განათლების მინისტრობის კანდიდატი ალექსანდრე ჯეჯელავა უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სტუდენტების ერთი ჯგუფი ცდილობს, გამოხატვის რადიკალურ ფორმებს მიმართოს.
“მე ვფიქრობ, ეს უფრო არის სტუდენტების ერთი ჯგუფი, რომელიც გამოხატავს, თანაც რადიკალური ფორმებით თავის უკმაყოფილებას. „აუდიტორია 115“-საც არ დავარქმევდი მართალი გითხრათ, იმიტომ, რომ მე ძალიან ინტენსიური ურთიერთობა მქონდა თავის დროზე „აუდიტორია 115“-თან და ძალიან ბევრი, ვინც ჩართული იყო ამ ჯგუფში, ახლა დამოუკიდებლად არის და არ ეთანხმება ამ ექსტრემალურ და ძალოვან ნაბიჯებს. გუშინ ძალიან ნეგატიურად მომხვდა ყურში მათი, რომ პრემიერმა არ შეასრულა დაპირება. ყველა პუნქტი, რასაც პრემიერი დაპირდა, ყველა არის დაძრული, ან მოგვარებულია ან მოგვარების პროცესშია. გუშინ რა მოთხოვნებიც გაჟღერდა, მათი დიდი ნაწილი ახალია. ეს მე ძალიან მაწუხებს და მიმითითებს იმაზე, რომ ეს ხალხი დაინტერესებულია გზადაგზა შეცვალოს მოთხოვნები იმისთვის, რომ არ დასრულდეს ეს პროცესი, რაც არ არის კონსტრუქციული“.-განაცხადა ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, „აუდიტორია 115“-ის წევრები თვითმმართველობის გაუქმებას, „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ 45-ე მუხლის გაუქმებას, სტუდენტურის საცხოვრებლის კეთილმოწყობას, განათლების დაფინანსების გაზრდას ითხოვენ.
„აუდიტორია 115“-ის წევრებმა გუშინ სტუდენტური თვითმართველობის არჩევნები გააპროტესტეს, რის გამოც პირველ კორპუსში არსებულ ოთხ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. მოგვიანებით, უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა.