ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული, XII საუკუნის თამარის ფრესკა და სხვა მოხატულობის ხანძრამდელ მდგომარეობამდე მიყვანა სრულიად შესაძლებელია, – ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს.
“ა.წ. 2 ნოემბერს ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩენილი ხანძრის შესახებ მასმედიის საშუალებით უკვე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ამ თემასთან მიმართებაში საზოგადოების შეშფოთება და ინტერესი ბუნებრივია და ჩვენც მათთან ერთად კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ გულის ტკივილს მომხდარის გამო.
თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავიდანვე აშკარად გამოიკვეთა ტენდენციური პოზიციაც. ითქვა, თითქოს, XII საუკუნის თამარის ფრესკა და სხვა მოხატულობა ვეღარ აღდგება, რომ ეს დანაშაული შავბნელი ძალის, – ეკლესიის, არაკომპეტენტურობიდან მომდინარეობს და ჩვენ არ უნდა გვქონდეს უფლება ისტორიული მნიშვნელობის ეკლესიებში წირვა-ლოცვის ჩატარებისა.
ზოგიერთების მხრიდან ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულება ახალი არ არის და იგი გარკვეულ მიზანს ემსახურება; ისე მათაც კარგად იციან, რომ მსგავსი შემთხვევები არაერთი მომხდარა უცხოეთშიც და საკითხი ასე არავის დაუყენებია. თუნდაც კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებული ტაძარი, უპირველეს ყოვლისა, უფლის სახლია და აქ ღვთისმსახურების აღვლენა მისი უმთავრესი დანიშნულებაა.
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ჩვენეული ინფორმაცია, რათა მათ უფრო რეალური წარმოდგენა შეექმნათ აღნიშნულთან დაკავშირებით.
გთავაზობთ ამონარიდს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ვარძიაში გაგზავნილი სპეციალისტბის დასკვნიდან, რომელიც 9 ნოემბერს გაკეთდა:
მოხატულობის ხანძრამდელ მდგომარეობამდე მიყვანა სრულიად შესაძლებელია და არ იქნება დაკავშირებული დიდ სირთულეებთან, იგი ასევე არ მოითხოვს დიდ დროსა და ხარჯებს. ამის თქმის უფლებას იძლევა მჭვარტლის მსუბუქი და მშრალი ხასიათი. აქვე აუცილებელია ითქვას, რომ მშრალი მეთოდით მჭვარტლის ჩამოწმენდის გარდა, ზამთრის სეზონიდან გამომდინარე და საკონსერვაციო მეთოდიკის დადგენამდე, დაუშვებელია გაგრძელდეს საკონსერვაციო სამუშაოები… საკონსერვაციო სამუშაოების დაწყებამდე კი უნდა შეიქმნას კომისია კვალიფიცირებული ხელოვნებათმცოდნეების, ტექნოლოგებისა და რესტავრატორთა შემადგენლობით, კულტურის სამინისტროსა და ეკლესიის წარმომადგენელთა ჩართულობით. ასევე, სასურველია, ამ კომისიის მუშაობის საწყის ეტაპზე მოწვეულ იქნას გამოცდილი უცხოელი პროფესიონალი-რესტავრატორი. კომისიამ უნდა შეიმუშაოს სარესტავრაციო მეთოდიკა და სამუშაოთა მიმდინარეობას გაუწიოს მონიტორინგი“ (ჯგუფმა, ხარაჩოების არარსებობის გამო, კამარის დათვალიერება ვერ შეძლო).
საქართველოს საპატრიარქოს ხელოვნების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, არქიტექტორი, დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, უმაღლესი კატეგოროოს მხატვარ-რესტავრატორი, პროფესორი მერაბ ბუჩუკური, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ასმათ ოქროპირიძე, თსუ-ს მეცნიერ თანამშრომელი, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ხატწერის ტექნოლოგი მურად ტყემალაძე.
ჩვენ ვეთანხმებით ამ პროცედურულ პროცესს და შევნიშნავთ იმასაც, რომ ვარძიაში 4 წელი მიმდინარეობდა ამ ეკლესიის კედლის მხატვრობის კვლევითი სამუშაოები, მაგრამ ამ ხნის მანძილზე აქ არ იქნა დაყენებული ხანძარსაწინააღმდეგო რადარები და არც სავენტილაციო სარკმელები, რაც ამ შემთხვევას თავიდან აგვაცილებდა.
ეპარქია დიდი ხანია ითხოვს ვარძიის ქვემოთ, ბერების საცხოვრისისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, კელიების აშენებას (ისინი გამოქვაბულებში მძიმე პირობებში იმყოფებიან), მაგრამ პროექტის შეთანხმება სახელმწიფო სათანადო სამსახურთან დღემდე ვერ განხორციელდა, არადა ამით სიტუაცია საგრძნობლად განიტვირთებოდა. ვერ მოხერხდა ეკლესიასა და აქ არსებულ მუზეუმს შორის ფუნქციების გამიჯვნაც.
თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არ გვქონდეს კარგი და შედეგიანი ურთიერთობა. პრობლემები ზოგადად ბევრი არის და ხშირად იგი ობიექტური მიზეზებითაცაა განპირობებული. ერთერთი მთავარი მიზეზი ისიცაა, რომ პოსტ-კომუნისტურ ეპოქაში, ათეისტური რეჟიმის შემდეგ, მრავალი ტაძრის და ნატაძრალის აღმშენებლობის პროცესის მოწმენი გავხდით, რაც გულწრფელი სიყვარულით, მაგრამ ზოგჯერ უნებართვოდ და უგემოვნოდ კეთდებოდა და იყო შემთხვევები, როცა არასწორი ნაბიჯები იდგმეოდა როგორც კერძო ინიციატივებით, ისე ჩვენი და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.
ამ რეალობის წინაშე ვდგავართ ჩვენ ყველანი, თუმცა ეს გამოუსწორებელი მდგომარეობა, ნამდვილად, არ არის.
ჩვენ თითქმის ორი წელია, რაც ხელი მოვაწერეთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან მემორანდუმს და დავადგინეთ, რომ მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით ვიმოქმედებდით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზაობას და ამასთან, მივესალმებით სხვა მეცნიერებისა და სპეციალისტების მონაწილეობას პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში”- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.