საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენებისა და თხილის ნაწარმის ფალსიფიკაციის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თხილის პროდუქციის გადამუშავების, დაფასოების, შეფუთვისა და გადაზიდვის პროცესში, დამზადებულ თხილის პროდუქციას შედარებით დაბალფასიანი და სხვა სამომხმარებლო თვისების და ხარისხის მიწის თხილი შეურია, რითაც პროდუქციას შეუცვალა თვისობრიობა, შემდგომში კი დაბალხარისხიანი თხილის ექსპორტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში განახორციელა.
გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, როგორც შპს “გლობალ თრეიდის” დირექტორმა, დაამზადა და გამოიყენა 65 ერთეული ყალბი საგადასახადო დოკუმენტი (შესყიდვის აქტი) იმის შესახებ, რომ თითქოსდა 1 911 356 ლარის ღირებულების თხილი შეისყიდა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.