16 წლის გოგონას ცხედარი, რომელიც შარტავას #43-ში, მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე იპოვეს, ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
შარტავას ქუჩის მცხოვრებმა ზაზა უგრეხელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი იცნობს გარდაცვლილის მამას და ოჯახის სხვა წევრებს. მისი თქმით, გარდაცვლილის მამა ყოფილი საბურთალოს ბაზრის ტერიტორიაზე ხილს ყიდის.
შარტავას ქუჩის მცხოვრების განცხადებით, მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე გუშინ დაცვამ მოზარდები შენიშნა და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. როგორც უგრეხელიძე აცხადებს, მოზარდები ტერიტორიიდან გავიდნენ, თუმცა დილით ადგილზე გარდაცვლილის და მოვიდა და მშენებარე კორპუსის სარდაფში 16 წლის დის ცხედარი აღმოაჩინა.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე მომუშავე პირების განცხადებით, ტერიტორიაზე ხშირად გაურკვეველი სექტის წარმომადგენლები იკრიბებოდნენ, რომლებიც „კატებს ატყავებდნენ“.
მათივე ინფორმაციით, ერთი შეხედვით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა.