“მე დავით ჩაჩიბაია, რომელიც ვარ პატიმარი და ბრალდებული სასამართლოში მოწმედ ვიწვევ გივი თარგამაძეს”, – ამის შესახებ ე.წ. „კანონიერი ქურდობისა“ და საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დაკავებული დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას წერილშია ნათქვამი, რომელსაც მისი ადვოკატი თამარ აბესაძე ავრცელებს.
როგორც ჩაჩიბაია აღნიშნავს, მისი დაკავება მოხდა ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის განცხადების საფუძველზე, თუმცა ის ამჟამად თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას და თუნდაც მის კითხვებზე პასუხის გაცემას.
”ჩემი საქართველოში ჩამოსვლა მოხდა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. უკრაინის მოქალაქე ვარ დღესაც, თუმცა სააკაშვილის ხალხს ხელი არ შეშლიათ განეხორციელებინათ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, უკრაინის სახელმწიფოს გამოყენებით, მოვეპარე და იძულებით გამოვეშვი საქართველოში, რასაც მოჰყვა წინასაარჩევნოდ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი შემსრულებლის, კერძოდ, გივი თარგამაძის განცხადებები, როგორც მათ მიერ დაქირავებული ”რუსთავი 2-ის” ტელევიზიის საშუალებით, ასევე ამჟამად ძალიან მოდური ინტერნეტსივრცით, სადაც გივი თარგამაზე “იუწყებოდა” თუ როგორ ჩამოდიან საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდები და საქართველოს უშიშროების სამსახურს თუ როგორ სძინავს.
გივი თარგამაძის ჩვენების საფუძელზე მოხდა ჩემი დაკავება. თითქოსდა საშიში დამნაშავე ვიყავი. ამჟამად საქმე იხილება სასამართლოში, სადაც მთავარი მოწმე გივი თარგამაძე არც აპირებს შეასრულოს თავისი მოქალაქეობრივი ვალი, ტელევიზიას და ინტერნეტს თავი დაანებოს, მოვიდეს და სასამართლოში მისცეს ჩვენება. ძალიან ბევრი კითხვები მაქვს მასთან, თუმცა იგი ყველა ღონეს იხმარს, რომ სასამართლოში არ დაიკითხოს და შეეცდება თავი აარიდოს ჩემს კითხვებს. უბრალოდ მან თავისი საქმე შეასრულა წინასაარჩევნოდ – სურდა რა ჩირქი მოსცხებოდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და ამ მიზნის განხოციელებაში ის კი დაავიწყდა, რომ თავად არის პასუხისგებაში მისაცემი, რადგან მან დამალა მძიმე დანაშაულში მხილებული პირი (ჩემს თავს ვგულისხმობ). მან ფაქტიურად დაარღვია კანონი. მე დავით ჩაჩიბაია, რომელიც ვარ პატიმარი და ბრალდებული სასამართლოში მოწმედ ვიწვევ გივი თარგამაძეს. დაე პასუხი აგოს იმ შეთქმულებაზე, რომლიც ერთად დაგეგმეს ”ნაციონალებმა” და უკრაინაში მოქმედმა” ნაციონალებმა”, რომელთა პოლიტიკურ თამაშსაც ვემსხვერპლე მე. აქვე მინდა აღვნიშნო და გამოვხატო წუხილი მოქმედი მთავრობის და სამართალდამცავი ორგანოების მისამართით, თუ რატომ წამოეგნენ ”ნაციონალების” დადგმულ პროვოკაციას ისე, რომ არ გადაუმოწმებიათ იყო თუ არა ჩემი დაკავება ის უკიდურესობა და აუცილებლობა, რომელიც დღესდღეობით გვაქვს”, – ნათქვამია დავით ჩაჩიბაია-გერლიანის წერილში, რომელსაც მისი ადვოკატი ავრცელებს.
როგორც ბრალდებული აღნიშნავს, თუკი საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, მაშინ არ უნდა ხდებოდეს ადამიანის დაკავება მაშინ, როცა არ არსებობს მტკიცებულებები.
”ფაქტიურად ”ნაცების” დაკრულზე ცეკვავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, რაც ძალიან მიუღებელია. მე დავით ჩაჩიბაიას არც დასაჭერად მქონდა საქმე და არც საქართველოდან გასაქცევად, რადგან მიმაჩნია, რომ საქართველო არის მართლაც დემოკრატიული ქვეყანა და შესაბამისად, არ უნდა ხდებოდეს ადამიანის დაკავება მაშინ, როცა არ არსებობს მტკიცებულებები. გივი თარგამაძემ გამოწვევა უნდა მიიღოს თუკი შერჩენია ოდნავი გამბედაობა. ველოდები სასამართლოში”, – ნათქვამია ე.წ. კანონიერი ქურდობისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დაკავებული დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას მიმართვაში.
„მეტრონომი“ ჩაჩიბაიას ადვოკატს, თამარ აბესაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ „კანონიერი ქურდი“ იმ შემთხვევაში უნდა დააკავონ და გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანონ თუ მას მიღებული აქვს მონაწილეობა ქურდულ გარჩევაში, აწარმოებდა „რეკეტს“ ქურდული სამყაროს აღორძინებისთვის, ასევე უნდა იყოს ე.წ. „ობშიაკის“ თანხების ტრიალიც. აბესაძე კი ამბობს, რომ დავით გერლიანის საქმეში არც ერთი ასეთი მტკიცებულება არ არის.
„ჩაჩიბაია არის ძალიან გულგატეხილი ჩვენს ქვეყანაზე. მისი თქმით, გივი თარგამაძემ თავისი საქმე შეასრულა, წინასაარჩევნოდ ააგორა პიარი, რომ თითქოს კანონიერი ქურდები ასე შემოდიან საქართველოში და შსს-ს, ასევე სუს-ს სძინავს, მაგრამ ეს იყო ოდესაში მყოფი „ნაციონალი“ ყოფილი მაღალჩინოსნების, ლორთქიფანიძის, ხატია დეკანოიძის მიერ აგორებული ამბავი. სწორედ მათ გადმოუგდეს ვიდეორგოლი გივი თარგამაძეს. მან კი აცალა ჩაჩიბაიას საქართველოში ჩამოსვლა, თორემ შეეძლო მანამდეც გაევრცელებინა ეს ვიდეო.
დავით ჩაჩიბაიას დანაშაული არ აქვს ჩადენილი. ამავდროულად, ის არის უკრაინის მოქალაქე. ამის დამადასტურებელი დოკუმენტი დევს საქმეში და მისი ავთენტურობა დადასტურებულია. შსს-მიერ გაკეთებულია განცხადება, რომ ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელშიც საუბედუროდ „ნაციონალური მოძრაობა“იღებდა მონაწილეობას“- განუცხადა „მეტრონომს“ ჩაჩიბაიას ადვოკატმა თამარ აბესაძემ.
შეგახსენებთ, ამ წლის ივნისში შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას, ”კანონიერი ქურდობის” ბრალდებით დაკავებული იქნა დავით გერიანი.
„მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია მის სახელზე გაცემული უკრაინის რესპუბლიკის პასპორტი. ხსენებული პირი 2016 წლის 22 ივნისს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა საქართველოს საზღვრის დატოვებას”, – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ივნისში.