ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

როგორც უნივერსიტეტის მესამე კორპუსში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დემეტრე ეგნატაშვილმა განაცხადა, საარჩევნო უბნები 10.00 საათზე გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი 18:00 საათამდე გაგრძელდება. საუბნო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის შედეგებს დაითვლიან და არჩევნებიდან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს გამოაცხადებს.

ეგნატაშვილის ინფორმაციით, უნივერსიტეტში ყველა სამსახური მობილიზებულია და შეეცდებიან საარჩევნო პროცესი მშვიდობიანად გაგრძელდეს.  მისი თქმით, უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში, სადაც ახლა „აუდიტორია 115-ის“ სტუდნეტები  არიან, არც ერთი საარჩევნო უბანი განთავსებული არ არის, ამიტომ მათი პროტესტი არჩევნების ჩატარებას ხელს არ შეუშლის.

სულ უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 140 წევრი უნდა აირჩიონ, რეგისტრირებულია 174 კანდიდატი.

შეგახსენებთ, გუშინ “აუდიტორია 115-ის“ სტუდენტებმა თსუ-ს მე-6 კორპუსი დაიკავეს. მათ მიმართვაში ნათქვამია, რომ ისინი „ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობას“ ვერ შეეგუებიან.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აუდიტორია 115-სა და სახელმწიფოს შორის მრავალთვიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მიუხედავად მრავალგზის დაპირებისა, მთავრობამ არ შეასრულა ჩვენი არცერთი მოთხოვნა. ალბათ ყველას გვახსოვს, სახელმწიფოს უმაღლესი პირების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის, საჯარო განცხადებები, მათ არაერთხელ დაადასტურეს აუდიტორია 115-ის მოთხოვნების ლეგიტიმურობა და დაპირდნენ სტუდენტებსა და საზოგადოებას მათ შესრულებას.

ჩვენ, სტუდენტები, ვერ შევეგუებით ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობას. შესაბამისად დღეს დავიკავეთ სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი. ბრძოლას ვაგრძელებთ იქამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას:

1.დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა “უმაღლესი განათლების შესახებ კანონში” 45 მუხლის გასაუქმებლად, რაც გულისხმობს თვითმმართველობის არსებული მოდელის გაუქმებას. შემუშავდეს საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების არჩევის პირდაპირი წესი.

2.კონსტიტუციაში განისაზღვროს, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების ქვედა ზღვარი, მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით.

3.გამოიყოს თანხა, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაციისთვის.

4.მოვითხოვთ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებას. საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები, პირდაპირი წესით, გაიმართოს მას შემდეგ, რაც მოხდება კანონის ცვლილება.

5.უნივერსიტეტის რექტორმა, შეასრულოს წინასაარჩევნი დაპირება და სასწრაფო წესით დაინერგოს უნივერსიტეტში გარე რეფერირების მექანიზმი.

მოვუწოდებთ სტუდენტებსა და ლექტორებს, არასამთავრობო სექტორს, აქტივისტურ ჯგუფებს, შემოუერთდით სტუდენტურ პროტესტს.

ყველა სტუდენტი თანასწორია!”- წერენ “აუდიტორია 115-ის” წევრები.

 

დღეს პირველ საათზე „აუდიტორია 115“ საპროტესტო აქციას გამართავს.

 

იტვირთბა....