„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გოგლა ჟვანია, რომელიც პარტიის საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა, „მეტრონომთან“ საუბრისას ამბობს, რომ მასთან დაკავშირებით იყო პატარა შეთანხმება, შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ სრული თავისუფლება ჰქონდა გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.
„შეთანხმება მდგომარეობდა იმაში, რომ „ქართული ოცნება“ საჭიროებიდან გამომდინარე მიიღებდა გადაწყვეტილებას. პოლიტიკაში გრძელვადიანი გეგმები არ მქონდა. ამ წუთში თუ იქნებოდა საჭიროება, მზად ვიყავი რომ მიმეღო მონაწილეობა. თუ არ იქნებოდა აუცილებლობა – არ მივიღებდი, დაახლოებით ასეთი შეთანხმება იყო ანუ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა სრული თავისუფლება გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით“ – განუცხადა „მეტრონომს“ გოგლა ჟვანიამ.
თუმცა ის იმასაც ამბობს, რომ პოლიტიკიდან წასვლა ჯერ დაგეგმილი არ ჰქონდა და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც უკვე ჩამოყალიბებული სია იხილა. მან ამის შემდეგ შეიტყო, რომ სიაში არ იყო.