თბილისში მომხდარი სკანდალური მკვლელობიდან თითქმის სამი კვირა გავიდა. ინტერნეტ-გამოცემა „კვირამ“ იმ ბრალდებულის დედებთან ჩაწერა ინტერვიუ, რომლების შვილებმაც გამოძიების ინფორმაციით, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ჯერ მოკლეს, შემდეგ დაანაწევრეს და ცხედარი დაწვეს.
მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის ბექა შენგელიას დედა „კვირასთან“ აცხადებს, რომ მის შვილს ირმა ყოჩიაშვილი არასდროს უყვარდა და “აცხადებს, რომ ბექა არასრულწლოვან ნინასთან უფრო მეგობრობდა და მას თავადაც იცნობდა.
ირმა ბ-ი „კვირასთან“ აცხადებს, რომ მას შვილის ცხოვრების სტილიც არ მოსწონდა.
„ჩემი შვილი დამნაშავეა. თუმცა, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. რაც გამოძიებამ უკვე დადო და ნათქვამია, აქედან გამომდინარე, ჩემი შვილი დამნაშავეა. მისი მეგობრებიდან მხოლოდ ნინას ვიცნობდი.
ჩემს შვილს ხშირად ვხედავდი ნინასთან, მეც გამაცნო. გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ, რა გითხრათ. იმდენ რამეს წერენ, ტყუილია, ჩემს შვილს ირმა არ ჰყვარებია. ტყუილია, მას ირმა არ უყვარდა.
სასამართლო დაადგენს ყველაფერს. არაფრის თავი აღარ მაქვს. ჩემი შვილის ცხოვრების წესიც არ მომწონდა და ხშირად ვკამათობდით,“ – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ბრალდებულის დედა, ირმა გ-ლი, რომელიც პროფესიით სტილისტია.
„კვირას“ ინფორმაციით, ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა ბექა შენგელიამ, მას შემდეგ რაც სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, დედის პროფესია გააგრძელა. იგი სტილისტის პროფესიას დაეუფლა და მუშაობდა კიდეც.
გავრცელებული ინფორმაციით, ბექა შენგელიამ სასჯელ-აღსრულების დაწესებულება დაახლოებით 2 წლის წინ დატოვა. როგორც „კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეწყალების კომისიაში განუცხადეს, ბექა შენგელიას საპატიმრო დაწესებულება შეწყალებით არ დაუტოვებია. „კვირა“ სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, თუმცა საუბარში სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა: „ჩვენთვის ცნობილია, თუ როგორ გათავისუფლდა აღნიშნული პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, მაგრამ კომენტარს არ ვაკეთებთ.“
ბრალდებულ ბექა შენგელიას დედა მომხდარით შოკირებულია და „კვირას“ დანარჩენი კითხვები უპასუხოდ დატოვა.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებითაც, რომ მკვლელობაში ბრალდებული ბექა შენგელია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა, თუმცა “კვირას” ეს ინფორმაცია, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არ დაუდასტურეს.
მომხდარით შოკირებულია კიდევ ერთი ბრალდებულის დედაც. არასრულწლოვანი ნინა ჩ. დღემდე დუმილის უფლებას იყენებს. ნინას დედამ „კვირასთან“ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მისი შვილის დაკითხვას დაესწრო. ბრალდებულის დედას შვილზე საუბარი უჭირს. აღსანიშნავია, რომ ბრალდებული ნინა ჩ. ცნობილი მხატვრის შვილიშვილია. ნინას ბაბუა, რომელიც საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი იყო, 2005 წელს გარდაიცვალა. პროფესიით მხატვარია ნინას დედაც. იგი სხვადასხვა საყმაწვილო გამოცემების მხატვრად მუშაობდა. ბოლო დროს, კი ქართული ფილმების „გაღმა ნაპირის“ , „სიმინდის კუნძულის“ და კიდევ სხვა პოპულარული ფილმების მხატვარ-გრიმიორი იყო. ნინას მამობილი კი, ცნობილი დრამატურგი ირაკლი ს-ია. “კვირასთვის” სახელები და გვარები ცნობილია, თუმცა მათ შეგნებულად არ ასახელებს.
