სოსო ცისკარიშვილი: “ბატონი ტრამპი ცდილობს მიბაძოს ბატონ სააკაშვილს”
აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არალეგალ მიგრანტებთან მკაცრი პოლიტიკის გატარებას გეგმავს. მისი განცხადებით, 2-3 მილიონი ადამიანი გასახლდება ქვეყნიდან:
“ვაპირებთ, რომ კრიმინალები, წარსულში ამა თუ იმ დანაშაულზე ნასამართლევი პირები გავასახლოთ ქვეყნიდან – ბანდების წევრები, ნარკოტიკებით მოვაჭრეები და სხვები. დაახლოებით 2-3 მილიონი ადამიანი”, – ამბობს ტრამპი აშშ-ში არალეგალურად მცხოვრებ მიგრანტებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის გაცხადებული საემიგრაციო პოლიტიკა უკვე არსებულის მსგავსია, რადგან ობამას ადმინისტრაციის პრიორიტეტიც სწორედ კრიმინალების გასახლება იყო, რის შედეგადაც, ობამას მმართველობისას ქვეყნიდან 2.5 მილიონზე მეტი ადამიანის დეპორტაცია მოხდა, ტრამპის არაპროგნოზირებადმა ხასიათმა და ხმამაღალმა განცხადებებმა გააჩინა კითხვები, შეიძლება თუ არა შტატებიდან არალეგალი მიგრანტების მასობრივი დეპორტაცია დაიწყოს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების და უფრო მეტიც, აშშ-ს სავიზო პოლიტიკა გამკაცრდეს.
პოლიტოლოგი და “დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტი, სოსო ცისკარიშვილი „მეტრონომთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკა არალეგალ მიგრანტებთან დამოკიდებულებაში სწორია, მაგრამ თუ საქართველოს მოქალაქეთა დიდი რაოდენობა აღმოჩნდა მათ შორის, შეიძლება საქართველოს შტატებთან სავიზო რეჟიმის პრობლემაც შეექმნას:
„კრიმინალების მიმართ ამგვარი, მკაცრი დამოკიდებულება სრულიად ბუნებრივია. როგორც ჩანს, ბატონი ტრამპი ცდილობს მიბაძოს ბატონ სააკაშვილს, რომელმაც ქურდული და შესაბამისად, კრიმინალური „საზოგადოების“ ნაწილი გააქცია საქართველოდან, ყოველგვარი საკანონმდებლო წინაპირობების საფუძველზე. არ ვფლობთ ინფორმაციას თუ რამდენი ჩვენი თანამემამულე იხდის სასჯელს ამერიკის ციხეებში, რაც ამ მხრივ პროგნოზების გაკეთებაში დაგვეხმარებოდა. ჩვენ გვახსოვს, რომ თავად სკეპტიკურად ვუყურებდით ევროპის მიმართულებით ვიზალიბერალიზაციას, გამომდინარე იმ მრავალი ათასი პატიმრისგან, რომლებიც ჩვენი თანამემამულეები არიან და სასჯელს იხდიან ევროპაში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ იქ სიდიდით მე-16 ქვეყანა ვართ და იმ ქვეყნების ნაწილიც კი, რომლებსაც მეტი პატიმარი ჰყავთ, უკვე სარგებლობდა ვიზალიბერალიზაციით. შესაბამისად, ასეთი შედარებაც შეიძლება გაკეთდეს აშშ-ზე. ვინც არ არღვევს სავიზო რეჟიმს, იმას არანაირი სავიზო პრობლემა არ შეექმნება. თუმცა, თუ დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ მაღალი პროცენტია ქართველ სამართალდამრღვევთა რაოდენობა, შეიძლება დავემშვიდობოთ ათწლიან ვიზებს აშშ-სთან. ასეთ ვითარებაში, ნაცვლად გაძლიერებისა, ვაპირებთ, რომ ის სამინისტრო მოვსპოთ, (დიასპორის) რომელიც სწორედ მიგრანტებთან უნდა ყოფილიყო აქტიურ კომუნიკაციაში, ეს კი არასწორია.“ – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი „მეტრონომთან“.
საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ნიკა ჩიტაძე აშშ-ს სავიზო პოლიტიკას ისედაც მკაცრად მიიჩნევს, შესაბამისად, ტრამპის განცხადებებიდან გამომდინარე, მის უფრო გართულებას არ ელოდება:
„სავიზო კავშირი არ გართულდება, რადგან ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქე, ვინც იმსახურებს, ათწლიან და მრავალჯერად ვიზას იღებს. შესაბამისად, აღნიშნული საქართველოსა და აშშ-ს სავიზო რეჟიმზე ნეგატიურად არ აისახება. აშშ-ს საემიგრაციო პოლიტიკა ისედაც მკაცრია. მე პირადად, როცა გახლდით ამერიკაში, მარტში, მესაზღვრე 20 წუთის განმავლობაში მისვამდა კითხვებს, მიუხედავად იმისა, რომ ვიზა მქონდა და ოფიციალური ვიზიტით ვიყავი. ამ მხრივ ისედაც შეიძლება ითქვას, რომ რეჟიმი გამკაცრებულია. ვინც არღვევს საემიგრაციო წესებს, ის დეპორტაციას ექვემდებარება, ეს ყველა ქვეყანაში ასეა. ტრამპის პოლიტიკა არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით არ აისახება საქართველოსა და აშშ-ს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ურთიერთობებებზე.“ – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.
„მეტრონომთან“ საუბარში ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ტრამპის სამიგრაციო პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეებზეც იმოქმედებს, რადგანაც ქართული დიასპორა აშშ-ში საკმაოდ მრვალად არის წარმოდგენილი:
„ის ამას აუცილებლად გააკეთებს… და ამაში, რა თქმა უნდა, შედიან ის ქართველებიც, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან ქვეყანაში“, – აცხადებს „მეტრონომთან“ მაისაია.
მისი თქმით, ფედერალურ საგამოძიების ბიუროს აქვს მსუყე მასალები ე.წ. “ქართული მაფიის” შესახებ, რომელიც რუსულ მაფიასთან ერთად საკმაოდ წარმატებით მოქმედებს აშშ-ს აღმოსავლეთ მხარეს:
„ეს არის ტრამპის მთავარი მესიჯი, რითაც მან გაიმარჯვა არჩევნებზე და ეს იქნება მისი პირველი ნაბიჯი“ – ამბობს მაისაია.
არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში წასულთა სავარაუდო რაოდენობა 30 000-დან 100 000-მდე მერყეობს. მათ შორის 85-90%-ს ქალია, რომელთა უმრავლესობაც არალეგალური სტატუსით მეორად სამსახურებში, ანუ ძიძებად და მომვლელებად მუშაობენ.
ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებზე ზუსტი მონაცემი არ არსებობს. სავარაუდო ციფრი 70 000 – მდე აღწევს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქართველების უმეტესობა სწორედ ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებშია თავმოყრილი. აქედან ძირითადი ნაწილი ქალბატონები არიან.
მანა ნოდია