თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ დაემუქრება. რაც შეეხება ”აუდიტორია 115”-ის მოთხოვნას და პროტესტის ფორმას, შარვაშიძე გარკვეულ მოთხოვნებში ”აუდიტორია 115”-ს ეთანხმება, თუმცა ამბობს, რომ პროტესტის ფორმა მიუღებელია.
„ვეთანხმები, რომ ყველა სტუდენტი უნდა იყოს თანასწორუფლებიანი. ძალიან მომწონს იდეა – ავტონომია უნივერსიტეტს. რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით არის განხორციელებული ეს პროტესტი, გემოვნების საკითხია. მე ნამდვილად არ მომწონს ეს ფორმა და არ მინდა ხელი შეეშალოს სასწავლო პროცესს’, – განაცხადა თსუ-ს რექტორმა.
მისი თქმით, რაც შეეხება მოთხოვნას, რომ უკეთესი თვითმმართველობა იყოს, არსებობს შესაძლებლობა კანონში ცვლილებები შევიდეს.
”პარლამენტმა ახლა დაიწყო მუშაობა და არის საშუალება კანონმდებლობის გაუმჯობესების. უნდა მოხდეს ავტონომიის პრინციპის გაზრდა და ამაზე ჩვენ, საკანონმდებლო ორგანოც და ხელისუფლებაც ვთანხმდებით. უნივერსიტეტს უნდა გადაეცეს ის უფლებები, რომ თავად უნივერსიტეტმა განსაზღვროს თუ როგორი მოწყობა ურჩევნია. პრივილეგირებული ჯგუფები არ იქნება, ან აღარ იქნება. ამისთვის ყველაფერი გაკეთდა ამ ორი თვის განმავლობაში. მთავარი მოთხოვნა იყო, რომ არასწორად ნაწილდება თანხები. გვესმოდა, რომ პრივილეგირებულ ჯგუფებს ქონდათ წვდომა სხვადასხვა დაფინანსებასთან, თუმცა ღია სივრცეში არის ბრძანების პროექტი, სადაც გარკვევით წერია, რომ პირველი იანვრიდან აღარ იქნება მიზნობრივი თანხების გახარჯვა ნებისმიერი ჯგუფის მიერ. შეიქმნება კომპეტენტური საბჭო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა რექტორმა.
რაც შეეხება ”აუდიტორია 115”-ის მოთხოვნას სტუდენტურ საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებით, შარვაშიძის თქმით, ამ მიმართულებით ბევრი რამ კეთდება.
„ადმინისტრაციამ დაიწყო ამ საკითხის მოგვარება. რამდენიმე ახალგაზრდა, ვინც მეექსვე კორპუსის პიკეტირებას ახდენს ცხოვრობს საერთო საცხოვრებელში და კითხეთ, იქნებ რაიმე გაუმჯობესდა. დაწყებულია კვების საკითხების, სველი წერტილების მოგვარება, კეთდება Wi Fi, უფასო იქნება საბაგირო იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მაღლივ კორპუსში გადადიან საერთო საცხოვრებლიდან”, – განაცხადა რექტორმა.
შარვაშიძის განცხადებით, ეს არის პირველი პირდაპირი თვითმმართველობის არჩევნები თსუ-ში.
შეგახსენებთ, გუშინ „აუდიტორია 115-ის“ სტუდენტებმა თსუ-ს მე-6 კორპუსი დაიკავეს. მათი მოთხოვნებია:
„1.დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა “უმაღლესი განათლების შესახებ კანონში” 45 მუხლის გასაუქმებლად, რაც გულისხმობს თვითმმართველობის არსებული მოდელის გაუქმებას. შემუშავდეს საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების არჩევის პირდაპირი წესი.
2.კონსტიტუციაში განისაზღვროს, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების ქვედა ზღვარი, მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით.
3.გამოიყოს თანხა, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაციისთვის.
4.მოვითხოვთ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებას. საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები, პირდაპირი წესით, გაიმართოს მას შემდეგ, რაც მოხდება კანონის ცვლილება.
5.უნივერსიტეტის რექტორმა, შეასრულოს წინასაარჩევნი დაპირება და სასწრაფო წესით დაინერგოს უნივერსიტეტში გარე რეფერირების მექანიზმი“-ნათქვამია „აუდიტორია 115-ის“ მიმართვაში.