„ჩემი შვილი გადასარევად ფლობდა ოთხ ენას, იაპონურს, ინგლისურს, რუსულს, სადღაც რაღაცა გამომრჩა, გამომეპარა. ჩემი შვილი მთელი დღე მეცადინეობდა, ემზადებოდა. კინოხელოვნების მიმართულებით აპირებდა სწავლის გაგრძელებას. ის მუსიკით, კინო და თეატრით ცხოვრობდა და სცენაზე სხვადასხვა როლშიც თამაშობდა. გაიგეთ ჩემი პოზიციაც. ჩემთვის მთავარი, ჩემი შვილის ფსიქოლოგიაა და ის დიდი ზეგავლენის ქვეშ იყო. არ და ვერ გელაპარაკებით. რა საზოგადოებაა არ ვიცი, ეს ჩემი საქმეა. პირველ რიგში ეს ჩემი საქმეა. მე უნდა გავაკეთო ყველაფერი. მე, უნდა გავარკვიო ყველაფერი. ბოდიშს გიხდით, ამ თემაზე ვერ და არ დაგელაპარაკებით. ბოდიშს გიხდით,“ – ამბობს არასრულწლოვანი ნინა ჩ-ს დედა.
ნინა წელს სამხატვრო აკადემიაში აბარებდა. თუმცა, იგი სასწავლო დაწესებულებაში ვერ ჩაირიცხა. დედა ამბობს, რომ მისი შვილის დაკითხვას დაესწრო, თუმცა ამ საკითხზე საუბარი არ სურს.
კანონის შესაბამისად, გამომძიებელმა არასრულწლოვანი მშობლის ან პედაგოგის თანდასწრებით უნდა დაჰკითხოს.
„ჩემი შვილი არასრულწლოვანია და დიახ, ვესწრებოდი მის დაკითხვას. მეტს ვერაფერს გეტყვით“ – ამბობს დედა.
„კვირა“ არასრულწლოვანის ოჯახს სახლშიც ეწვია. თუმცა, მათ კომენტარისგან თავი შეიკავეს. კომენტარს არ აკეთებს არც ბრალდებულის ადვოკატი.
აღსანიშნავია, რომ ხელოვანების წრეში მომხდარი მკვლელობის შესახებ ბევრი საუბრობს. თუმცა, ბრალდებულ ნინა ჩ-ს შესახებ მედიასთან არავინ საუბრობს. ერთი რამ კი ცხადია, ბრალდებულის ოჯახის წევრები და ახლობლები ერთხმად აცხადებენ, რომ არასრულწლოვანი ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლია.
„უსაშინლესი ნაძირლების ხელით გაკეთებულია ეს ყველაფერი. უსაშინლესი ნაძირლების გონებრივი და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია ეს ყველაფერი. თუ ამას ვინმე გამოიძიებს და გაყვება, ეს ძალიან კარგი იქნება. მხედველობაში მაქვს ის გარემო, რომელზეც ბოლო პერიოდში საუბრობენ. ეს არის ის მოძალადე გარემო, რომელმაც ეს ბავშვები ჩაითრია.“ – აღნიშნავს ოჯახის ახლობელი.
რაც შეეხება, დედის მკვლელობაში ბრალდებულ ირმა ყ-ს, მის დამრიგებელს მისი ხსენებაც კი არ სურს. „მაგის ხსენებაც კი არ მინდა“ – ამბობს კლასის დამრიგებელი.
„კვირასთვის“ ცნობილია, რომ ირმა ყოჩიაშვლმა თბილისის 124-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. თუმცა, მას სკოლის გამოცდები არ ჩაუბარებია და ატესტატიც არ აქვს აღებული.
კიდევ ერთი დეტალი. ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეს 5 ბრალდებული ჰყავს, მათგან ორს დანაშაულის დაფარვა და შეუტყობინებლობა ბრალდება. ხუთივე მათგანს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არასრულწლოვანის გამო პროცესი დახურული იყო. როგორც „კვირას“ ერთ-ერთმა ადვოკატმა განუცხადა, იგი არ გამორიცხავს, რომ მომავალ პროცესზე დაცვის მხარემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართოს.
„საზოგადოებრივი ინტერესის გამო, არ გამოვრიცხავ რომ არასრულწლოვანის საქმე ცალკე გამოიყოს და სასამართლო განხილვა ღია გახდეს. საქმის განხილვა იმიტომ არის დახურული, რომ ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანია. სწორედ ამიტომ დაცვა ამ საკითხს შემდგომ პროცესზე დააყენებს, რომ ბრალდებულის საქმეს არასრულწლოვანის საქმე გამოეყოს,“ – აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ასაკოვანი დედა 18 წლის გოგონამ მეგობრებთან ერთად მოკლა. ფაქტთან დაკავშირებით სულ 5 პირია დაკავებული.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილის ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა – 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ – გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდეგ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა. აღნიშნულ საქმეზე განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დაკავებულ ბრალდებულთაგან ორი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მესამე ბრალდებული, არასრულწლოვანი ნინა ჩ. დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს”, -აცხადებენ შსს-ში.
წყარო: kvira.ge