გაეროს ბავშვთა ფონდი „იუნისეფი” ახალ კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც სიღარიბის მაჩვენებლები შემცირდა, თუმცა გაიზარდა ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები.
„ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს; მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ოჯახების საშუალო მოხმარება, არ შეცვლილა მათი შემოსავალი. ღარიბ ბავშვებს კვლავ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ვიდრე მათ თანატოლებს მდიდარი ოჯახებიდან” – ეს არის იუნისეფის მიერ დღეს წარმოდგენილი მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ზოგიერთი შედეგი.
მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და სწავლობს ოჯახებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე. 2015 წლის კვლევამ შეისწავლა სამომხმარებლო სიღარიბის, მატერიალური დეპრივაციის, სუბიექტური სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის მაჩვენებლები.
“საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სიღარიბესთან ბრძოლის სფეროში სოციალური ტრანსფერების, განსაკუთრებით კი, პენსიებისა და მიზნობრივი სოციალური დახმარების მეშვეობით,” – აღნიშნა ლაილა ომარ გადმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. “სიღარიბის მაჩვენებლები შემცირდა, მაგრამ ბავშვები კვლავ რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად. საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა უნდა პასუხობდეს სოციალურ გამოწვევებს, რომლებიც დგას მისი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების წინაშე. ბავშვის უფლებათა დაცვა ახლა ისე აუცილებელია, როგორც არასდროს – და არსებითია უფრო ძლიერი და სტაბილური საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. საჭიროა მეტი ინვესტიცია ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის, სხვაგვარად გვექნება ნელი ზრდა, მეტი უთანასწორობა და ნაკლები სტაბილურობა.”
მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ძირითადი მიგნებებია:
ბავშვიან ოჯახებს შორის სიღარიბის მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე უბავშვო ოჯახებში. ბავშვთა სიღარიბის დონე დაახლოებით 50%-ით უფრო მაღალია სოფლად, ვიდრე ქალაქებში.
უკიდურესი სიღარიბის (1.25 აშშ დოლარი დღეში, რაც სამ ლარზე ნაკლებია) დონე შემცირდა 2013 წელთან შედარებით 3.9-დან 2.1 პროცენტამდე მოსახლეობაში, ხოლო 6-დან 2.5 პროცენტამდე – ბავშვებში.
ზოგადი სიღარიბის (ზოგადი სიღარიბის ზღვარია დღეში 2.5 აშშ დოლარი, დღეში დაახლოებით 5 ლარზე ნაკლები) დონე მოსახლეობაში 2013 წლის 24.6 პროცენტიდან 18.4 პროცენტამდე, ხოლო ბავშვებში 28.4-დან 21.7 პროცენტამდე შემცირდა.
იმატა ადამიანთა მიერ სიღარიბეში ყოფნის სუბიექტურმა განცდამ. გაზრდილი ფასები, მძიმე ავადმყოფობა და ოჯახების შემოსავლის შემცირება დასახელდა ძირითად პრობლემებად, რასაც მოსახლეობა აწყდება.ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი 31%-ით გაიზარდა. მედიკამენტების შეძენა ჯანდაცვაზე გაწეული მთლიანი ხარჯების მთავარ კომპონენტად რჩება.
3-5 წლის ბავშვების საბავშვო ბაღებში დასწრების მაჩვენებელი 2015 წელს 62.3 პროცენტამდე გაიზარდა 2013 წლის 57.9 პროცენტთან შედარებით.” – აღნიშნულია კვლევაში.
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის განცხადებით, ყველა ბავშვს აქვს უფლება გაიზარდოს ჯანმრთელი და ძლიერი, იყოს განათლებული და დაცული, ჰქონდეს ისეთივე შესაძლებლობები ცხოვრებაში, როგორც სხვა ბავშვებს.
„ჩვენი ვალდებულებები ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით უნდა შეესატყვისებოდეს ჩვენს ქმედებებს თითოეული ბავშვისათვის. სოციალური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია შემუშავდეს ბავშვის უფლებათა დაცვის მრავალმხრივი სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის და განათლების უფრო ძლიერ სისტემებს საქართველოში თითოეული ბავშვის ცხოვრების გასაუმჯობესებლად.” – განაცხადა ლაილა ომარ გადმა.
www.interfactnews.ge