კვლევების მიხედვით, თბილისში მცხოვრებთა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ჰაერის დაბინძურება სახელდება. მითუმეტეს, რომ საქართველო იმ ქვეყნების სათავეშია, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ყველაზე მაღალ საფეხურზეა. ამის შესახებ ამერიკული სააგენტო Vox წერდა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი და ძველი, დიზელზე მომუშავე მანქანაა, რომელსაც მომწამვლელი გამონაბოლქვი აქვს და ამასთან, საქართველოში არ მოწმდება მანქანების მდგომარეობა. ეს ცალკე თემაა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით და განვავრცობთ.
ჰაერის დაბინძურებას კი სწორედ სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა საქმიანობა და სატრანსპორტო საშუალებათა მოქმედების ნარჩენი პროდუქტები იწვევს.
ამ მიზეზით, მსოფლიოში სპეციალური ტერმინიც კი გაჩნდა, „სმოგი“, რომელიც ჰაერის დაბინძურების ტიპს ასახავს: „შავი სქელი ნისლი, რომელიც წარმოიქმნება ბოლისა და ჭვარტლისაგან დიდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში“.
მაგალითისთვის, ჩინეთში ჰაერის რეკორდულად მძიმე დაბიძურება არცთუ იშვიათად ფიქსირდება. ამ დროს ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს შენობებში დარჩეს და თავი შეიკავოს ქუჩაში გასვლისგან.
ევროკავშირის გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გარემოსდაცვითი პრობლემების მოსაგვარებლად არ აქვთ ერთიანი მიდგომა. ჰაერის დაბინძურება მსოფლიო მასშტაბით გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი 4 ავტომატური სადგურის საშუალებით იწარმოება. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, სექტემბრის თვეში, წერეთლის და ყაზბეგის გამზირებზე, ვარკეთილსა და ვაშლიჯვარში მდებარე სადგურებით გაიზომა შემდეგი მავნე ინგრედიენტები: PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დოიქსიდი, NOX და ოზონი.
ცნობისთვის, ნახშირჟანგი: მხუთავი აირი, ძლიერი საწამლავი. ნახშირჟანგს აქვს უნარი ოქსიდჰემოგლობინიდან გამოდევნოს ჟანგბადი და წარმოქმნას კარბოქსიჰემოგლობინი, რაც იწვევს ორგანიზმში ჟანგბადის მიმოცვლის მოშლას.
გოგირდი: გოგირდი ძლიერი მჟანგავია. ამას გარდა გოგირდი მრავალ მეტალოიდსაც უერთდება. ის ადვილად შედის რეაქციაში ჟანგბადთან.
აზოტი: 1772 წელს აზოტი (სახელწოდებით «გაფუჭებული ჰაერი») როგორც მარტივი ნივთიერება აღწერა დანიელ რეზერფორდმა, მან გამოაქვეყნა მაგისტრული დისერტაცია, სადაც აღნიშნა აზოტის ძირითადი თვისებები (არ რეაგირებს ტუტესთან, წვას არ უწყობს ხელს, არ ვარგა სუნთქვისათვის).
ოზონი: აირი, რომელიც განსაზღვრავს დედამიწის ატმოსფეროში მზის რადიაციის შთანთქმის ხასიათს. ოზონის მოლეკულა ჟანგბადის მოლეკულისგან განსხვავებით 3 ატომს შეიცავს, რაც სასუნთქად მომაკვდინებელი ხდება, ამიტომაა რომ იგი ატმოსფეროში ნაკლებადაა და მაღლაა მოქცეული.
თბილისში, ჰაერის მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ:
წერეთლის გამზირზე გოგირდის დიოქსიდისა და ნახშირჟანგის საშუალო თვიური კონცენტრაციები ნორმის ფარგლებში იყო. აზოტის დიოქსიდის საშუალო თვიური კონცენტრაცია (0,0543 მგ/მ3) 1.4-ჯერ აღემატებოდა შესაბამის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას, აზოტის ოქსიდის (0,0769 მგ/მ3) – 1.3-ჯერ, ხოლო ოზონის (0,0335 მგ/მ3) 1.1-ჯერ აღემატებოდა შესაბამის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.
ყაზბეგის გამზირზე აზოტის ოქსიდისა და დიოქსიდის, გოგირდის დიოქსიდისა და ნახშირჟანგის საშუალო თვიური კონცენტრაციები ნორმის ფარგლებში იყო, ხოლო ოზონის საშუალო თვიური კონცენტრაცია (0,0513 მგ/მ3) 1.7-ჯერ აღემატებოდა შესაბამის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.
ვარკეთილში აზოტის ოქსიდისა და დიოქსიდის, გოგირდის დიოქსიდისა და ნახშირჟანგის საშუალო თვიური კონცენტრაციები ნორმის ფარგლებში იყო, ხოლო ოზონის საშუალო თვიური კონცენტრაცია (0,0681 მგ/მ3) 2.3-ჯერ აღემატებოდა შესაბამის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.
