ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ფონიჭალაში, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვა

დღეს, საქალაქო სასამართლოში ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 27 წლის გიორგი ხაბელაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობა, დაცვისა და ბრალდების მხარის შუამდგომლობები, საპროცესო შეთანხმება და არსებითი განხილვის დაწყების საკითხები განიხილეს.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაცვის მხარის შუამდგომლობა გიორგი ხაბელაშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე გირაოს სახით სასამართლოს 100 000 ლარს სთავაზობდა.

თავად ბრალდებულმა და მისმა ადვოკატებმა უარი განაცხადეს, საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მოხდეს. მომდევნო წინასასამართლო სხდომა 22 ნოემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ,  მიმდინარე წლის 22 თებერვალს, თბილისში, ზემო ფონიჭალაში, 1972 წელს დაბადებული ნონა რომანიძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის – მარიამ მამფორიას სასტიკი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება თვეების განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა.

ამ უმძიმესი დანაშაულის გახსნის მიზნით, განხორციელდა არაერთი საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიება. აღებული იქნა რამდენიმე ასეული ნიმუში საექსპერტო კვლევებისთვის. ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა, მათ შორის, ბალისტიკური, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, ფიზიკო-ტექნიკური, ქიმიური, სახანძრო-ტექნიკური და სხვა. მოწმის სახით დაიკითხა ასეულობით პირი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შესწავლილი და დამუშავებული იქნა გამოძიების მიმდინარეობისას წარმოშობილი სხვადასხვა ვერსია.

შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზემო ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, მცირეწლოვნის, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ხ. თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ხ.-მ მიმდინარე წლის 22 თებერვალს, დილით, თბილისში, ზემო ფონიჭალაში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ცივი იარაღით 29 ჭრილობის მიყენების შედეგად, მოკლა 1972 წელს დაბადებული ნონა რომანიძე და 16 ჭრილობის მიყენების გზით – მისი მცირეწლოვანი შვილი, მარიამ მამფორია, რის შემდეგაც, კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დანაშაულის ჩადენის იარაღსა და შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ სხვადასხვა ნივთზე დაკავებულის გენეტიკური პროფილის კვალი აღმოჩნდა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის და, მათ შორის, მცირეწლოვნის, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს).

იტვირთბა....