ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ის ექსპერტები ეხმაურებიან, რომლებიც დაზიანებულ ისტორიულ ძეგლზე ამჟამად მუშაობენ.
მათი თქმით, საპატრიარქოს რამდენიმე განცხადება მათთვის გაუგებარია.
„მე ვიმედოვნებ, რომ ძირითადი ნაწილი გაიწმინდება. თავიდანვე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ დიდი იმედი მაქვს ძალიან კარგი შედეგის, მაგრამ საბოლოო შედეგამდე რაიმე დაზუსტებით თქმა არაკომპეტენტურია. ერთი სანტიმეტრი ხომ შეიძლება, მაინც დარჩეს და ვარძიის ერთი სანტიმეტრიც უკვე ძალიან სერიოზულია. არის სირთულეები, რადგან ფერი რაც არის, ზოგად ფქვილად არის ქცეული და იმის ზემოდან ჭვარტლი რაც არის, შეიძლება, იმ ადგილას ისევ დარჩეს იმიტომ, რომ ფერი არ წამოჰყვეს იმ ჭვარტლს,“ – აცხადებს სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა კუპრაშვილი.
საპატრიარქოს განცხადებაში წარმოდგენილია ამონარიდი მათ მიერ ვარძიაში გაგზავნილი სპეციალისტების დასკვნიდან, სადაც ნათქვამია, რომ “მოხატულობის ხანძრამდელ მდგომარეობამდე მიყვანა სრულიად შესაძლებელია და არ იქნება დაკავშირებული დიდ სირთულეებთან, იგი ასევე არ მოითხოვს დიდ დროსა და ხარჯებს”.
რაც შეეხება საპატრიარქოს მოთხოვნას საკონსერვაციო სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით, ნანა კუპრაშვილი ამბობს, რომ სრული საკონსერვაციო სამუშაოები ამ ეტაპზე არც იგეგმება და ზამთრის პერიოდის გასვლის შემდეგ გახორციელდება. თუმცა, მისივე თქმით, პირველადი სამუშაოების ჩატარება დროულად უნდა მოხდეს, რათა დაზიანებამ ფერწერულ ფენაში არ შეაღწიოს და მასზე მუშაობა დაგვიანებული არ აღმოჩნდეს.