https://www.youtube.com/watch?v=GukiNJJ2AzY
“ჩვენ, სტუდენტები, ვერ შევეგუებით ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობას”- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის “აუდიტორია 115-ის” წევრები სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” გავრცელებულ მიმართვაში წერენ. მათ უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი დაიკავეს.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აუდიტორია 115-სა და სახელმწიფოს შორის მრავალთვიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მიუხედავად მრავალგზის დაპირებისა, მთავრობამ არ შეასრულა ჩვენი არცერთი მოთხოვნა. ალბათ ყველას გვახსოვს, სახელმწიფოს უმაღლესი პირების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის, საჯარო განცხადებები, მათ არაერთხელ დაადასტურეს აუდიტორია 115-ის მოთხოვნების ლეგიტიმურობა და დაპირდნენ სტუდენტებსა და საზოგადოებას მათ შესრულებას.
ჩვენ, სტუდენტები, ვერ შევეგუებით ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობას. შესაბამისად დღეს დავიკავეთ სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი. ბრძოლას ვაგრძელებთ იქამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება.
მივმართავთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას:
1.დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა “უმაღლესი განათლების შესახებ კანონში” 45 მუხლის გასაუქმებლად, რაც გულისხმობს თვითმმართველობის არსებული მოდელის გაუქმებას. შემუშავდეს საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების არჩევის პირდაპირი წესი.
2.კონსტიტუციაში განისაზღვროს, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების ქვედა ზღვარი, მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით.
3.გამოიყოს თანხა, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაციისთვის.
4.მოვითხოვთ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებას. საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები, პირდაპირი წესით, გაიმართოს მას შემდეგ, რაც მოხდება კანონის ცვლილება.
5.უნივერსიტეტის რექტორმა, შეასრულოს წინასაარჩევნი დაპირება და სასწრაფო წესით დაინერგოს უნივერსიტეტში გარე რეფერირების მექანიზმი.
მოვუწოდებთ სტუდენტებსა და ლექტორებს, არასამთავრობო სექტორს, აქტივისტურ ჯგუფებს, შემოუერთდით სტუდენტურ პროტესტს.
ყველა სტუდენტი თანასწორია!”- წერენ “აუდიტორია 115-ის” წევრები.
შეგახსენებთ, ხვალ, 25 ნოემბერს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებია ჩანიშნული.