“მილსადენის აფეთქებაში მე არანაირად არ ვცნობ დამნაშავედ თავს”
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჯგუფურად განხორციელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
“მილსადენის აფეთქებაში მე არანაირად არ ვცნობ დამნაშავედ თავს. მე სხვა რაღაც მქონდა გამიზნული. თუ ის რაც მქონდა გამიზნული დანაშაულია, მაშინ გამოვიდნენ პროკურორები და გამომძიებლები და თქვან საჯაროდ, რომ ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა და ნებისმიერი ქმედება მათ წინააღმდეგ დანაშაულია”, – განაცხადა ბრალდებულმა ბექა ბექაურმა. ბრალდებულის თქმით, იარაღი, რომელიც სამალავებში იყო მას ეკუთვნოდა და მასთან ერთად დაკავებულმა პირებმა მისი გეგმების შესახებ არაფერი იცოდნენ.
“არც ჯაბა მელქაძე და არც ნუკრი ჭკადუა არ იყვნენ საქმის კურსში რას ვაკეთებდი. ეს იარაღი იყო ჩემი. შემდეგ საგამოძიებო სტრუქტურებისგან მოხდა ზეწოლა, რომ მათაც ეთქვათ დამნაშავეები რომ იყვნენ. ის ბრალი იყო ჩემი. ხოლო ტერორისტულ აქტს რაც შეეხება, თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ნამდვილ ტერორისტებს ჰალსტუხი უკეთიათ და 3 000-დოლარიანი მანქანები აქვთ” – განაცხადა ბრალდებულმა ბექა ბექაურმა წინასასამართლო სხდომაზე.
კიდევ ერთმა ბრალდებულმა ნუკრი ჭკადუამ განაცხადა, რომ არ იცოდა საქმის ვითარება. ”თავიდან არ ვიცოდი საქმის ვითარება. მივდიოდი იმ მიზნით, რომ მენახა იქ რა არის”- განაცხადა ნუკრი ჭკადუამ. ამ ნაწილში ის თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს. არცერთი ბრალდებული ტერორისტული აქტის ჯგუფურად განხორციელების მცდელობაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
შეგახსენებთ, ბრალდებულებს: ბექა ბ.-ს, ჯაბა მ.-ს, მინდია ვ.-ს, ვლადიმერ რ.-ს ბრალად ედებათ ტერორისტული აქტის მომზადება, ე. ი. აფეთქების ჯგუფურად მომზადება, რომელიც ქმნის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის და მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას; ხოლო ბექა ბ.-ს და ჯაბა მ.-ს ასევე ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება; ხოლო ჯაბა მ.-ს ასევე ბრალად ედება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, ნუკრი ჭ.-მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში დახმარება; ირაკლი ბ.-მ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა; ხოლო ლევან მ.-მ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით, რამაც სახელმწიფო ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
გამოძიების ცნობით, საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულები მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის წარმოშობის მიზნით, სოფელ საგურამოს მიმდებარედ მდინარე არაგვზე გამავალი გაზის სატრანზიტო მილსადენის ტერორისტული მიზნით აფეთქებას გეგმავდნენ. კერძოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გაემგზავრნენ დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში, სადაც ტყის მასივში არსებული სამალავიდან ამოიღეს ფეთქებადი ნივთიერებები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა, რა დროსაც ისინი სამართალდამცველებმა დააკავეს.