აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი საზოგადოება სამართალი

ვის უნდა დაუკავშირდეს ქალი, თუკი ის მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლია

“მეტრონომის” ექსკლუზიური ინტერვიუ შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროს მაკა ფერაძესთან

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე, 25 ნოემბერი, საქართველოში მოქმედმა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც აღნიშნეს. სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 10 თვის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის გამო 13 ქალია მოკლული.

შსს-ს მიერ მორიგ სოციალურ კამპანიას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, სახელწოდებით „ძალა ნდობას“, უკვე მასობრივი გამოხმაურება მოჰყვა. ომბუდსმენის ანგარიშშიც მითითებულია, რომ შემაკავებელი ორდერების გაცემა გაიზარდა.

რას სთავაზობს სახელმწიფო ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს და როგორ ხდება მათი დაცვა მოძალადეებისგან, „მეტრონომს“ შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი, მაკა ფერაძე ესაუბრა.

„მეტრონომი“: შსს-ს მიერ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ წარმოებული სხვადასხვა პროექტიდან გამომდინარე, რა შედეგებზე შეიძლება ვისაუბროთ?

მაკა ფერაძე: შსს-ს მიერ 2014 წელსაც განხორციელდა სხვადასხვა კამპანია, რომელიც ხელს უწყობდა საზოგადოებისთვის იმის ჩვენებას, რომ სახელმწიფოში არსებობს ქმედითი მექანიზმი   ოჯახში ძალადობის დასაძლევად და მსხვერპლის დასაცავად.

პარალელურად, სამინისტრომ განახორციელა სამართალდამცველების მასშტაბური ტრეინინგი. ამ სენსიტიური საკითხის შესწავლისთვის საკმაოდ დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო. აქ მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმების ცოდნა არ არის საკმარისი, რადგან თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ოჯახური ძალადობა არის დახურული, ლატენტური დანაშაული, რის გამოც მისი გამოვლენა ჭირს. კერძოდ, როგორც წესი, დანაშაული დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს იმ სუბიექტებს შორის, რომლებსაც ერთმანეთთან ემოციური, ეკონომიკური თუ ნათესაური კავშირი აქვთ და ეს ხელს უშლით კონფლიქტი საჯარო გახადონ. მსხვერპლებს უჭირთ ასევე დახმარების თხოვნა, რადგან ამით აღიარებენ, რომ აქვთ პრობლემა, რომელსაც მარტო ვერ უმკლავდებიან. ცუდი ის არის, რომ ყველაზე მეტი მომართვიანობა ქალების მხრიდან იყო მხოლოდ მაშინ, როცა საფრთხე მათ შვილებზე გადადიოდა. ეს ფსიქოლოგიური მომენტი იყო – მანამდე ითმენდნენ ძალადობას, სანამ მხოლოდ მათ ეხებოდათ და შემდეგ ასაჯაროებდნენ, თუ მათ შვილებზე გადავიდოდა. ეს ტენდენცია უკვე შეცვლილია. უფრო მეტად აქტიურია მოსახლეობაც, მსხვერპლებიც და მათი გარშემომყოფებიც, რაც ძალიან გვახარებს, რადგან სამოქალაქო პასუხისმგებლობა საკმაოდ  რთულად შესაცვლელია. არცთუ დიდი ხნის წინ არსებობდა გამონათქვამი, „ოჯახის საქმეა, ვერ ჩავერევით“. გვინდა ეს ტენდენცია კიდევ უფრო შევცვალოთ, რადგან ეს ვინმეს პირად სივრცეში შეჭრა არაა. თუ სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს მოქალაქის უსაფრთხოებაზე ოჯახის გარეთ, ღია სივრცეში, ასეთივე პასუხისმგებლობა აქვს მას  ოჯახის შიგნით, დახურულ სივრცეში. ამიტომ ბარიერი „ოჯახის საქმეა“, სახელმწიფოს მხრიდან მოხსნილია.

