„პირველი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაიზრდება“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებსა და იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება.
„პირველი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაიზრდება. როგორც მოგეხსენებათ, თამბაქოს ფასი ერთ-ერთი დაბალია საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თამბაქოს პროდუქციისადმი სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და აქციზის გადასახადის ზრდა ამის გამოძახილი იქნება. ამასთანავე ვგეგმავთ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების კონტროლის გააქტიურებას. აქციზის განაკვეთი გაიზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზე, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის რეგიონის ქვეყნებში არსებულ განაკვეთებზე რამდენჯერმე დაბალი იქნება. აქციზის გადასახადის მატება შეეხება ნავთობპროდუქტებსაც. მოგეხსენებათ, ნავთობპროდუქტების მოხმარება ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს, რაც უარყოფითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე – ართულებს დიდ ქალაქებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, ამძიმებს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მიღებული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს ავტოპარკის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლებას და მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკების შემცირებას.
„ამ მხრივ საქართველოშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა – ჯერ განახევრდა, ახლა კი 60%-ით მცირდება აქციზის გადასახადი ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე. ელექტრომანქანების იმპორტი კი საერთოდ არ იბეგრება. ამასთანავე საქართველოში წლიდან წლამდე, შემცირების ნაცვლად, ავტომობილების რაოდენობა და შესაბამისად, ნავთობპროდუქტების მოხმარება და იმპორტის მოცულობა იზრდება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.