ახალი ამბები მთავარი სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანის მოყვანისთვის სასჯელის გაუქმების საკითხს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მარიხუანის მოყვანისთვის სასჯელის გაუქმების საკითხს განიხილავს.  ეს განმწესრიგებელი სხდომაა და სასამართლომ სარჩელის წარმოებაში მიღება – არ მიღება უნდა გადაწყვიტოს. სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი ამ დანაშაულისთვის სასჯელის სახით ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

სარჩელი სასამართლოში  „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“  შეიტანა. იურისტების აზრით, სასამართლომ არსებითი განხილვის გარეშე უნდა ცნოს არაკონსტიტუციურად ის ნორმა, რომელიც მარიხუანის მოყვანისთვის პატიმრობას გულისხმობს.

მოსარჩელე “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წარმომადგენლის, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის ვახუშტი მენაბდეს განმარტებით, განმწესრიგებელ სხდომაზევე უნდა გადაწყდეს საკითხი და გაუქმდეს სასჯელი, რადგანაც ეს არის ბექა წიქარიშვილის საქმის გაგრძელება, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი წლის წინ იმსჯელა და მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურად მიიჩნია.

„ეს არის ფაქტობრივად კლონირებული საქმე და მიგვაჩნია, რომ იგივე სტანდარტი უნდა გავრცელდეს აქ, რაც ბექა წიქარიშვილის საქმესთან დაკავშირებით ერთი წლის წინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა არის არაკონსტიტუციური და მკაცრი სასჯელი. ფაქტობრივად, გამოდის, რომ თუ მცენარე მოჭრილია და ისე გიდევს სახლში მაშინ თავისუფლების აღკვეთა არ დაგეკისრება და თუ ქოთანში გაქვს ჩარგული, მაშინ თავისუფლების აღკვეთა დაგემუქრება. სასამართლომ უნდა იმსჯელოს თავისუფლების აღკვეთა კანაფის დათესვა-მოყვანისთვის არის თუ არა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთი დღეც კი ამ ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთა როგორც სასჯელი ეწინააღმდეგება ადამიანის პატივისა და ღირსების უფლებას“, – აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი წლის წინ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას შეძენა-შენახვის გამო პატიმრობა გააუქმა.

 

იტვირთბა....