პროექტი „ძალა ნდობას“ ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული, რომელსაც შსს ახორციელებს. ამის შედეგად გაზრდილია მომართვიანობა, ამაღლებულია საზოგადოების ცნობიერება, თუმცა თანამშრომლობის ნდობის დეფიციტი მაინც არსებობს:

მაგალითად, არის შემთხვევები, როცა კონფლიქტზე იძახებენ  ეკიპაჟს და მათ კონფლიქტი უკვე დახურული ხვდებათ, ან ეკიპაჟის მიერ, მისი განეიტრალების შემდეგ, რადგან იმ წუთიერი საფრთხე უკვე გამქრალია, მსხვერპლები და მოწმეები უკვე თავს იკავებენ შემდგომი თანამშრომლობისგან. იმისთვის რომ პოლიციამ ჩაატაროს ქმედითი ღონისძიებები, თუნდაც შემაკავებელი ორდერი გამოწეროს, აუცილებელია სათანადო ჩვენებები და მტკიცებულებები ჰქონდეს, რადგან ორდერს სასამართლო დამტკიცება სჭირდება. სასამართლოს კი სჭირდება ბრალდების ჩვენებით და მტკიცებულებებით გამყარება.

ასევე, თუ გამოძახება ხდება მესამე პირის მიერ, რომელსაც ფიზიკურად არ შეუძლია სხვა ჩვენების მიცემა, რადგან მხოლოდ ხმაური მოესმა და კონფლიქტის უშუალო მხარეები ძალადობას არ ადასტურებენ, საკმარისი საფუძველი არ არის ძალადობა ივარაუდოს პოლიციელმა. ამიტომ, აუცილებელია ყველა მხრიდან თანამშრომლობა და ჩართულობა.

– თუმცა, რა ბერკეტი აქვს სახელმწიფოს იმ დროს, როცა მესამე პირი ძალადობას ვერ ადასტურებს, კონფლიქტის უშუალო პირები კი, შიშის თუ სხვა მიზეზის გამო, ძალადობას უარყოფენ?

– ამისთვის გათვალისწინებულია ის, რომ სამართალდამცველებმა კონფლიქტში ჩართული მხარეები ცალ-ცალკე გამოკითხონ, რათა მათ შორის ფიზიკური და მხედველობითი კონტაქტი მაქსიმალურად იყოს აცილებული და ამით დაშინების ელემენტი გამოირიცხოს. თუ ცალკე გამოკითხვაზე მყოფი მსხვერპლი ძალადობას მაინც უარყოფს, ამ დროს პოლიციელი მას უტოვებს თავის საკონტაქტო ინფორმაციას, რომ საჭიროების შემთხვევაში მყისიერად დაუკავშირდეს და აძლევს ასევე ინფორმაციას იმ დამოუკიდებელი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში არსებობს. მხოლოდ პოლიცია არ რეაგირებს ოჯახში ძალადობაზე. მოქალაქეს, ვისაც აქვს მტკიცებულებები ამ ძალადობის შესახებ, შეუძლია მიმართოს სასამართლოს და დამცავი ორდერი მიიღოს.

– განვმარტოთ ძალადობა: რა შემთხვევაში უნდა მიმართოს მსხვერპლმა სამართალდამცველებს?

– 2006 წელს მიღებული იქნა კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, რომელმაც განსაზღვრა ძალადობის სახეობები. ამ ეტაპზე  გვაქვს ძალადობის 6 ფორმა:

