიფონ პლუსის“ საქმეს და საზოგადოებას მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას დეტალურად მიაწვდის.

მანა ნოდია

 

იტვირთბა....