ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შს მინისტრის მოადგილე გადადგა თუ გაათავისუფლეს: “მეტრონომმა” ინფორმაცია სანდო წყაროსგან მიიღო

შს მინისტრის მოადგილე, ზურაბ გამეზარდაშვილი თანამდებობას ტოვებს. არსებული ინფორმაციით, გამეზარდაშვილმა პოსტის დატოვების გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღო და მინისტრის სახელზე პატაკიც დაწერა. გამეზარდაშვილი შს მინისტრის მოადგილედ 2015 წლის აგვისტოდან მუშაობს.

“მეტრონომმა” სანდო წყაროსგან შეიტყო, რომ შს მინისტრის მოადგილის წასვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება პირადად მინისტრისგან მოდის. როგორც ჩვენი წყარო გვატყობინებს, მის ადგილზე უფრი კვალიფიციური კადრის დანიშვნაა დაგეგმილი.

მოგვიანებით, გამეზარდაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. მას უცვლელად გთავაზობთ:

“2011 წლის 7 ოქტომბერს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადებისა და საზოგადოებისთვის პოლიტიკური გეგმების გაცნობისთანავე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ვდგავარ საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში. 2012 წლის არჩევნებში კოალიცია ,,ქართული ოცნების” გამარჯვებისა და ავტორიტარული რეჟიმის დამარცხების შემდეგ, სამსახურს შევუდექი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად, ხოლო 2013 წლის 22 ნოემბრიდან ვიმსახურე შსს სასაზღვრო პოლიციის უფროსად. დაკავებულ თანამდებობაზე სამსახურის პერიოდში არ დამიზოგავს ძალ-ღონე და ენერგია სასაზღვრო უწყებაში მესაზღვრეთა სოციალური პირობებისა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია სასაზღვრო პოლიციის განსაკუთრებული წვლილი ვიზალიბერაციის მისაღებად საჭირო ვალდებულებათა შესრულებაში. 2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მივმართე პატაკით პირადი სურვილით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. მადლობას ვუხდი იმ გუნდს, ვისთანაც ერთად ამ პერიოდში მომიწია სამსახური საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და სასაზღვრო უსაფრთხოების განსამტკიცებლად, ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს მეგობარი ქვეყნების, განსაკუთრებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც შეცვალა ქართული პოლიტიკა და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის აღადგინა ურთიერთთანადგომისა და ურთიერთპატივისცემის ხიდი. მე ვრჩები მის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე ორიენტირებული გუნდის წევრად და მზად ვარ, როგორც რიგითი ჯარისკაცი მომავალშიც ვემსახურო ჩემს სამშობლოს”, – აღნიშნულია მიმართვაში.

 

 

იტვირთბა....