წერეთლის გამზირზე, ყაზბეგის გამზირსა და ვარკეთილში განსაზღვრული PM10-ის შემცველობა შედარებული იქნა ევროკავშირის მიერ დადგენილ 24-საათიან ნორმასთან. ვარკეთილისა და ყაზბეგის გამზირზე განთავსებულ სადგურებზე PM10-ის ყოველდღიური შემცველობა ნორმის ფარგლებში იყო, ხოლო წერეთლის გამზირზე 8 დღის მონაცემები აღემატებოდა ნორმას და მისი ყველაზე მაღალი კონცენტრაცია 0,065 მგ/მ3 დაფიქსირდა 20 სექტემბერს და ის 1,3-ჯერ აღემატებოდა ნორმას.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ასევე, ახალი პროექტის ფარგლებში ექსპრეს-ლაბორატორიის საშუალებით 28-30 სექტემბერს ჩაატარა ქალაქ თბილისისა და მისი შემოგარენის სხვადასხვა წერტილებში ატმოსფერულ ჰაერში მტვრის, ნახშირჟანგისა და აზოტის დიოქსიდის შემცველობის განსაზღვრები. აგრეთვე იზომებოდა ელ.მაგნიტური გამოსხივებისა და ხმაურის დონეები. შედეგად, დადგენილ ნორმებზე გადაჭარბების შემთხვევები დაფიქსირდა:
,,ვარკეთილთან“, მეტროსადგურ „სამედიცინო უნივერსიტეტთან“, მეტროსადგურ ,,ავლაბართან“, ვაშლიჯვარში- მ. მაჭავარიანის 65, პეკინისა და საბურთალოს ქუჩების კვეთაზე, 51 სკოლის შენობასთან, პარლამენტის შენობასთან, ლეღვთახევის ზემოთ ტრასაზე, არაყიშვილი-ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე, მდ.ვერესთან-პოლიციის შენობასთან, დიღმის მასივი-ყოფილი,,მიონის“ შენობასთან, დიდი დიღომი- იოანე პეტრიწის სახ.სკოლა იბერიასთან, ავტოსადგურ ,,ოკრიბასთან“, ფილარმონიასთან ვერის პარკში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან “, წყნეთი-,,სმარტთან”, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“, მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან” და მეტროსადგურ „ნაძალადევთან“…
ჰაერის დაბინძურება კიბოს, ფილტვებისა და გულის დაავადებებს იწვევს. რა არის ამ სასიკვდილო საფრთხის გამომწვევი მიზეზი და როგორ შეიძლება მისგან ქალაქის დაცვა, „მეტრონომს“გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ნოე მეგრელიშვილი ესაუბრა:
„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უმთავრესი მიზეზებია ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული დაბინძურება და ბუნებრივი წყაროები. ადამიანური მიზეზებით გარემოს დაბინძურებაში ძირითადი ადგილი უკავია ტრანსპორტის სექტორს, ასევე ენერგეტიკას, მრეწველობას და სოფლის მეურნეობის დარგს.
რაც შეეხება დაბინძურების ბუნებრივ წყაროებს, მრავალი ფაქტორია, მათ შორის: ღია გრუნტი, რომელიც მტვერის სერიოზული წყაროა, ასევე ბუნებრივი სტიქიური მოვლენები და ა.შ.
– რა მხრივ მიმდინარეობს მუშაობა ქვეყანაში გარემოს დაბინძურების შესამცირებლად და თავიდან ასარიდებლად?
– მაგალითად, ძალიან კომპლექსურია ტრანსპორტის სექტორის დარეგულირება ამ მხრივ. სამწუხაროდ, ქვეყანაში აღარ არსებობს ტრანსპორტის სამინისტრო, რომელიც ამ სექტორს მთლიანად მოიცავდა და არეგულირებდა. ამიტომ ეს ფუნქციები გადანაწილებულია სხვადასხვა სფეროს შორის, რაც მარტივი არ არის. ჩვენი სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში ყოველწლიურად ამკაცრებს საწვავის ხარისხს. წელს დავნერგეთ საწვავის ხარისხის სახელმწიფო კონტროლი, რომელიც იმედია მომავალ წელს კიდევ უფრო გააქტიურდება. 2018 წლიდან შემოდის ე.წ. ტექდათვალიერების აღდგენა მსუბუქი ავტომობილებისთვის, მანამდე კი ვცდილობთ, რომ მათთვის, ვისაც ახლაც ევალებათ ტექდათვალიერება (სატვირთო ავტომობლები, სამგზავრო ტრანსპორტი და სხვა), კონტროლი უფრო გამკაცრდეს. რაც შეეხება სამრეწველო სექტორს, უფრო უკეთ რეგულირდება და კონტროლდება ეროვნული კანონმდებლობით.
სამშენებლო კუთხით მშენებლობის სტანდარტის არ ქონა და მათი დაუცველობა, რომელიც შენობების აგებას თუ დაშლას ეხება, ქალაქში სერიოზული პრობლემაა. აქ მნიშვნელოვანია ეკოლოგიური სტანდარტის დაცვა. ეს საკითხიც თბილისის მერიასთან ერთად ზედამხედველობის სამსახურით უნდა გააქტიურდეს.
ასევე მწვანე საფარი ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ როლს თამაშობს. ეს საკითხი ჩვენი სამინისტროს კომპეტენციას სცდილდება და იმედი გვაქვს, რომ მერია შესაბამის ზომებს მიიღებს. ამის რეკომენდაციები სამინისტროს გაცემული აქვს და იმედი გვაქვს უფრო გამწვანდება ქალაქი.“ – აცხადებს ნოე მეგრელიშვილი.
მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობა ტექდათვალიერების შემოღებას გეგმავს, რომელიც, ამოქმედების შემდეგ, იმ მძღოლებისთვის გახდება პრობლემა, რომელთა დაზიანებული ავტომობილები ჰაერის დაბინძურებას იწვევს.
თუმცა, ხაზგასასმელია, რომ ჰაერის გამომუშავების და გაწმენდის უალტერნატივო და საუკეთესო საშუალება-მცენარეები, თბილისში, აქტიური მშენებლობების ფონზე არათუ ყურადღების მიღმა რჩება, არამედ, მიზანმიმართულადაც კი ისპობა.
სუფთა ჰაერი კი არ იყიდება.
მანა ნოდია