1- ფიზიკური ძალადობა, 2- ფსიქოლოგიური ძალადობა-გამოიხატება შეურაცხყოფით, დაშინებით, შანტაჟით, მუქარით, კონტროლით და ა.შ.; 3 – ეკონომიკური ძალადობა – ოჯახის წევრის უფლების შეზღუდვა ისარგებლოს იმ მატერიალური სიკეთით, რომლით სარგებლობის უფლებაც აქვს. მაგალითად, ოჯახური ბიუჯეტის ვინმეს მიერ ცალმხრივად, ბოროტად მართვა; 4 – იძულება – ადამიანის იძულება იმ ქმედების გასაკეთებლად, რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა; 5 -სექსუალური ძალადობა – ეს სქესობრივ დანაშაულს არ გულისხმობს, რადგან ეს უკვე დანაშაულის ცალკე კატეგორიაა და სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. სექსუალური ძალადობა შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელი ქმედება, რომელიც მსხვერპლისთვის მორალურად მძიმე აღსაქმელია. 6 – უგულებელყოფა – ეს არასრულწლოვნებს უკავშირდება და გულისხმობს,  კანონიერი წარმომადგენლების, მშობლების მიერ მათი უფლება-მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას. ანუ, ბავშვების ინტერესების გამიზნულ, ბოროტ უგულებელყოფას. აღსანიშნავია, რომ  კანონიერ წარმომადგენლებს ამ ქმედების აღქმის უნარი უნდა ჰქონდეთ.

– ვის უნდა დაუკავშირდეს ქალი, თუკი ის მიიჩნევს, რომ მსხვერპლია და ეს კონკრეტულად რა შედეგს მისცემს?

– არსებობს საგანგებო ცხელი ხაზი 112 და ასევე ჯანდაცვის მიერ ოპერირებული საკონსულტაციო ცხელი ხაზი 116 (006) – აქ დეტალური ინფორმაციის გაცემა ხდება. მას შემდეგ, რაც მსხვერპლი იძახებს პოლიციას, ადგილზე გადის ყველაზე ახლოს მყოფი ეკიპაჟი, რომ სწრაფად მოხდეს რეაგირება. პოლიციელები კონფლიქტის განეიტრალებას იწყებენ, ადგილს შეისწავლიან და სამხილებს იღებენ (არეული ოთახი, დაზიანებული სახე თუ სხეული, ატირებული ბავშვი დ ა.შ.) და კონფლიქტის მხარეებს და მოწმეებს (არსებობის შემთხვევაში) ცალ-ცალკე გამოკითხავენ. თუ პოლიციელი რწმუნდება, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას, გამოსცემს შემაკავებელ ორდერს.

შემაკავებელი ორდერი- ეს არის სამართლებრივი აქტი, რომელიც მიმართულია იმისთვის, რომ მსხვერპლის უსაფრთხოება იქნას დაცული. ამ ორდერით, გარკვეული ვადით,  მსხვერპლთან მიახლოება ეზღუდება მოძალადეს, მიუხედავად იმისა, თუ ვისია ბინა. თუ მოძალადის არის ბინა, ამ შემთხვევაშიც ის ტოვებს ადგილს. ეს განისაზღვრება ინდივიდუალურად, სასამართლოს მიერ, 24 საათის ვადაში და გათვალისწინებულია საცხოვრებელი ადგილის მდგომარეობა და რამდენად შესაძლებელია მსხვერპლის და მოძალადის საერთო შენობაში დატოვება, შენობის ფართობის და განლაგების მიხედვით.

maxresdefault-1

– თუ დაარღვია მოძალადემ შემაკავებელი ორდერი, ამ შემთხვევაში რა ხდება?

– როგორც კი პოლიციელი ხელს აწერს ორდერს, ის იურიდიულ ხასიათს იღებს დ ამის დარღვევა პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს პირს. მისი დარღვევა უნდა დამტკიცდეს სასამართლოში და შემდეგ დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რომელიც როგორც პატიმრობას, ასევე შრომა-გამასწორებელ საქმიანობას ითვალისწინებს. თუ ორდერი კიდევ დაირღვა, ასეთ დროს უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება და თავისუფლების აღკვეთის მუხლი ამოქმედდება.

– რამდენად ეფექტურია შსს-ს მიერ დაწყებული სამოქმედო გეგმა და თუ არსებობს განმეორებითი მიმართვები ორდერის დარღვევასთან დაკავშირებით?

