სამთავრობო ცვლილებები: დიასპორის სახელმწიფო მინისტრის აპარატი უქმდება. ის საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება.
„განხორციელდება შერწყმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მე მინდა ვუთხრა ყველა ჩვენს პარტნიორს და მეგობარს, რომ ეს თემა განიხილოს მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში, იმიტომ, რომ ეს პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენი სამსახურის კედლებში წლების განმავლობაში, გააგრძელებს მუშაობას უფრო მაღალ გემბანზე,“ – განაცხადა გელა დუმბაძემ.
მისი განცხადებით, ის სავარაუდოდ იქნება ელჩი ერთ-ერთ ქვეყანაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება. ამ ფაქტს ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი არც ადასტურებს და არც ურყოფს.
მინისტრთა კაბინეტი არსებული შემადგენლობით დღეს სავარაუდოდ ბოლო სხდომას გამართავს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი მთავრობის წევრები უკვე 21 ნოემბერს უნდა დასახელდნენ.