დღეს, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, სავარაუდოდ, პარტიათა საბიუჯეტო დაფინანსების შესახებ განკარგულებას გამოსცემს. პარტიების დაფინანსების ოდენობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით განისაზღვრება.
როგორც ცნობილია, სულ კვალიფიციური სუბიექტი 20 პარტიაა. აქედან 2016 წლის არჩევნებამდე კვალიფიციური 11 პარტია იყო: “ქართული ოცნება“, “კონსერვატიული პარტია“, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, “რესპუბლიკური პარტია“, “თავისუფალი დემოკრატები“, “ეროვნული ფორუმი“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, “ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, “პატრიოტთა ალიანსი“ და “ლეიბორისტული პარტია“- ისინი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ. “პირველი რადიოს” ინფორმაციით, ახლა მათ კიდევ 9 პარტია დაემატა:
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან“ ბლოკში შემავალი პარტიები: “ტრადიციონალისტები“, “თავისუფალი საქართველო“, “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“, “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ და “ახალი ქრისტიან-დემოკრატები“. კვალიფიციური სუბიექტი ხდება ბლოკ “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიულ მოძრაობაში“ შემავალი პარტია “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბლოკში მყოფი “ევროპული საქართველო“. 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, საბიუჯეტო დაფინანსების მიმღები ხდება პაატა ბურჭულაძის “სახელწიფო ხალხისთვის“ და გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო“.
კანონის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას ის პარტია იღებს, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა და მან ან საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 3% ან 3%-ზე მეტი მიიღო.
საკუთრივ საბაზო დაფინანსების ოდენობა წელიწადში 300 000 ლარია. აღნიშნული თანხა ორმაგდება იმ პარტიისა და ბლოკისთვის, რომელიც არჩევნებში ხმების 6%-ს ან მეტს მიიღებს.