– მაგალითისთვის, 2013 წელს 221 შემაკავებელი ორდერი გაიცა, მაშინ როცა, 2016 წელს, ათი თვის მონაცემებით, ორი ათასზე მეტი შემაკავებელი ორდერია გაცემული. ფაქტია რომ მომართვიანობა გაიზარდა, რაც ნდობის ამაღლებას გულისხმობს. რაც შეეხება განმეორებით ზარებს, რომლებიც ორდერის დარღვევას ეხება, ეს ხშირი არ არის და ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი – ვივარაუდოთ, რომ შემაკავებელი ორდერი მუშაობს და მეორე, რაც უსაფუძვლო არ არის – მსხვერპლები თავად არ აცხადებენ დარღვევის შესახებ, რადგან იციან რა პასუხისმგებლობა დადგება მოძალადის მიმართ (თავისუფლების აღკვეთა). ამით ისევ ემოციურ დამოკიდებულებას ვუბრუნდებით ოჯახის წევრების მიმართ. მათ ურთულდებათ გაიმეტონ ოჯახის წევრები სასჯელაღსრულების სისტემისთვის. დარღვევის გამოვლენა კი გარკვეულწილად მსხვერპლის შეტყობინებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ მოძალადეს ეკრძალება მსხვერპლის სახლთან მისვლა, ამ სახლს ბუნებრივია პოლიციელი არ ყარაულობს.  მიახლოების, ანუ ორდერის დარღვევის შესახებ მსხვერპლმა უნდა აცნობოს პოლიციას და მოძალადე ყოველგვარი განხილვის გარეშე  აგებს პასუხს.

– ომბუდსმენის შეფასებაში ნათქვამია, რომ 2016 წლის განმავლობაში 13 ქალი შეეწირა ოჯახურ  ძალადობას.

– ეს, რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ავირიდოთ. მაგრამ ასევე სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ამის პრევენცია ასი პროცენტით შეუძლებელია. ეს მოდელი არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. თუმცა, შეგვიძლია თამამად  ვისაუბროთ რიცხვის შემცირებაზე.

– ომბუდსმენის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ  სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ხშირ შემთხვევაში არ ხდება ძალადობის განმეორების რისკის შეფასება.

– რა თქმა უნდა, სამინისტრო მუშაობს, რომ ყველა მექანიზმი გააუმჯობესოს. მივაღწიეთ შეთანხმებას „საიასთან“, რომ ყველანაირი  დახმარება აღმოგვიჩინონ ამ მხრივ და მათთან თანამშრომლობით ვგეგმავთ სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა შევისწავლოთ და ყველაზე ადაპტირებადი ჩვენ ქვეყანაში გადმოვიტანოთ.  რაც მთავარია, ძალადობა დასჯადია. გამოუცხადონ მოქალაქეებმა ნდობა იმ ძალას, რომელსაც შეუძლია მათი დაცვა.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავრობას და პარლამენტს ხელი შეუწყონ და დააჩქარონ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის საკითხებზე ევროსაბჭოს კონვენციის რატიფიცირება.

„ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროსაბჭოს კონვენცია“ (სტამბოლის კონვენცია) სტამბოლში, 2011 წლის 7 მაისს მიიღეს და მას ევროპის საბჭოს ბევრმა ქვეყანამ მოაწერა ხელი. კონვენცია მოიცავს ისეთ ნორმებს, რომლებიც არა მხოლოდ დეკლარირებას, არამედ რეალური შედეგების მიღებას უკავშირდება და ასახავს ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ფიზიკურ ძალადობას, რომელიც სქესობრივი ნიშნით არის მოტივირებული. ასევე, საყურადღებოა, კონფლიქტის და კონფლიქტის შემდგომ პერიოდში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები. დეტალური ინფორმაცია კონვენციის შესახებ ხელმისაწვდომია ევროპის საბჭოს ვებგვერდზე:

მანა ნოდია

 

 

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....