ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჭიკაიძე, იზორია, ჯანყარაშვილი, გომელაური: პრემიების ოდენობა, რომელიც ჩინოსნებმა მიიღეს

 

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” 2013 წელს შსს-ში გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ  IDFI ამ ინფორმაციას 2014 წლის ივნისიდან ითხოვდა, თუმცა შსს-მ მოთხოვნილი  ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ მოგვაწოდა, რაც 2016 წლის 19 ნოემბერს IDFI-მ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ერთობლივი განცხადებით მიმართეს საქართველოს პროკურატურას და მოითხოვეს გამოძიების დაწყება შსს-ს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე.

IDFI-ის ცნობით, 2013 წელს (იანვარი-ოქტომბერი) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 6 969 892 ლარი, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა 880 736 გაიცა ოქტომბერში.

შსს-ს ცენტრალური აპარატი

მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წლის ნოემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამდებობის პირებზე სულ გაცემულია 2 325 789 ლარი.

შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნულ პერიოდში პრემია მიღებული აქვს მხოლოდ თებერვალში – 4 335 ლარი.

მინისტრისგან განსხვავებით, სხვა თანამდებობის პირებზე უმეტესწილად, პრემია გაიცემოდა ყოველთვიურად და მნიშვნელოვნად აღემატებოდა მათ ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს.

მაგალითად: მინისტრის მოადგილეებზე 2013 წელს 10 თვეში გაცემულია დაახლოებით ნახევარი მილიონის ოდენობის პრემია, საიდანაც ალექსანდრე ტაბატაძემ მიიღო 113 500 ლარი, ალექსი ბატიაშვილმა – 107 250 ლარი, ლევან იზორიამ – 92 750 ლარი, ვახტანგ გომელაურმა 8 თვეში – 74 000 ლარი, დავით ხუციშვილმა – 69 750 ლარი, ხოლო გელა ხვედელიძემ 4 თვეში – 44 000 ლარი.

ერთჯერადად, მინისტრის მოადგილეებზე პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა გაცემულია ალექსანდრე ტაბატაძეზე – ივლისის პრემია 22 000 ლარი. 2013 წლის მაისში  ალექსი ბატიაშვილს პრემიის სახით მიღებული აქვს 15 750 ლარი, ხოლო ლევან იზორიას – 13 250 ლარი.

2013 წელს (10 თვე) ცენტრალური აპარატის 8 დეპარტამენტის უფროსებზე გაცემულია 377 250 ლარის ოდენობის პრემია, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა მიიღო ზვიად ჯანყარაშვილმა – 70 000 ლარი. ერთჯერადად ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსებს შორის ყველაზე დიდი თანხა მიღებული აქვს ავთანდილ თაბუნიძეს, აგვისტოს პრემია – 18 750 ლარი და ირაკლი ჩიმაკაძეს, სექტემბრის პრემია – 11 250 ლარი.

ორგანიზაციიამ ასევე მიიღო ინფორმაცია 2013 წლის 10 თვეში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გაცემული პრემიების შესახებ.

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის თანამდებობის პირების შემთხვევაში 2013 წელს  (10 თვე) პრემიის სახით სულ გაცემულია 1 174  894 ლარი, საიდანაც 5 დეპარტამენტის უფროსს მიღებული აქვთ 200 500 ლარი.  მათ შორის, ყველაზე დიდი თანხა კონსტანტინე მახარაშვილს და ვეფხია ჩიხლაძეს, თითოეულს 49 375 ლარი.

რაც შეეხება ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას, IDFI-ის ინფორმაციით, თანამდებობის პირებზე 2013 წელს (10 თვე) სულ გაიცა 389 170 ლარი პრემია, საიდანაც დირექტორს და მის ორ მოადგილეს მიღებული აქვთ 119 800 ლარი. დეპარტამენტის მაშინდელმა დირექტორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა ივლისის თვეში მიიღო 21 250 ლარის ოდენობის პრემია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამდებობის პირების შემთხვევაში 2013 წლის ნოემბრამდე ყველაზე დიდი თანხა პრემიის სახით გაიცა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 714 375 ლარი. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს ალექსანდრე ჭიკაიძეს 2013 წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით, ანუ 8 თვეში, პრემიის სახით მიღებული აქვს 66 250 ლარის ოდენობის პრემია, რაც საშუალოდ თვეში 8280 ლარს შეადგენს.

საგულისხმოა, რომ თანამდებობის პირთა მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაციის გაცემის ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაეკისრა.

იტვირთბა....