ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

76 წლის ქალის მკვლელობის საქმე: ადვოკატი აცხადებს, რომ მის კლიენტს მკვლელობასთან შეხება არ აქვს

თბილისში რამდენიმე დღის წინ მომხდარი, 76 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, დათა კვარაცხელიას ადვოკატმა ნიკა სადრაძემ, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაასაჩივრა.

სადრაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე, დაუსაბუთებელი იყო.

„განჩინებაში ყურადღება გამახვილებულია მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეზე, რაც დაუსაბუთებელია. აღკვეთის ღონისძიების განხილვისას პროკურატურას, რაიმე სახის ინფორმაცია ან ფაქტობრივი გარემოება, რაც დაადასტურებდა დათა კვარაცხელიას მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების შესაძლებლობას, არ წარმოუდგენია. კვარაცხელია საერთოდ არ იცნობს არც ერთ მოწმეს, ისევე როგორც ისინი არ იცნობენ დათა კვარაცხელიას. ისიც აღსანიშნავია, რომ დათა კვარაცხელიას გამოძიება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენას ედავება და მუხლი, რომელიც მას აქვს წაყენებული, ასევე სასჯელის სახით ჯარიმას ითვალისწინებს”, – განაცხადა ნიკა სადრაძემ.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მოსამართლეს ასევე უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოებაც, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სუფთა წარსულის მქონეა და არაა ნასამართლევი.

”მკვლელობასთან მას არანაირი შეხება არ აქვს და პროკურატურის მხრიდან ისიც დასამტკიცებელია, რეალურად იცოდა თუ არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაულის შესახებ რამე”, – აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, 76 წლის ქალის მკვლელობა 19 ოქტომბერს მოხდა. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირსა და აღნიშნული დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 1 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ნოემბერს შეეფარდათ. შსს-ს ინფორმაციით, სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა – 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ – გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს. გამოძიება იმასაც ეჭვობს, რომ „ეს იყო რიტუალური მკვლელობა“.

იტვირთბა....