სამტრედია-ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის დროს დაშავებული მორაგბის გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის, ნუცა გუნცაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
გიორგი ლომინაძის განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
“ჩემი და ნუცას რეაბილიტაცია წარმატებით მიმდინარეობს. მე დღეს მივდივარ თურქეთში, ფეხების მდგომარეობა უნდა შევამოწმოთ, გავიგოთ შემიძლია თუ არა ადგომა. წინასწარ არ ვიცი რამდენი ხანი დავრჩები იქ. ნუცა თბილისში აქტიურ რეაბილიტაციას გადის. თუ საჭირო გახდა, მერე ალბათ საფრანგეთში, ან გერმანიაში წავალთ”.- აცხადებს ლომინაძე.
ლომინაძე მადლობას უხდის მოქალაქეებს თანადგომისთვის და მორაგბე მერაბ კვირიკაშვილთან ურთიერთობაზეც საუბრობს.
“ძალიან ისეთი დეტალები მახსოვს, რომელსაც მაშინ მოვყვები, როცა ყველაფერი კარგად იქნება. ფაქტობრივად, თავიდან დავიბადეთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის. დღემდე აქტიურობენ და “ფეისბუქზე” უამრავ თბილ სიტყვას გვწერენ. არ ველოდი ასეთ მხარდაჭერას, როცა ჩემმა ძმამ და მეგობრებმა მითხრეს როგორ აქტიურობდა ხალხი ჩვენს დასახმარებლად, შოკში ვიყავი. ჩემმა მეგობრებმა და ხალხმა შეუძლებელი შეძლო, რისთვისაც თქვენც დიდ მადლობას გიხდით. მეგობრობის გარდა, მე და მეკო ოჯახის წევრები და ძმები ვართ.- ამბობს ლომინაძე.
წყარო: ambebi.ge