ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

თურქმენეთში მიმდინარე გაერო-ს კონფერენციაზე  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მრავალწლიან თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის, ასევე შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო დონეზე ადამიანის უფლებათა ხელშეწყობის მიზნით, გაეროსთან და მის სტრუქტურებთან თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ამ თვალსაზრისით, მხარეებმა რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. პრეზიდენტმა გაეროს გენმდივანს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება გააცნო და შეშფოთება გამოთქვა, მიმდინარე წლის ნოემბერში, რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ, რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის შესახებ.

უწყების ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე 2017 წელს დაგეგმილი რეფერენდუმის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩატარების შემთხვევაში, ეს იქნება რუსეთის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისაკენ. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა განაგრძოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკა.

საქართველოს პრეზიდენტმა და გაეროს გენერალურა მდივანმა  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჰუმანიტარულ პრობლემებზეც იმსჯელეს და ყურადღება განსაკუთრებით, ე.წ. სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას განაცხადა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებს ჩამორთმეული აქვთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, თავისუფალი გადაადგილების და სხვა ფუნდამენტური უფლებები.

გაეროს გენერალური  მდივანის თქმით,  ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სწორედ ამ თემას და ყველა შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს ვითარების გამოსასწორებლად.

იტვირთბა....